მეცნიერი ქალბატონები საკუთარ თავს, პირობითად, "უკანასკნელ მოჰიკანს"უწოდებენ, რადგან მოხდა ისე, რომ "ახალ დროებაში" მათი უზადო განათლება და გამოცდილება, მრავალწლიანი მეცნიერული კვლევებით, შრომითა და პრაქტიკით განმტკიცებული, ვიღაცამ "უსარგებლოდ"მიიჩნია. "ოქროს კაპიტალი"კი, როგორც ასეთ მეცნიერებს უწოდებენ კლასიკურ ქვეყნებში, ოზურგეთში, ანასეულის განთქმული ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტის ახლანდელ ბაზაზე ისევ თავდაუზოგავად, უმეტესად, ენთუზიაზმით მოღვაწეობენ.
როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ახლა იმაზე საუბარი, როგორ და რატომ დაიშალა უზარმაზარი მნიშვნელობის საკავშირო ინსტიტუტი, სხვა გზით წაგვიყვანს და ურჩევნიათ, დაუსრულებლად ისაუბრონ საყვარელ საქმიანობაზე. მეცნიერ ქალბატონებს ახლა ერთი "თავსატეხი"აქვთ _ თხილის ახალ მავნებელს და იმ სოკოვან დაავადებებს აკვირდებიან, რამაც გასულ წელს ლამის მუსრი გაავლო თხილის პლანტაციებს და ბოლო წლებში ჩვენში ასე საკუთარი ინერციით დამკვიდრებულ კულტურას, სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანგელინა ნიკოლაიშვილი ოზურგეთში დაიბადა და სკოლის დამთავრებისთანავე, 16 წლისამ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში საწარმოო მუშის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. ბიოლოგიის უდიდესმა სიყვარულმა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტზე მიიყვანა. სწავლის დამთავრების შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, სამი წლის განმავლობაში "მაძიებელის" სტატუსით იღვაწა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: "კეთილშობილი დაფნის მავნებლები და მათი ენტიმოფაგები".
_ მაშინ მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი პირველად დამუშავდა და დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი. სამეცნიერო საბჭოზე, "ბიოლოგიურ მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად", მოსკოვის საატესტაციო კომისიამ იმ წელსვე დამამტკიცა. ამის შემდეგ ჩემი სამეცნიერო მუშაობა განეკუთვნებოდა კეთილშობილი დაფნის, ჩაის მცენარის, ციტრუსოვანების, დეკორატიული მცენარეების , სტევიის, აქტინიდიის, ბამბუკის და სხვა მცენარეთა მავნებლების ბიოლიოგიის და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესწავლას. ამ მცენარეთა აგროწესების შექმნაში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული და გამოქვეყნებული მაქვს 120-მდე ნაშრომი, რომელიც შეეხება სუბტროპიკული კულტურების მავნებელ დაავადებათა ბიოლოგიის შესწავლას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სისტემების შექმნას, _ გვიამბობს ქალბატონი ანგელინა.
მთავარი ნიშა მეცნიერი ქალბატონის მოღვაწეობისა არის ის, რომ აღნიშნული ათეულობით სამეცნიერო შრომის მიხედვით ხდებოდა მავნებლების წინააღმდეგ მოქმედება, როგორც სსრ კავშირის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთაც. ნაშრომები ეხებოდა ცალკეული სახეობების (მავნებლების) ბიოლოგიას, რომელთაგან ბევრი ანგელინა ნიკოლაიშვილის მიერ პირველად იქნა აღმოჩენილი სუბტროპიკულ ზონაში! ეს ეხებოდა მრავალი კარანტინული სახეობების პირველად აღწერას, მათ ბიოლოგიას და ბრძოლის მეთოდების დასახვას, რომელთაგან მთავარი ყურადღება მიქცეული იყო ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებზე; ეს იყო ჩაის მავნებლები , სულ ცოტა _ 95 სახეობა; დაფნის მავნებლები_ 100 სახეობა; ზოგადად კი, სხვადასხვა კულტურებზე მავნებლები სხვადასხვა რაოდენობით იყო, ხშირად მიკროსკოპული და თვალით უხილავი, რომლის აღმოჩენას უდიდესი გონებრივი და ფიზიკური შრომა სჭირდებოდა.
მთლიანობაში ამ სუბტროპიკული კულტურების მავნე ორგანიზმების რაოდენობა ყველა კულტურაზე შეადგენდა 900-მდე სახეობას, რაც კოლოსალური რიცხვია.
