ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონო გადაწყვეტილება იყო შემდეგ გარემოებათა გამო:
_ „მაესტროს“ ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია; სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას, არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს.
_ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, ბუნდოვანია. კერძოდ, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი საუბრობს კორუფციული ქონების დაყადაღების შესაძლებლობაზე, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს კორუფციული ქონების განმარტებას; ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ასაბუთებს, თუ რატომ არის „მაესტროს“ ქონება კორუფციული;
_ „მაესტროს“ არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება. ვინაიდან მაესტრო არ არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ აქვს უფლება, მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალებს; შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს; ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული, უკანონოდ მოპოვებული და ა.შ.
_ სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქონების დაყადაღება მაესტროს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. ამასთან, იქმნება შპს „სტუდია მაესტროს“ საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე; საიას განცხადებით გამოძიება შესაძლოა 6 წელი გაგრძელდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანია კუთვნილი ქონებით კიდევ დიდხანს ვერ ისარგებლებს.
_ 2012 წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის – შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ ქონებას – სატელიტურ ანტენებსა და სხვა ტექნიკურ მოწყობილობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაესტროს, ისევე როგორც „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. „გლობალ კონტაქტს კონსალტინგის“ ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადმოცემაზე.
”სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე, _ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.”