აღმოჩნდა, რომ ფულეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს კოალიცია “ქართული ოცნება” არ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო ქცევის წესებს.
“გურია ნიუსი” კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელს, ქცევის წესების ერთ-ერთ ავტორს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
_ 17 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთადერთი ქცევის კოდექსი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. მისი საბოლოო ვარიანტი დევს კამპანია “ეს შენ გეხებას” ვებგვერდზე, რომელიც 17 პუნქტს მოიცავს. ჩამოთვლილია, თუ რა უნდა გააკეთონ პარტიებმა და ხელისუფლებამ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად. ეს მოიცავს თავისთავად ქცევას. შესაბამისად, ბოლოში წერია რომ ქცევის კოდექსში არსებული მუხლების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მონაწილე პარტიები ვალდებული არიან, ცნონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შეჯამებული და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამართლიანად ცნობილი არჩევნების შედეგები. ეს წერია იმ ქცევის კოდექსში.
20 აგვისტოს, “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, რომ კოალიცია სრულად უერთდება ამ დოკუმენტს.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ იდეები შემუშავებულიყო ქცევის კოდექსი, რადგან ძალიან იძაბებოდა სიტუაცია და დაიწყო კონსულტაციები პარტიებთან.
კონსულტაციების შუა პროცესში, “ნაციონალური მოძრაობა” გამოვიდა 4 პუნქტიანი დოკუმენტით, რომელიც მოლაპარაკების დროს, ფაქტობრივად, ჟურნალისტებთან გააჟღერა პალიკო კუბლაშვილმა. მთავარი პუნქტი იყო ის, რომ ყველა მონაწილე სუბიექტს უნდა ეცნო ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები.
პირველი, ეს იყო აბსურდი. არ შეიძლება, შეთანხმებით კონსტიტუციური უფლება დაარღვიო. ფაქტობრივად, ისეთი საკითხები, რაც ქცევას ითვალისწინებდა ზოგადად და რაც უნდა ყოფილიყო, ყველაფერი ის, რაც საარჩევნო გარემოს განაპირობებდა, არცერთი პუნქტი შიგნით არ იყო. რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ იყო კოალიცია “ქართული ოცნება”. არასამთავრობოებსაც მიგვაჩნდა, რომ თუ ვსაუბრობთ ქცევის კოდექსზე, არჩევნები არ არის არჩევნების დღე და მეორე დღე. არჩევნები არის პროცესი და პარტიებს უნდა აეღოთ ვალდებულებები იმაზე, რომ მთელს წინასაარჩევნო პერიოდში იქნებოდა გარკვეული ნორმები დაცული. ჩვენ შევთავაზეთ 17 პუნქტიანი დოკუმენტი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ ის დაეთანხმება ამას, ოღონდ იმ ფორმით, რომ ხელს მოაწერს თავის 4 პუნქტიან დოკუმენტს და მე-5 პუნქტად დაწერს, რომ იგი აგრეთვე ეთანხმება ჩვენს მიერ შეთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტს. ამაზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად სამართლიანი პოზიცია, რომ დოკუმენტი უნდა იყოს ერთი. ამიტომ, ორივე მხარესთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა კიდევ ერთი დოკუმენტი, უკვე საბოლოო, სადაც გავითვალისწინეთ ის შენიშვნები, რაც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” და გარკვეულწილად გავითავალისწინეთ ის შენიშვნებიც, რაც ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. ჩამოვაყალიბეთ ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც შედგენილი იყო ის პრინციპები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ბოლოში მთავრდება ასე რომ _ საჯაროდ ვაცხადებ და ვაღიარებ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით და დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს. ეს იყო მთელი დოკუმენტი, რაზეც 6 აგვისტოს თანხმობა განცხადა და 20 აგვისტოს მეორედ განაცხადა თანხმობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”.
