_ ასეთი იყო მთავარი მესიჯი, რომელიც პოლიტიკური კოალიციის “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” ოზურგეთის ორგანიზაციის შტაბში, ოზურგეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზვიად კვაჭანტირაძემ და შტაბის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანეს.
ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიანიშნებს, რომ ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის დამოკიდებულება ხალხის, ამომრჩევლის და ზოგადად, საზოგადოების მიმართ, კვლავ დამამცირებელია, დაშინებაზე, იძულებაზე, მოსყიდვასა და დემაგოგიაზეა დამყარებული. კვაჭანტირაძის განცხადებით, 1 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, იზრდება სახელისუფლებო მანქანის წნეხის ზეწოლა მათ შიდა სტრუქტურებზე. ეს პროცესი, ამავე დროს, განაპირობებს მოქალაქეთა მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ სოლიდარობის ზრდას.
_”უამრავი ადამიანი გვაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ფაქტების შესახებ, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე (სოფლებში) ორგანიზებულ ე.წ. სალონური ტიპის შეხვედრებზე, სადაც კონკრეტულ ოჯახში გამართულ პურმარილზე მიწვეულია ნაცმოძრაობის აქტივი; ასეთ შეხვედრებზე კეთდება არსებული მდგომარეობის ანალიზი, იკრიბება ინფორმაცია ქართული ოცნების მხარდამჭერთა შესახებ, ნაწილდება ნაღდი ფულიც. საქმიანობა იგეგმება ორი ძირითადი მიმართულებით: საარჩევნო უბანზე გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი და მისი განაწილება პრიორიტეტების მიხედვით და ოცნების მხარდამჭერთა მიმართ ზეწოლა, რაც სპეციალურმა სამსახურებმა უნდა განახორციელონ,” _ აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი თქმით “ნაცმოძრაობის” უმთავრესი საქმიანობა სახელისუფლებლო მაღალჩინოსანთა კაბინეტებში მიმდინარეობს, სადაც თავს იყრის და კომპლექტდება ,,ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ერთიანი სია”.
_”ამას ემატება პატიმართა და პრობაციონერთა ჭირისუფლების მიერ შექმნილი სიები, პირდაპირი მოსყიდვით შექმნილი სიები. ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება, რა დროსაც, არ გამოვრიცხავთ ამ ყალბი ფსევდომხარდამჭერთა ხელმოწერებით ,,გამაგრებული “ პარალელური სიების საფუძველზე, ასევე პარალელური და ყალბი საარჩევნო ყუთების არსებობას, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან მიღებულ რეალურ ყუთებს ჩაანაცვლებენ.
მსგავსი სცენარით მოვლენათა განვითარების პრევენციის მიზნით, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბს გააჩნია ზუსტი მონაცემები საარჩევნო სუბიექტის ,,ბიძინა ივანიშვილი – ,,ქართული ოცნების” და მისი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერთა და მათი საარჩევნო აქტივობის შესახებ.
_ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ამ ინფორმაციის მონიტორინგს და ასეთი ინფორმაციების ნაკადი დღითიდღე იზრდება, _ აცხადებს კვაჭანტირაძე.
მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, სოფელ ბახვში, ერთერთ საარჩევნო შეხვედრაზე, ხელისუფლება პირდაპირ პროვოკაციაზე გადავიდა:
“თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. სოფელი ბახვი არის უპირველესად ბახველების სოფელი, ზვიად ცეცხლაძის, გოგი დოლიძის, გაბრიელ ქიქოძის სოფელი. სპეკულირება იმით, რომ მე ბახველი ვარ, ეს არის წამგებიანი. ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც დაიგეგმა ზონდერების შემოშვება ჩვენს შეხვდერაზე, ჩვენ დავაფიქსირეთ და ამის შესაბამისი ვიდეო მასალაც გვაქვს, სადაც ასახულია ერთი მიკრო ავტობუსი სავსე, ჩამოსული ადამიანები, რომლებც იყვნენ ჩოხატაურიდან, იმ ქალბატონების, ვინც დაიწყო შეხვდერაზე პროვოცირება იმათ გამოსარჩლებლად. ეს შეიძლება ჩხუბშიც გადასულიყო, მაგრამ ჩვენი მობილური ჯგუფების მცდელობებით, ეს ჯგუფები აღკვეთილი იქნა.
ეს ქალბატონები, კი რწმუნებულის ოთახიდან გამოვიდნენ და მათ კოორდინირებას რწმუნებული აძლევდა. ეს დაფიქსირებულია ვიდეო მასალით, რომელსაც გავუგზავნით სადამკვირვებლო და საორგანიზაციო ორგანიზაციებს. ჩვენ არ დავთმობთ მსგავს ფაქტებს, რადგან ეს შეიძლება გაძლიერდეს მომავალში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგემება ოზურგეთში ზონდერების შემოყვანა, ჩვენი მრავალათასიანი მხარდამჭერის საშუალებით, თავად ვუზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას. ამ მესიჯს ჩვენ ვუგზავნით ხელისუფლებას, _ განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძე, ბახმაროში, 19 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო:
_ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი და ამაზრზენი ფაქტი, რომ ჩვენს საყვარელ კურორტზე, სახალხო დღესასწაულზე არ გვიშვებენ. ფერიცვალების ეკლესიაში შესვლის უფლება არ მიეცა ხალხს. ხელისუფლება პირდაპირ წინააღმდეგობაზე გადავიდა მათი არამხრადამჭერების მისამართით. ფაქტობრივად, პრეზიდენტი თავის ხალხს ეუბნება, პირდაპირ გვეუბნება, რომ ის მხოლოდ “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტია. ეს ირონიაა და სხვა არაფერი.