ერთი _ ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რისთვისაც 16 420 ლარი დაიხარჯა და მეორე _ ნომერ მეორე ჩაის ფაბრიკასთან, რომლის ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2 672 ლარია. 16 420 ლარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან გაფორმდა. დღეს ამ სტადიონზე არც ბალახის საფარია, არც განათება და არც კარის ბადეები. რაც შეეხება მეორე სტადიონს, ხელშეკრულება ინდმეწარმე ზურაბ ცინცაძესთან დაიდო და როგორც ადგილებზე მისულებმა ვნახეთ, სტადიონი მხოლოდ შემოიღობა.
ფარცხმელები ამბობენ, რომ მათი ინტერესების გათვალისწინება, სოფლის პრიორიტეტების განხილვისას ნაკლებად ხდება. ასახელებენ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას _ შიდა გზებს, გარე განათებას, გაზიფიკაციას, უწყლობას, რომელთა მოგვარება ამდენი წელია ვერ შეძლო ხელისუფლებამ.
2011 წელს, ზემო ფარცხმაში სოფლის პრიორიტეტად კლუბის სარიტუალო დარბაზად გადაკეთება დასახელდა. ხელშეკრულება ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან ორ ეტაპად გაფორმდა. ერთი _ 16 692-ლარიანი, ხოლო მეორე _ 3 004-ლარიანი. აღნიშნული სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტებიც გაფორმდა.
ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სახურავიდან დაზიანებული თუნუქის ფურცლები მოიხსნა, გამოიტეხა პარაპეტის კედელი წყლის ჩამომყვანი მილების მოსაწყობად, მოეწყო სახურავის საფარი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, გაკეთდა წყალშემკრები მილები, დაისხა ბეტონის იატაკი, დამონტაჟდა ახალი ელექტროგაყვანილობა და ბრები. ამ სამუშაოებისთვის 19 696 ლარი დაიხარჯა.
იმის გადასამოწმებლად, რეალურად შესრულდა თუ არა 19 696 ლარის ღირებულების სამუშაო, დარბაზის დათვალიერება გადავწყვიტეთ, თუმცა, ამის საშუალება ფარცხმის რწმუნებულმა, გია ცინცაძემ არ მოგვცა:
_ გამგეობას მიმართეთ და ის გეტყვით ყველაფერს. მე არ ვარ ანგარიშვალდებული, ანგარიში ჩაგაბაროთ.
_ რას ნიშნავს ანგარიშვალდებული არ ხართ? იცით, საერთოდ, რა არის თქვენი ვალდებულება?
_ კი, მაგრამ არ მინდა თქმა. რა, ლექტორი ხართ და გამოცდას მიწყობთ?
_ მე ჟურნალისტი ვარ და კითხვებს გისვამთ…
_ არ გიპასუხებთ.
_ რატომ?
_ აი, იმიტომ.
_ მიზეზი არ გაქვთ?
_ მიზეზი არის _ იმიტომ. მორჩა და გათავდა, _ ამ პასუხებს გამგებელი სიცილით გვაძლევდა, რამაც ჩვენი გულწრფელი გაოცება გამოიწვია.
_ რა გაცინებთ, ბატონო გია? ხომ ყველაფერი კარგად არის?
_ ეგეც თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ ვიცინი?
_ ჩვენ ძალიან სერიოზულ თემაზე, ხალხის ფულის ხარჯვის მიზნობრიობაზე ვსაუბრობთ და სასაცილო აქ არაფერია!
_ გაარკვიეთ მერე, რაც გინდათ.
_ სწორედ მაგის გასარკვევად მოვედით თქვენთან… თუნდაც იმის დასადგენად, რომ 16 420-ლარიანი სტადიონი დღეს არაფრად ვარგა და ნამდვილად არ ეტყობა, რომ ამდენი თანხა დაიხარჯა მის მოწყობაზე.
_ არ ვარგა და არ ვარგა!
_ და, რომ არ ვარგა, ეს მნიშვნელოვანი არ არის? როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ სტადიონზე, 16 420 ლარი რეალურად არის დახარჯული?
_ არ ვიცი.
_ და არც გაინტერესებთ?
