(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიის რეგიონის რიგ სოფლებში გზებზე მეწყერი ჩამოწვა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაშია, სადაც უკვე იყვნენ ჩამოსულები საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ამ დღეებში გეოლოგებს ელოდებიან.
როგორც “გურია ნიუსს” გზების მშენებელმა თემურ ჯახვამ განუცხადა, ის იყო სოფელ აცანაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში და უშუალოდ გაეცნო აქ არსებულ ვითარებას. მისი თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და დროულად საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რაც სერიოზულ თანხებთან იქნება დაკავშირებული: _ დამიკავშირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მთხოვა, შემესწავლა აცანაში შექმნილი მდგომარეობა. ზვავი უამინდობის გამო წარმოიქმნა. სავალდებულოა გეოლოგების ჩამოყვანა, რათა დაზღვეულები ვიყოთ. 6 ათასი კუბური მეტრი გრუნტია გასატანი. ამინდების გამოსვლისთანავე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საცანაში ერთ-ერთ მცხოვრების ეზოში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და ბუნებრივია, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოჯახს ხელისუფლებისგან დახმარება სჭირდება _ დაზიანებულია ღობე და ნარგავები. მთისპირში წყალი მდინარესავით მოედინებოდა გზებზე, ახლა თუ ამის მოგვარებას 2 000 ლარი ეყოფა, შესაძლოა, სამუშაოების დაგვიანების გამო, 50 ათასი ლარიც არ ეყოს. უნდა დაიწყოს არხის გაწმენდა. ამის შესახებ იცის ოზურგეთის გამგებელმა. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის _ ნაბეღლავის მიმართულებით გზებზე ზვავია წამოსული, თუმცა, იქ მძიმე ტექნიკა მუშაობს და სამუშაოების დასრულებას ერთი კვირა დასჭირდება.
როგორც გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა გვითხრა, აცანა-მამათი-ძიმითის გზა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ბალანსზეა: _ უკვე იყვნენ სპეციალისტები ჩამოსულები. ახლა გეოლოგებს ველოდებით. ამ სამუშაოების შესრულებას მთლიანად დეპარტამენტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება ოჯახს, რომელიც ზვავის შედეგად დაზარალდა, მასზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იზრუნებს და შექმნილი პრობლემებს დროულად მოუგვარებს, _ გვაიმედებს ჩიტაიშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved