მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სანდრა რულოვსმა, მიუხედავად დეპუტატობაზე უარის თქმისა, დეპუტატის ხელფასიც აიღო და დანამატიც, ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით, ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ა(ა)იპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის_ წერს რულოვსი და შესაბამის დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.