სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველ სხდომას მართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სხდომის დასაწყისში, კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესი განმარტა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება კომისიაში წარმოდგენილი ინიციატივები, რის საფუძველზეც, მეორე სხდომისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, უკვე მომზადებული კონკრეტული კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი თავისი ალტერნატივებით. მესამე რაუნდის სხდომებზე კი, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, შედგება რედაქციული დისკუსია კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.
„ამის საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მომზადებული დოკუმენტი, კონსტიტუციური კანონპროექტი წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რის შემდეგაც დაიწყება საყოველთაო-სახალხო განხილვა და შემდეგ, უკვე საპარლამენტო მოსმენები",_განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია შეძლებს მუშაობის დასრულებას აპრილის ბოლომდე, რაც პარლამენტის დადგენილებით არის გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნება ამ სესიაზე კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება.
„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ უკვე რეფორმაზე მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროცესი ამ ვადებში მოქმედების შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მაღალი ხარისხის დოკუმენტი და ეს დოკუმენტი შევიმშაოთ მაქსიმალურად ფართო ჩართულობის საფუზველზე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. თუ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული აპრილის ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ კომისიის უფლებამოსილების ვადის გააგრძელებას",_განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.