2010 წლის 23 თებერვალს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელისუფლებამ ხელშეკრულება გაუფორმა ინდმეწარმე თამაზ ტრაპაიძეს. ტრაპაიძემ აიღო ვალდებულება, რომ 77 803 ლარად შეასრულებდა შუაფარცხმის წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტრაპაიძე ვალდებული იყო, ნაკისრი ვალდებულებები 2010 წლის 30 მაისამდე (ანუ, თვითმართველობის არჩევნებამდე) შეესრულებინა. პროექტის თანახმად, წყალი მხოლოდ შუაფარცხმელების ნაწილისთვის იყო განკუთვნილი. წყალსადენის მთლიანი სიგრძე 10 500 გრძივი მეტრია, პროექტის თანახმად კი, წყალსადენის 4 420 გრძივ მეტრს გაუკეთდა რეაბილიტაცია. თუმცა, წყალმა დაბის ტერიტორიაზე ჩააღწია და ამის გამო, ფარცხმელებს წყალი იმ წნევით არ მიეწოდათ, როგორსაც ელოდნენ, ზოგს კი სულაც შეუწყდა.
ჩვენი გაზეთი ამ პრობლემის შესახებ რამდენიმეჯერ წერდა. “გურია ნიუსის” 2010 წლის 17 ივნისის 47-ე ნომერში ვკითხულობთ: “პროექტის თანახმად, წყალი შუაფარცხმელებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა, ჭავჭავაძის მთელი ქუჩა მოიცვა. ამის მიზეზი კარგად ვიცით _ გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს და მასაც ხომ უნდა შეეყვანა წყალი სახლში?! გვითხრეს, ეკლესიას წყალი არ აქვსო და ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გავთხარეთ არხები, ეკლესია რომ უწყლოდ არ დარჩენილიყო. ახლა კი გავიგეთ, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის აუყვანიათ მესამე სართულზე წყალი. ეს კი პროექტში არ ეწერა. ისიც ვერ გავიგეთ, რაში დაიხარჯა ამხელა თანხა, როცა სოფელს წყალი თითქმის არ მიეწოდება,” _ ამბობდნენ შუაფარხმელები 2010 წელს “გურია ნიუსთან” საუბარში.
იმავე პერიოდში გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე (იგი დღესაც ამავე თანამდებობაზეა) ადასტურებდა, რომ შუაფარცხმის წყალსადენის პროექტით წყლის მიწოდება მხოლოდ შუაფარცხმელებისთვის იყო გათვალისწინებული: “წყალი ფარცხმის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყო და დაბის ტერიტორიაზე არ უნდა გასულიყო,” _ აკონკრეტებდა კორიფაძე და დასძენდა, რომ წყალი მის სახლთან არ უნდა ჩამოსულიყო.
ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე მრელაშვილი აღნიშნავდა, რომ მართალია, სოფელს წყალი არ მიეწოდება (2010 წლის 17 ივნისის მდგომარეობით), მაგრამ მთავარი საქმის დაწყება გახლდათ: “წყალი ისეთი თემაა, მთავარია, უმტკივნეულოდ მოგვარდეს ეს პრობლემა. 10 დღე გვჭირდება(?!), რეალური სურათი რომ დავდოთ. არის ოჯახები ჩვენს სოფელში, რომლებიც წყლის გარეშე დარჩნენ, ელემენტარულად მათთან წყალი ვერ მივიყვანეთ. 140 000-იან პროექტს 80 000-ში რომ ვერ გააკეთებ, ფაქტია. ჩვენ ამ ხალხს ავუხსენით, რომ მთავარია დაგვეწყო. ესეც რომ არ დაგვეწყო, მთელს სოფელს ძალიან ცუდად ექნებოდა საქმე. როგორც დეპუტატს, მქონდა სოფელთან შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ, ამ თემებზე ვისაუბრეთ მოსახლეობასთან და მათ კატეგორიული მოთხოვნა არ აქვთ (?!). ეს ხალხი ამბობს ერთს _ ჩემთან არ მოდის წყალი”, _ ამბობდა მრელაშვილი 2010 წლის 17 ივნისს.
თუმცა, დეპუტატის 10 დღე, რომელიც მრელაშვილმა შუაფარცხმელების საჯარო პროტესტის შემდეგ დაასახელა, ასორმოცდაათად იქცა _ აღნიშნული საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ, 2010 წლის 10 ნოემბერს, ინდმეწარმე თენგიზ ჯინჭარაძესთან, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჯინჭარაძეს შუაფარცხმის წყალმომარაგების სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა და ამისთვის 13 685 ლარი მიიღო. იმავე წლის 22 დეკემბერს, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (აქტი ნომერი 01), ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდა. თუმცა, პრობლემები მაინც არ მოგვარდა.
ამიტომ, 2011 წლის 21 ნოემბერს ანტონ ხუნდაძესა და ინდმეწარმე ბიძინა ძნელაძეს შორის ხელშეკრულება 37 776 ლარზე დაიდო, რომლის თანახმად შუაფარცხმის წყალსადენის სათავე ნაგებობა, რეზერვუარის მკვებავი მილი და შიდა ქსელი უნდა მოწყობილიყო. მართალია ვადაგადაცილებით, მაგრამ სამუშაოები მაინც დასრულდა.
“გურია ნიუსმა” გასულ სამშაბათს შესრულებული სამუშაო დაათვალიერა და სცადა, გაერკვია, რატომ არ მიეწოდება შუაფარცხმელებს წყალი 24 საათის განმავლობაში, როცა ამის პირობას ხელისუფლება რამდენიმე წელია დებდა.
ამ ეტაპზე, წყალსადენიდან, რომელიც 3 წელია კეთდება და რომლის შეკეთების ღირებულებამ 100 000 ლარს უკვე გადააჭარბა, შუაფარცხმელებს წყალი მხოლოდ 1 საათით მიეწოდება _ დილის 7 საათიდან 8 საათამდე.
ხელისუფლება განმარტავს, რომ ამის მიზეზი დებეტის არქონაა, რაც, თავიდანვე უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა, ადგილზე მისულებს სხვა სურათი დაგვხვდა _ აუზში წყალი არც თუ ცოტა რაოდენობით იყო.
წყლის სათავე ნაგებობა კლდის ძირას არის მოწყობილი და იქ მისასვლელად ციცაბო ბილიკით რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა იარო. “გურია ნიუსს” მეგზურობა გოჩა ბერძენიშვილმა გაუწია _ სწორედ მას აბარია წყალსადენის მოვლა-პატრონობა და სოფელი ამაში ხელფასს უხდის.
სათავე ნაგებობიდან წამოსული მილები მართლაც გამართული და მოწესრიგებულია. მოწყობილია საქლორატორო, წყალიც ნორმალურად მოდის, თუმცა, ბერძენიშვილის განმარტებით, გვალვების დროს, მთელი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება ვერ მოხერხდება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამოსავალი აქაც არსებობს _ ბერძენიშვილის თქმით, სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგება შესაძლებელია. ამისთვის კი რამდენიმე მეტრი მილია საჭირო, რომელიც აუზს შეუერთდება: _ ღელის წყალს ეძახიან და ამ წყლით 6 ოჯახი, დიდი ხანია, სარგებლობს. ძველი გაყვანილობაა და ახალს არ მიერთებია. თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წყალი, რომელიც სუფთაა და კლდიდან გამოდის, ამ ავზს მიერთებოდა, თუმცა, არ გააკეთეს. არადა, ეს რომ ცენტრალურ აუზს მივუერთოთ, პირობას ვდებ, რომ შუაფარცხმელებს, მინიმუმ 18 საათი უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ამ წყალს ცენტრალური აუზს ვერ მიუერთებენ, რადგან არავინ იცის, დაბინძურებულია თუ არა ის. კითხვაზე, რატომ არ სინჯავენ ამ წყალს და რატომ არ აკეთებენ მაქსიმუმს სოფლის პრობლემის მოსაგვარებლად, არ გვპასუხობენ, თუმცა, არაოფიციალურ საუბრებში აღნიშნავენ, რომ წყლის გასინჯვის თანხები ბიუჯეტში არ დევს!
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯილდა მაჭავარიანი კი ამბობს, რომ წყლის შემოწმება დიდ თანხებთან სულაც არ არის დაკავშირებული: _ არანაირი პრობლემა ამაში არ არის. უბრალოდ, გაერთიანებულ წყალმომარაგებას მხოლოდ ქალაქები ეკუთვნის, სოფლის წყალსადენები კი მუნიციპალიტეტების ბალანსზეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დახმარება არ შეგვიძლია. ბევრგან სარგებლობენ “ღელისწყლით”, რომელიც სასმელადაც ვარგა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საჭიროა პროექტი და ადგილზე სპეციალისტების გასვლა. არანაირი პრობლემა ამაში არ არის, _ ამბობს მაჭავარიანი.
იგივეს ამბობს ოზურგეთისა და ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ვანო ტაბატაძე. მის თქმით, თუკი იქნება დავალება, წყლის შემოწმება პრობლემა არ იქნება: _ ეს ძალიან მარტივი რამ არის _ ავიღებთ სინჯს, გავაგზავნით ფოთის ლაბორატორიაში და დადგინდება, ვარგისია თუ არა კონკრეტული წყალი სასმელად, _ აღნიშნა ტაბატაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ წყალსადენთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა მოუგვარებელია _ როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, თავიდანვე პროექტი არასწორად გაკეთდა და სოფლისთვის განკუთვნილმა წყალმა დაბის ტერიტორიაზე ჩამოაღწია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე დაბის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა, შუაფარცხმის წყალი მის სახლამდეც მივიდა. მისი სახლის წინ კი ჩასახვევში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც საბინაო წიგნებში მისამართად შუაფარცხმა უწერიათ, წყალი არ მიუყვანეს. თუ რატომ, არავინ იცის. ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფლებას აქვს და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ.
უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს: _ თუ კორიფაძის სახლში შეიყვანეს და კიდევ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც არ ეკუთვნოდა, მიუყვანეს, ჩვენ რატომ დაგვტოვეს? ჩვენს მეზობელს, რომელიც დაბის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შუაფარცხმის წყალი აქვს, ჩვენ კი _ არა. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ვართ დაახლოებულნი. ახლა დამისამართება გააკეთეს და ეს შესახვევი დაბას ეკუთვნისო. თუ მართლაც მასეა, მაშინ წყალი იქ გადაჭრან, სადაც შუაფარცხმა მთავრდება და არც კორიფაძეს და არც სხვას, ვისაც არ ეკუთვნის, არ მისცენ, _ აღნიშნავენ უწყლოდ დარჩენილი ოჯახები.
P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი დაგვიკავშირდა. მისი თქმით, ხვალ (საუბარი ჩაწერილია 24 ივლისს) სპეციალისტები “ღელისწყლის” სინჯს აიღებენ, ლაბორატორიაში გააგზავნიან: _ იმ შემთხვევაში, თუკი ის სასმელად გამოდგება, ცენტრალურ ავზს მიაერთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შუაფარცხმელებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ, _ ამბობს იმედაშვილი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რატომ არ მოხერხდა სინჯის აღება ამდენი ხნის მანძილზე.