_ ერთი მავნებლის შესწავლას ზოგჯერ არა ერთი, არამედ სამი წელიც სჭირდებოდა. რამდენი უძილო ღამე და შეუსვენებელი დღე მქონია, რომ ზუსტი შედეგი მიმეღო. ეს მარტო მე კი არ მიქნია. ჩემ გვერდით იდგნენ ჩემზე მეტად ანთებული, საკუთარ საქმეზე გადაგებული მეცნიერები. ანასეულის ინსტიტუტი კორიფეთა პლაცდარმი იყო და გული მტკივა, რომ ამხელა ცოდნის მქონე მეცნიერთა არმია, დღეს უმეტესად "დაკონსერვებულია", რაც ქვეყნისთვის ასე საჭიროა და არც არასდროს იქნება ისეთი დრო, რომ ეს საჭირო არ იქნეს. სხვა საქმეა, როცა ამაზე უარს ამბობენ, _ გვეუბნება მეცნიერი ქალბატონი, რომლის შემართებამ, შეუძლებელია, დღესაც არ აღაფრთოვანოს მნახველი.
ანგელინა ნიკოლაიშვილი ანასეულის ინსტიტუტში 10 წელი მუშაობდა მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. ენტომოლოგთა მსოფლიო კონფერენციებზე თუ საკოორდინაციო შეხვედრებზე მაშინდელი სსრკ-ს მასშტაბით, მუდამ მონაწილეობდა და სტუმრობდა ტაშკენტს, ლენინგრადს, ბაქოს, ერევანს, კიშინიოვს თუ სხვა ქალაქებს. ასევე ხშირად დადიოდა ამიერვკასიის საკოორდინაციო თათბირებზე, ხოლო მისი შრომები ქვეყნდებოდა ჟურნალში: "სუბტროპიკულ კულტურები", რომელიც მაშინ მსოფლიოს 90 ქვეყანაში ვრცელდებოდა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
_ მიუხედავად იმისა, რომ თავს არ ვზოგავდით და უამრავი მიკროსკოპული დაავადება აღმოგვიჩენია, რაც მცენარეს მხოლოდ განადგურებას უქადდა, მიღწეულ წარმატება არასოდეს მაკმაყოფილებდა. ყოველდღე ახლის ძიებისკენ მივისწრაფვოდი. მაგალითად, ჩაის მავნებლებს კრასნოდარის მხარეში და აზერბაიჯანშიც ვაკვირდებოდი. შუა აზიაში ლიმონი ტრანშეებშია მოთავსებული. დასაკვირვებლად დუშანბეშიც ჩავედი. ჩვენგან იქ ლიმონი შეფუთული სახით იგზავნებოდა. ამასთან ერთად ვუგზავნილით რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოევლოთ დახურული გრუნტის პირობებში, _ იხსენებს ქალბატონი ანგელინა და ამბობს, რომ იყო არაჩვეულებრივი მეგობრული გარემო, როცა ყველას უხაროდა ერთმანეთის წარმატება… თაობათა ცვლა არ ხდება. პროფესიები იკარგება. ჯერ კიდევ ინერციით მიდის საქმე, თუმცა, უკვე დაეტყო გარემოს, თურმე როგორი საჭირო ყოფილა ჩვენი პროფესია. თურმე, როგორი საჭირო ყოფილა ამდენი კვლევა, ერთი მავნებლის აღმოსაჩენად რომ წლების მანძილზე ვიბრძოდით!
სოფლის მეურნეობის ასოცირებული დოქტორი, მეცნიერი ქალბატონი ცისანა ქაშაკაშვილი, რომელიც ახლა ანგელინა ნიკოლაიშვილთან ერთად სრული მობილიზებით აგრძელებს მოღვაწეობას და მათი შრომა ძირითადად ენთუზიაზმს ეყრდნობა, ხშირად იფიქრებ, რა ძალა აქვს ასეთი საკუთარი პროფესიის სიყვარულს, რომელიც მეტ წილს შენი საქმიდან უანგაროდ გაკეთებინებს! იღწვიან და არ დაეძებენ, არის თუ არა ვინმე მადლიერი, კონკრეტული ადამიანი იქნება ეს თუ მის უდიდებულესობა _ სახელმწიფო!
თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში დაიბადა. აქვე ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი წარჩინებით დაასრულა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და იმავე 1963 წელს მუშაობა დაიწყო ანასეულის ცნობილ კვლევით ინსტიტუტში, სელექციის განყოფილებაში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მალე ასპირანტურაშიც ჩააბარა სელექციის განხრით და დაიცვა დისერტრაცია თემაზე: "მასლეკოგამძლეობის მემკვიდრეობის შესწავლა ლიმონის სახეობათა შორის ჰიბრიდების F1 თაობაში". 1983 წლიდან უფროსი მეცნიერ-მუშაკი გახდა და მას შემდეგ 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა ციტრუსოვანებსა და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. ასევე უცხოეთში გამოაქვეყნა ნაშრომი ქობულეთის იმუნიტეტის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად.
ლიმონის ახალი ფორმა _ "ბჟუჟი", რომელიც ქალბატონმა ცისანამ მიიღო, ხასიათდება მაღალი მასლენკო გამძლეობით, უხვმოსავლიანობით და საუკეთესო ორგანულ-ლეპტიკური თვისებებით. ლიმონის ეს სახეობა მან მიიღო ვილაფრანკასა და მეიერის შეჯვარების მეთოდით. ამ ჰიბრიდმა იმავე წელს მოსკოვში გამოფენაზე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა! ასევე ქალბატონ ცისანა ქაშაკაშვილს ეკუთვნის მსხვილნაყოფა ფეიჰოას სახეობის გამოყვანა, რომელიც სელექციის მეთოდით მიიღო და თესლით მიღებულ ნათესავებში გამორჩეულია. ამბობს, რომ ფეიჰოა ჯერ ამერიკიდან აჭარაში შემოიტანეს, შემდეგ კი ხალხმა თესლით გაამრავლა. ასეთი გავრცელების დროს კი სულ სხვადასხვა სახეობა (სხვადასხვა ზომის) მიიღება.
_ფეიჰოას მილიონობით ნათესარები გვქონდა. აქედან ვარჩევდით საუკეთესო ფორმებს. ასევე გვქონდა ცალკე სასელექციო ნაკვეთი, სადაც ვაკეთებდით ანალიზს, ხდებოდა ჯიშთა გამოცდა, რომ გამოგვერჩია საუკეთესო ფორმები. ამის შემდეგ კი გამოცდილება გადაეცემოდა მეურნეობებს და ხდებოდა ჯიშების გავრცელება.
თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე ცისანა ქაშაკაშვილი ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტშიც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არაერთხელ იყო ოპონენტი აახალგაზრდა მეცნიერებისა, რომლებიც სადოქტორო დისერტაციას იცავდნენ. როცა ვინმეს ვეხმარები, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, მგონია, რომ ეს სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანისთვის გამიწვდია დახმარების ხელი და ამით ვსულდგმულობო, _ ამბობს ის.
ორი მეცნიერი ქალბატონი, რომლებიც ხუმრობენ, რომ "უკანასკნელი მოჰიკანის" ხვედრისანი გახდნენ არაერთ მეცნიერთან ერთად, დროს არ კარგავენ და განსაკუთრებული ძალისხმევით მუშაობენ თხილის კულტურაზე. აინტერესებთ თხილის ყვავილობა!
_ ჩვენ მუდამ ვიბრძოდით, ოღონდ მშვიდობიანი ფორმით! ვსწავლობდით და ვიკვლევდით უთვალავ ისეთ მავნებლებსა თუ დაავადებათა სახეობებს, რომლებიც ციტრუსოვანებს თუ სრულიად სუბტროპიკულ კულტურებს სერიოზულ საფრთხეს უქადდა. კეთდებოდა უდიდესი საქმე. რამდენიც უნდა იძახონ, რომ "იმ დროებაში"არაფერი კეთდებოდა, ახლანდელი დროება უფრო კარგად დაგვანახებს, თურმე როგორ საჭირო ყოფილა ის, რაც კეთდებოდა! ახლა თხილის ყვავილობას უნდა დავაკვირდეთ! ნახეთ, ძალზე საშიში მეგალე ტკიპა შევიდა ყვავილში, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორ შედის! აუცილებლად უნდა შევისწავლოთ და შედეგი დავდოთ! მეგალე ტკიპის შესვლის შემდეგ, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესში, მას შეჰყვა სოკოვანი დაავადებაც და გული გაუფუჭა, დაალპო ნაყოფი. როგორც ვიცით, გასულ წელს თხილს ნაყოფი უმეტესად დამპალი ჰქონდა, _ გვეუბნება ქალბატონი ცისანა. გვითხრა ისიც, რომ რომ ეს ახალი მავნებელი დაჭერილი ჰყავთ და ყველანაირად დააკვირდებიან. მეცნიერ ქალბატონებს ახლა უდიდესი ინტერესი აქვთ, გაარკვიონ, როგორ შედის მეგალე ტკიპა თხილის ყვავილში, რომელიც მერე წუწნის სანაყოფე მასას, მის კვალს კი მიჰყვება სოკოვანი დაავადება, წვიმის თუ ქარის მეშვეობით, ადვილად აღწევს ნაყოფში და ალპობს. შედეგი კი სავალალოა _ თხილის პლანტაციებში მოსავალი განადგურდა და რაც მოიკრიფა, უმეტესად უხარისხო და დამპალი იყო! საყურადღებოა ფაქტი _ მცენარეზე ერთბაშად დასახლდა როგორც საშიში მავნებელი, ისე სოკოვანი დაავადებაც!
დღევანდელი ბრძოლის მიზანი, რაც ჩვენს რესპოდენტ ქალბატონებს აქვთ დასახული, არანაკლებია, ვიდრე ის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა, ათეულობით დისერტაცია თუ სამეცნიერო ხარისხი, რაც მათ ბიოგრაფიას ამშვენებს.