_ მე რაც მაინტერესებს, ეგ კარგად ვიცი. თქვენ კი არ დაგელაპარაკებით, _ ამბობს ცინცაძე და არდალაპარაკების მიზეზად “გურია ნიუსის” პოლიტიზებას ასახელებს.
_ თქვენი გაზეთი პოლიტიზებულია, თქვენც პოლიტიზირებული ხართ. არადა, ეთიკის კოდექსში გიწერიათ, რომ არ შეიძლება ჟურნალისტი პოლიტიზირებული იყოს. ამიტომ არ დაგელაპარაკებით, _ განმარტავს ცინცაძე, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, რაში გამოიხატება ჩვენი პოლიტიზება.
მას შემდეგ, რაც “პოლიტიზირებულ” ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა, გადავწყვიტე, ფარცხმის რწმუნებულს როგორც ფარცხმის მცხოვრები, ისე გავსაუბრებოდი, თუმცა, ცინცაძემ ამაზეც უარი თქვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩემთან ანგარიშვალდებული არ იყო და ჩვენ კუთვნილ ფულზე და ხარჯვის მიზნობრიობაზე პასუხი არ უნდა მომეთხოვა. რწმუნებულმა ისიც აღნიშნა, რომ როგორც მოქალაქეს, საუბრის ჩაწერის უფლება არ მქონდა და დასძინა:
_ იწერთ, ხომ იწერ? კარგად ჩაიწერეთ _ თქვენ არ გესაუბრებით იმიტომ, რომ პოლიტიზირებულები ხართ, _ გვითხრა ცინცაძემ და კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, მისი პოლიტიზების შესახებ. მან არც ის დაადასტურა, რომ იმ ოჯახებში, რომლებმაც “გლობალ ტვ”-ის ანტენები დადგეს, კარდაკარ ჩამოიარა და ანტენების მოხსნის ბრძანება გასცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსახლეობას დახმარების მოხსნით დაემუქრა.
სოფელ ფარცხმის რწმუნებულმა, საუბრის ბოლოს დასძინა, რომ დილის 6 საათზე ადგა, თხილები მოიარა და შემდეგ, დაღლილი ხელებით სამსახურში საქმის საკეთებლად მოვიდა. ეს საქმე კი, როგორც თავად ამბობს, მოსახლეობაში პოლისების დარიგებაა.
არადა, პოლისების დარიგებასთან ერთად, რომელიც პენსიონერებისთვისაა განკუთვნილი და რომელიც პენსიონერებს, თურმე, მშობიარობასაც აუნაზღაურებს (ეს პოლისები სექტემბერში გააქტიურდება), ფარცხმაში მართლაც ბევრი გასაკეთებელი საქმეა.
_ სოფლების გაზიფიკაცია უკვე მიმდინარეობს. კონკრეტულად ეს სოფელი უკვე გადასულია ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე და სამუშაოები დასრულდა. ამჟამად წყლის პრობლემა, გაზიფიკაცია და ყველა ის საკითხია პრობლემატური, რომელიც თითქმის ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის არის დამახასიათებელი. წყლის საკითხს უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ, გაზიფიკაციის პრობლემას კი წლის ბოლომდე გადავჭრით. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს 2-3 წელში ბოლომდე მივიყვანოთ და დავასრულოთ ყველა ის პროექტები, რომელიც ყველა სოფელში დავიწყეთ, _ ეს დაპირება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, მიმდინარე წლის 9 თებერვალს მისცა ფერმერებს.
უფრო ადრე კი, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ანალოგიური დაპირება ფარცხმელებს პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ბალავაძემაც მისცა.
ფარცხმელები დღეს ამ დაპირებებს კიდევ ერთხელ იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ დაპირებები და შეუსრულებელი საქმეები არ ილევა.
მიმდინარე წელს, ზემო ფარცხმაში რამდენიმე მიმართულებით გზის შეკეთების სამუშაოებია დაგეგმილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების არქონის გამო, გზების მოხრეშვას აზრი არ აქვს. ამბობენ იმასაც, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი, სარიტუალო დარბაზისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და წყალმომარაგება იყო, თუმცა, ეს მოთხოვნა არავის გაუთვალისწინებია.