“გურია ნიუსი“ ორი ქალბატონის შესახებ გიამბოთ, რომლებიც ახლა 81 წლისანი არიან, შესაძლებლობებით და შემართებით სრულიად ახალგაზრდები, საკუთარ თავზე ხშირად რომ ხუმრობენ: „სიბერე? ნეტა, როგორია? ჩვენ 80 წლის ახალგაზრდები ვართ“.
ყველაზე უცნაური კი მათი ცხოვრებიდან, სევდიანიც და ასევე ზღვა სიხარულის მომცველიც, არის მათი შეხვედრა 60-წლიანი განშორების შემდეგ, რაც მათგან დამოუკიდებლად მოხდა, ცხოვრების დაუწერელი კანონის თანახმად…
საქართველოში მეგობრობით ვის გააკვირვებ, მიუხედავად იმისა, რომ დროებამ ზნეობას ბევრნაირი კეთრი გაუჩინა.
ჩვენი სტატიის გმირების, მზია ბუშელაშვილის და ციური ბაბილოძის მეგობრობამ, რომელიც 60 წლის წინ, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დაიწყო, ბევრი იარა თუ ცოტა, დროებით მაინც შეწყდა.
მანამდე კი იყო ერთმანეთის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, კახეთსა და გურიაში მონაცვლეობით სტუმრობა, ბიბლიოთეკებში ერთად სიარული დ საუკეთესო წიგნების ანალიზზე ღამეების თევა. ბევრი ხურობაც _ მათივე ნაამბობით, გურიისა და კახეთის, დასავლეთ-აღმოსავლეთის გამაერთიანებლებს რომ უწოდებდნენ თავს და იმერ-ამერში დაქროდნენ. წიგნის სიყვარულთან ერთად, ხელსაქმის ხელოვნებამდე აყვანილი ოსტატობით შესწავლის ინტერესი და უამრავი სხვა სიკეთე ურთიერთობისა, რასაც თავად დედმამიშვილურს და მეგობრობაზე მეტად მნიშვნელოვანს უწოდებენ.
_ჰო, თუმცა რა დედმამიშვილი და რა რუსთველური მეგობრობის არსი. ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს სხვანაირად მეგობრობა არც უნდა გვესმოდეს, – გვეუბნება ქალბატონი ციური ბაბილოძე, მერიის საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი, რომელმაც გასულ წელს „ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი ხელნაწერი შვილიშვილს და ახლად გახსნილ ჭანიეთის საჯარო სკოლას აჩუქა.
ეს ის ციური ბაბილოძეა, რომელსაც მშობლიური მერიის საჯარო სკოლაში, 60 წლის მუშაობის მანძილზე, უსაზღვრო სიყვარულით ნასაზრდოები ბევრი მეტსახელი შეერქვა: „საინფორმაციო სააგენტო იფრინდა“, „დამკრძალვი კომისიის თავ-რე“, ციურ-მალამო“, „მოუსვენარი დისტრიბუტორი“ , „ციური-მზიური“…
ორი ქალბატონის მეგობრობის ისტორია ასე დაიწყო:
1960 წელს, თბილისში, პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში, 82 ახალგაზრდა მივიდა სწავლის დასაწყებად. ყველანი გოგონები იყვნენ, ორის გარდა.
გურული ციური ბაბილოძე და კახელი მზია ბუშელაშვილი იმთავითვე დამეგობრდნენ. როგორც თავად ჰყვებიან, საუცხოო ურთიერთობა იყო 82 ახალგაზრდას შორის. განსაკუთრებული პატივისცემით იმ ორ ვაჟს ეპყრობოდნენ, ხუმრობით „გამორეულებს“ რომ უწოდებდნენ.
გავიდა დრო, სწავლა დაასრულეს და ყველა თავის რაიონს დაუბრუნდა.