ოღონდ ამაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა “ერთიანმა ნაციოალურმა მოძრაობამ”. სიმართლე არის რომ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ მოინდომა ისეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ვალდებულებები წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვისთვის. თუ ვინმეს ჩემი არ ჯერა, შეუძლია შევიდეს “ეს შენ გეხებას” საიტზე და ნახოს მაია ფანჯიკიძის 20 აგვისტოს კომენტარი და მანახოს ვინმემ “ნაციონალური მოძრაობის” გამოხმაურება.
_ მაია ფანჯიკიძემ დღესაც განაცხადა მედიასთან, რომ ისინი ეთანხმებიან არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს.
_ დიახ. სწორედ ამას ვამბობ, 20 აგვისტოს გაცხადებულია ეს ყველაფერი. შემიძლია წაგიკითხოთ რა ტექსტით დაეთანხმნენ ისინი და ითქვა ამის შესახებ. “ნაციონალური მოძრაობის” ვერცერთDდოკუმენტს და განცხადებას ვერ მაჩვენებთ, სადაც ისინი 17 პუნქტიან განცხადებას ეთახმებიან.
_ როგორც გაირკვა, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს სულ სხვა ინფორმაცია აქვს.
_ ამიტომ ვამბობ, რომ ფულეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. გუშინწინ, “ქორთიართ მერიოტში”, აღმოსავლეთ ევროპული პლატფორმის არასამთავრობო ორგანიზაციებთან იყო შეხვედრა, რომელსაც ბატონი დიმიტროვიც (ევროკავშირის ელჩი საქართველოში) ესწრებოდა. სწორედ იქ მივმართე – ვინ მიაწოდა ფულეს ეს არასწორი ინფორმაცია.
ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს, ოფიციალური წყარო, ვინც აწვდის ინფორმაციას. საიდან შეიძლება ჰქოდეს ევროპის კომისარს, რომელიც ჩახედული ვერ იქნება ამ საქმეებში, მაინტერესებდა ზოგადად საელჩოს პოზიციაც, რომელიც, წესით, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით.
_ ახლა რას აპირებთ?
_ ჩვენ გვქონდა ინიციატივა, ვინაიდან ასეთი ვითარებაა, ფულესთან გაიგზავნოს წერილი ამის თაობაზე. ჩვენი წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში იმყოფება. მასაც ექნება შეხვედრები ფულეს კაბინეტის წევრებთან, სადაც ამაზე გვექნება საუბარი.
ჩვენი კოალიცია გაავრცელებს განცხადებას ამ ფაქტების აღწერით, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაუგზავნით. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემებზე უნდა მოისპოს. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივის გამოყენება იმისთვის რომ ერთმა პარტიამ მეორე დაჩაგროს, არ არსებული ბრლადებები წაუყენოს ეს არის ძალიან უსინდისო საქციელი.
_ თქვენ გაარკვიეთ, ვინ მიაწოდა ფულეს ეს ინფორმაცია?
_ მე ამას ვერ გავარკვევ, რადგან ამას მთელი გამოძიება სჭირდება, თან საერთაშორისო დონეზე. მე ახლა ბრიუსელში ვერ გავარკვევ ამას, მაგრამ ჩემთვის ეს არის ფაქტი, რომ ასეთი რამ მოხდა. მეორე, რაც არის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ნათელი, ჩვენი მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან როგორც ამ კოსულტაციებში მონაწილესგან ეს არის ჩემი მოვალეობა, გავავრცელო სწორი ინფორმაცია და დავადასტურო რომ ეს არის ტყუილი.
მოვუწოდებ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ყველას მხარეს, ვინც იყო ჩართული ამ პროცესებში, უბრალოდ დაადასტურონ იინფორმაცია რომ ასეთი რამ არ მომხდარა, “ქართულ ოცნებას” არ უთქვამს უარი ამ დოკუმენტის ხელის მოწერაზე. არსებობს პრესკონფერენციაზე გაკეთებული ორი განცხადება. ეს არის ოფიციალური თანხმობა.