ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება რულოვსის დაცვამ არ მოგვცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენლის, თაკო გოფოძის თქმით, თვითონ იღებენ კადრებს და შემდეგ, ამავე სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდება მასალა.
პირველი ლედის ვიზიტის დროს, რამდენიმე ადამიანს სურვილი გაუჩნდა, მისთვის წერილი გადაეცა. პირველი ლედისთვის განკუთვნილ წერილებს დაცვის სამსახურის თანამშრომლები იღებდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში მცხოვრები პეტრე სურმანიძის თქმით, მას მხედველობის პრობლემა აქვს, ასევე პრობლემები აქვს ხელსა და ფეხზე:
_ არანაირი საშუალება მე არ მაქვს. 70 ლარს ვიღებ მხოლოდ, ჯერ პენსიონერი არ ვარ. ჩემი პრობლემების შესახებ ჩამოვწერე ქაღალდზე და მინდა, რომ სანდრა რულოვსს გადავცე, _ გვითხრა პეტრე სურმანიძემ.
“მედალფას” გენერალური დირექტორის მოადგილის ლევან ანთაძის თქმით: “სანდრა რულოვსმა იკითხა, რა ხდება სამედიცინო ცენტრში, როგორ ვმუშაობთ და ასევე, როგორ ვემზადებით პირველი სექტემბრისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, გვემატება იმაზე მეტი დაზღვეული, რაც ადრე გვქონდა _ პენსიონერები, 6 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ინვალიდები,” _ გვითხრა ლევან ანთაძემ.