_დასავლეთ საქართველო ჩემთვის განსაკუთრებით სანატრელი იყო მუდამ, რადგან დედულეთი სამტრედიაში მყავდა. მერე მოხდა ისე, რომ მე ადრე დავქორწინდი, მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ წავედი საცხოვრებლად და ასე გაწყდა ჩვენი მეგობრობის ჯაჭვი. თუმცა, რას ვიფიქრებდი, რომ ეს 60 წლის მანძილზე გაიწელებოდა და ჩემს დადნაფიცს ამდენხანს ვერ ვნახავდი, _ ცრემლის გარეშე ვერ საუბრობს ქალბატონი მზია.
_მეც უამრავი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ ახლა მთავარია, ბოლოს როგორ მივაკვლიეთ ერთმანეთს, 60 წლის მანძილზე უნახავმა მეგობრებმა. მართლა სიზმარ-ცხადი მეგონა, როცა ერთხელ, ზაფხულის გვიან ღამეს, ურეკიდან ჩემმა ვაჟიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ადგილობრივი მკვიდრის, გვარად ბაბილოძის სასტუმროში ისვენებს თბილისელი ქალბატონი, მზია ბუშელაშვილი. ეძებს ქალბატონ ციური ბაბილოძეს, ახალგაზრდობის განუყრელ მეგობარს, რომელიც 60 წელია არ უნახავს და შენ ხომ არ ხარო? უცებ, ვიკივლე ჩქარა მანქანა-მეთქი… ღამის 11 საათზე ჩავედი ურეკში. იყო უამრავი ცრემლი, რომელიც აღუწერელმა ემოციამ გვადინა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვეკითხებოდით, ხომ კარგად ხარო? _ ასე შევხვდით ერთმანეთს 60 წლის მანძილზე უნახავი მეგობრები. ეს არის ჩვენი ერთგვარი “პარნასი”, მეგობრობის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა… ახლა, ზაფხულობით, უკვე გადაწყვეტილი აქვს, ყოველთვის ჩამოვიდეს ურეკში, შემდეგ კი ჩემთან, ჭანიეთში გადმოინაცვლოს. წელს იმდენი თხილი გაგვარჩევინა…თან რა არ გავიხსენეთ. თავიდან ვაცნობ გურიას… უნდა, რომ ყველანაირ საქმეში მოგვეხმაროს, _ ასე საუბრობს სიყრმის მეგობარზე ქალბატონი ციური ბაბილოძე, უშრეტი ენერგიის მქონე ქალბატონი, რომელმაც ახლახან თავისი ახალი იდეა გაანდო ყველას _ შემოქმედებითი ღონისძიებების ტრფიალს, ორიგინალური პროექტი აქვს მომზადებული: „კუნკურეხა“.
_ აი, ისეთ ასაკოვან პედაგოგებს უნდა მოვუყარო თავი და ერთ ორიგინალური ღონისძიება ჩავატარო, ბევრ ახალგაზრდას რომ შეშურდება. ჩემი მზიაც უნდა მოვიწვიო თბილისიდან, თავისი ნამუშევრებით: ნაქსოვებით, ნაქარგებით… აბა, სხვა რაა სიცოცხლე? _ უცნაური, ერთგვარი სინერგიული უნარით მოსაუბრე ციური ბაბილოძე გვაჩვენებს პროქტის ხელნაწერს… მშვიდზე მშვიდი, თუმცა, მეგობარივით ენერგიული და შემოქმედებითი უნარებით მდიდარი ქალბატონი მზია ბუშელაშვილი, უმეტესად, მეგობრის საუბარს უსმენს; ცრემლიც ხშირად ერევა და უთქმელად ბევრ ნათქვამზე რომ მეტია, ისეთი მოზომილი ღიმილით და სითბო გამოვლილი მზერით უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავს დიდი ხნის უნახავი მეგობრის მიმართ.
კი, ნამდვილად ღირს, ასეთ ნამდვილ ადამიანებთან მკითხველის შეხვედრა.
ჩვენს მკითხველებთან ერთად, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ორ უებრო მეგობარ ქალბატონს! მათ ღვთით ჩუქებული სიცოცხლის „ციური-მზიური“ ენერგია ერთნაირად არგუნეს, როგორც ერთმანეთს, ისე გარშემო, თვალსაწიერზე მყოფ ადამიანთა დიდზე დიდ კრებულს.