_ მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავს ვიკავებ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი გაურკვეველი დეტალი და ინფორმაციის სიმწირეა. მაქვს ორი შეკითხვა, რომელზეც პასუხს ველოდები. საინტერესოა, როგორ მოხდა ამხელა დაჯგუფების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლა ისე, რომ მესაზღვრეებმა ვერაფერი შენიშნეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ალბათ, ჟურნალისტებმა ამ მიმართულებით უნდა იმუშავოთ. მეორე კითხვას რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო და დიდი ტრაგედიაა ის, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ და ზოგიერთი მათგანი დაიჭრა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ როგორ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია, იყო თუ არა ამის საჭიროება და რამდენად დაცული იყო ზომები, რომ ადგილი არ ჰქონოდა მსხვერპლს. ეს კითხვები მაქვს ამ ეტაპზე და ვრცელი შეფასება მას შემდეგ შემიძლია გავაკეთო, რაც ოფიციალური ინფორმაცია მეცოდინება.
_ ოფიციალური განცხადებით ცნობილია, რომ გარდაცვლილია 3 და დაჭრილია – 5. თან, როგორც ჩვენი კორესპონდენტი მოვლენის ეპიცენტრიდან იუწყება, ამ წუთებში ლაფანყურში დამატებითი ძალები შეიყვანეს…
_ ამიტომაც ველოდები იმ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც სიტუაციაში გაგვარკვევს. რა ჯგუფია, რა დანიშნულებით არიან მოსულები, რა ტიპის სპეცოპერაცია ჩატარდა, რატომ იყო მსხვერპლი, როგორ ვერ შენიშნეს მესაზღვრეებმა მათი ჩვენ ტერიტორიაზე გადმოსვლა. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მექნება ანალიზის გაკეთების საშუალება
_ ბატონო ირაკლი, ბევრს არ სჯერა, რომ ეს არ არის დადგმული სპექტაკლი. რამდენად შეიძლება იმის ფიქრი, რომ ეს მართლაც გათამაშებულია ან პირიქით, ეს არის პროვოკაცია, რომელზეც დიდი ხანია საუბრობდნენ და ამის უკან მართლაც იდგეს რუსული სპეცსამსახურები, რაზეც ოფიციალური განცხადება დავით დარჩიაშვილმა გააკეთა?
_ ამ ეტაპზე ველოდები ოფიციალურ ინფორმაციას, ოფიციალურ განცხადებას. ვერსიებზე საუბარი არასერიოზულია. რამდენადაც პოლიტიკურ შეფასებას მოვახდენ, აუცილებლად უნდა ვფლობდე ინფორმაციას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რასთან გვქონდა საქმე.
სესიაშვილის თქმით, ლაფანყურის მოსახლეობა შეწუხებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ სოფელში, 2 საათის წინ, მისი იქ ყოფნის პერიოდში პანიკა არ შეინიშნებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კორესპონდენტი ეკა ალფაიძე ახლაც ადგილზე განაგრძობს მუშაობას და უახლეს ინფორმაციას აწვდის მკითხველს.