როგორც გვითხრეს, გოგონას ლურჯი ფერის მაისური ეცვა და ჩიგოგიძემ მიიჩნია, რომ მას "ქართული ოცნების" მაისური ეცვა. როგორც მიკროავტობუსში მსხდომებმა გვითხრეს, ჩიგოგიძემ ბავშვის ბაბუასაც კი დაურეკა.
თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, მიკროავტობუსის მძღოლს ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა დაურეკა და მისი სკოლის მოსწავლის სასწრაფოდ სკოლაში მიყვანა მოსთხოვა.
ჩვენ შევეცადეთ მომხდარის შესახებ ლია ჩიგოგიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"გურია ნიუსი" ჩაისუბნის სკოლაში სწორედ იმ დროს მივიდა, როცა იქ ჩოხატაური-ხიდისთავის ზემოხსენებული მიკროავტობუსი იყო გაჩერებული. ჩვენს დანახვაზე მძღოლმა, რომელსაც მგზავრებიც თან ახლდნენ, სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ ბავშვი, რომელსაც ეს ინციდენტი შეეხო, სკოლაში მშობელთან ერთად დაგვხვდა, თუმცა, არც მას და არც მის მშობელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ის, რომ მიკროავტობუსის მძღოლს დაურეკა, ჩვენთან საუბრისას ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა, მალვინა ოსეფაიშვილმაც დაადასტურა, ოღონდ მისი თქმით, ბავშვს პირად საქმეზე იბარებდა. მისივე თქმით, ბავშვი მშობელთან ერთად, საღამოს 6 საათზე, სკოლაში "ამბის გასაგებად" მოვიდა.
სკოლის დირექტორთან საუბრისას, პედაგოგებიც ჩაგვერთნენ, რომლებმაც ბრალი დაგვდეს, რომ "სკოლაში მხოლოდ პროვოკაციისთვის მივედით".
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჩვენ ფსევდო "ინფო-9"-ის გადამღები ჯგუფი შემოგვყვა, რომელიც ინტერვიუების დროს, ჩვენთვის მუშაობაში ხელის შეშლას და ჩვენგან "ინტერვიუების აღებას" ცდილობდა. ამ გაურკვეველ საინფორმაციო სააგენტოს ჩოხატაურში #1 საჯარო სკოლის დირექტორის, ოლქის #1 უბნის თავმჯდომარის ეთერ წილოსანის შვილი – ნატო ჩიგოგიძე წარმოადგენს.
მოგვიანებით, ფსევდო "ინფო-9"-ს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებიც შემოუერთდნენ, რომლებსაც თან ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ჯინჭარაძის შვილიც ახლდა. კითხვაზე, თუ რატომ დაგვყვებოდნენ უკან, აქტივისტებმა პასუხი არ გაგვცეს, თუმცა, მათ მაგივრად კომენტარები ჩაისუბნის სკოლის პედაგოგმა ნატალია ბერაძემ გააკეთა, რომლის თქმით, ნაციონალების აქტივისტებმა მას მიაკითხეს დაბადების დღეზე წასასვლელად.
პედაგოგი შეურაცხყოფაზე გადავიდა და "დიპლომის წარდგენა" მოგვთხოვა. ფსევდო "ინფო-9" "ჟურნალისტი", ნატო ჩიგოგიძე კი ირონიულად "საკვალიკვაფიკაციო კურსების გავლას" გვირჩევდა.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, რომლებიც პედაგოგის თქმით, "დაბადების დღეზე წასასვლელად" მას ეწვივნენ, ჩაისუბნიდან რედაქციამდე ავტომანქანით გამოგვყვნენ… ჩვენი შეკითხვის შემდეგ, თუ რატომ "გადაიფიქრეს დაბადების დღეზე პედაგოგთან ერთად" წასვლა, აქტივისტებმა რედაქციის შენობიდან ნაცმოძრაობის ოფისისკენ გადაინაცვლეს.