გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი წინასაარჩევნო შვებულებაში არიან გასულები. შვებულების საფარქვეშ ამოფარებული საჯარო პირები, არჩევნების დასრულებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მაჟორიტარების სამსახურში იქნებიან.
მაგალითად, ვალერი ჩიტაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რამაზ ნიკოლაიშვილის შტაბს ხელმძღვანელობს. გუბერნატორის მოვალეობას კი მისი მოადგილე, თამაზ მახარაძე ასრულებს.
შვებულებაში იმყოფება ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძეც. როგორც გავარკვიეთ, მისი შვებულება არჩევნების შემდეგ დასრულდება. არადა, მას გუბერნიაში მედიასთან ურთიერთობაც ევალება. ვალერი ჩიტაიშვილის მიერ “გურია ნიუსისთვის” მოწერილი ოფიციალური წერილით მიხედვით, პრესასათან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებს ქალბატონი ლელა თავართქილაძე ასრულებს. საინტერესოა მთელი არჩევნების განმავლობაში ვის უნდა დაუკავშირდეს სრულიად გურიის მედია?! ამაზე პასუხი გუბერნიაში არ აქვთ.
მათგან განსხვავებით, ნათია ცეცხლაძე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვიმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტია, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში მოგვევლინა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მისი კუთვნილი შვებულება 10 სექტემბერს დასრულდა და ასე გახდა ის ორი საქმის ერთი სპეციალისტი.
რაც შეეხება გამგეობას, წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული 12 სექტემბრის ჩათვლით, შვებულებაში 35 თანამშრომელი იმყოფება. 24 აგვისტო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საყოველთაო შვებულების დღედ გამოცხადდა. ამას ის ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომელიც “გურია ნიუსს” 12 სექტემბერს გამგეობიდან მიაწოდეს.
ყველაზე მეტ ბრძანებას, ამ დღეს მოაწერა ხელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა ილია ვაშაყმაძემ.
12 სექტემბრის მონაცემებით, 2012 წლის დასასწყისიდან დღემდე, კუთვნილი შვებულებით გამგეობის 77-მა თანამშრომელმა ისარგებლა. 1 აგვისტოდან 4 სექტემბერის ჩათვლით, 35 თანამშრომელი გავიდა წინასაარჩევნო შვებულებაში. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, კუთვნილი შვებულებით, 12 ადამიანი სარგებლობს, რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აქ წლის დასასწყისიდან დღემდე, 18 ადამიანმა ისარგებლა შვებულებით, 1 აგვისტოდან კი შვებულება 7 საჯარო მოხელეს აქვს აღებული.
“გურია ნიუსი” შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ შვებულებაში გასული საჯარო მოხელეები საზაფხულო-საშემოდგომო არდადეგებს. როგორც გავარკვიეთ, გამგეობის 10 თანამშრომელი საარჩევნო უბნებშია, მათი უმეტესობა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ან მოადგილეა. თუმცა, ეს პირველადი მონაცემებია და დაზუსტებულ სიას „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.
მაგალითად: რუსუდან ჩხაიძე, _ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი) 60/24 გურიანთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა; მზია ხელაძე _ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ. ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი); 60/43 სოფ.ოზურგეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა, მისი მოადგილე კი მარინა ტუღუშია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ოზურგეთის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი; დარეჯან ჩავლეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი) 60/35 სოფელ მერიას საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილეა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ლია ხომერიკი _ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კონჭკათის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი) 60/30 კონჭკათის საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილეა; გენადი ზურგალაძე, (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი) 60/38 მთისპირის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა; მისი მოადგილე კი ანა ინწკირველია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი; ოთარ გეგიაძე _ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსაუხრის მთ. სპეციალისტი) 60/47 წითელმთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა, ხოლო მისი მოადგილე ნარგიზ ხინთიბიძეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.
ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო მოხელეები ანაზღაურებად შვებულებაში არიან გასულები. ნარგიზი ხინთიბიძის გარდა, ყველა მათგანს კუთვნილი შვებულება 24 აგვისტოდან ეწყება.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი და ამავე დროს მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში, ლევან კალანდაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ეს არის პირდაპირ სახელმწიფო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
_ ეს არის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამას ხელს უწყობს, ხელისუფლება და პრაქტიკულად, მთელი სახელისუფლებო აპარატი და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი და ხელშესახები არის მუნიციპალიტეტებში და რეგიონებში. მთელი სახელისუფლებო რესურსი ჩაფლულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ადამიანები შვებულებაში არიან და შვებულების პერიოდში, ფაქტობრივად, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. მეორე საკითხია ის, რომ ამ შვებულების პროცესში, ისინი რეალურად, ანაზღაურებას სახელმწიფოდან მაინც იღებენ. ხშირად ვამბობ, რომ მძიმედ არის საქმე ოზურგეთში პირადად ჩემთვის, რადგან ასეთი ტიპის, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამგეობა იქნება, საკრებულო თუ პოლიცია, მაქსიმალურად მიშლის ხელს ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ადამიანებთან რომ მივდივარ შეხვედრაზე, ორი საათით ადრე, ყველას აფრთხილებენ და პირდაპირ ემუქრებიან, რომ არ გამოვიდნენ, _ განაცხადა ლევან კალანდაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.