ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, ჭელიძეების საცხოვრებელ სახლს ხანძარი 11 თებერვალს, საღამოს 5 საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა და 4-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში უთხრეს, შეტყობინება ხანძრის შესახებ 11 თებერვალს, 17 საათსა და 9 წუთზე მიიღეს. შეტყობინების მიღებიდან, სახანძრო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა 20 წუთში მოახერხა, თუმცა, იმდენად ძლიერი იყო ხანძრის მასშტაბები, რომ მათ მხოლოდ სამი ოთახის, პირველ სართულზე _ ერთის, ხოლო მეორე სართულზე _ ორი ოთახის გადარჩენა მოახერხეს.
“ცეცხლი სახურავში გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა სახლის სახურავი. აღსანიშნავია, რომ სახლი კაპიტალური, ბეტონით ნაშენი იყო. დამწვარია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. მეზობლებმა ნაწილობრივ მაინც მოახერხეს ავეჯის გადარჩენა. ხანძრის ლოკალიზება ნახევარ საათში მოვახდინეთ, თუმცა, გამოძახება დაგვიანებით მოხდა _ თავად ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ და გვიან გაიგეს ხანძრის გაჩენის შესახებ”, _ გვითხრეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ვიმედოვნებთ, რომ მუნიციპალიტეტი დროულად მიაქცევს ჭელიძეების ოჯახს ყურადღებას, მით უმეტეს ახლა, როცა გურიაში ინტენსიურად თოვს და ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved