კვლევაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სადაზღევო კომპანია ”ალფას”, რომელზედაც ბენეფიციართა უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის.
კვლევის მონაცემებით, მიედიაციის სამსახურში შეტანილი 15 განცხადებიდან, 14 ეხებოდა “ავერსის” შვილობილ სადაზღვევო კომპანია “ალფას”. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სადაზღვევო კომპანიებს ”იმედი -ელს”, “აი -სი გრუპს” და “ჯი-პი-აი” ჰოლდინგს გაცილებით მეტი ბენეფიციარი ჰყავთ, მედიაციის სამსახურში შესული განცხადებების 93% სწორედ “ალფაზე” მოდის.
სადაზღევო კომპანიის თანამშრომელმა, რომელმაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მკვლევარს ანონიმურად დარჩენა სთხოვა, აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა მითითებას აძლევს თანამშრომლებს, რაც შეიძლება მეტ ბენეფიციარს უთხრან მომსახურებაზე უარი.
იგივე სადაზღვევო კომპანია სხვადასხვა მიზეზებით უარს ამბობს გართულებული ორსულობების მკურნალობაზე მაშინაც კი, როდესაც ამას სადაზღვევო პაკეტი ფარავს.
“ალფას” სადაზღვევო პაკეტით მოსარგებლეებს თვეობით უწევთ ლოდინი არა მარტო ქირურგიული ოპერაციების, არამედ ულტრასონოგრაფიული გამოკვლევების ჩასატარებლადაც კი. პრობლემები ექმნებათ არა მარტო სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს, არამედ ინდივიდუალურ და კორპორატიულ კლიენტებსაც. ერთ-ერთი ანონიმი რესპოდენტი აცხადებს, რომ ამბულატორიული მკურნალობის რეალური ლიმიტი 400 ლარია, მის პაკეტში მითითებული 600 ლარის ნაცვლად.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მკვლევარ მიხეილ კუკავას განცხადებით, ეს კომპანია უხეშად არღვევს მთავრობის დადგენილებას ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
“ამ დადგენილებით სახელწიფო ბენეფიციარებს 50%-იან თანადაფინანსებას სთავაზობს 50 ლარამდე ღირებულების იმ წამლებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებულ ნუსხაშია შეტანილი. სადაზღევო კომპანია “ალფა” ბენეფიციარებს ეუბნება,რომ ამ წამლების შეძენა მხოლოდ ავერსის აფთიაქებში შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ბენეფიციარი ვერასდროს იყიდის წამალს, რომელიც ავერსის სააფთიაქო ქსელში არ იქნება და გარდა ამისა, მას არ ეძლევა საშუალება იგივე წამალი სხვა აფთიაქში უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინოს”.
“ალფას” მიერ სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა უფლებების შელახვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა, თუმცა ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.