“გლეხისთვის სწორი მიმართულების მიცემა, ინფორმაციის მიწოდება თუ რჩევა ჩვენი საქმეა. ინფორმაცია რომ აქვს ადამიანს და სწორად დაამუშავებს, ძალიან ბევრი შემოსავალი შეიძლება მიიღოს. არავის ახსოვდა სოფლის მეურნეობა, თუმცა, დღეს დაინახეს, რომ აუცილებელია. გლეხი მართლაც თავისით ირჩენს თავს _ მას ჩვენ შრომას ვერ ვასწავლით,” _ ამბობს არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირს, ე.წ. აიპ-ის “სოფლის განვითარების ცენტრის” დირექტორი გიგა ხარაბაძე.
_ ბატონო გიგა, რა არის თქვენი აიპ-ის ჩამოყალიბების ძირითადი მიზანი?
_ ჩვენი ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩემი ხედვით, ეს გაკეთდა იმიტომ, რომ რაღაცნაირად აღდგეს კავშირი ფერმერს, გლეხს, თვითმმართველობასა და ხელისუფლებას შორის. დამეთანხმებით, ამ ხაზით წყვეტაა. დღეს, როცა სხვადასხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტზე კატასტროფულად გაიზარდა ფასები, უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, გლეხს შრომა დაუფასდეს, მიეცეს ფერმერს სტიმული და იგრძნოს, რომ მათზე ფიქრობს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება. მათ თავი მიტოვებულად აღარ უნდა იგრძნონ. ჩვენ დავეხმარებით რჩევით, ინფორმაციით და თუნდაც, ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის უკეთ რეალიზაციაში.
_თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ “გლეხმა კეთილი უნდა ინებოს და თავის მიწას თუ შემოსავალს თავადვე მიხედოს”?
_ ვთქვათ ის, რაც რეალურია. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა სოფლის მეურნეობას, იყო ბლეფი სუბსიდიები მეჩაიეობაში, გაიყიდა ჩაის პლანტაციები და მოკვდა მეჩაიეობაც. სამარცხვინო ციფრი _ 11%-ია ბაზარზე ქართული ჩაის პროდუქცია, მაგრამ ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? ამ კუთხით გამოცოცხლებაა. ხელმძღვანელობიდან მოდის დადებითი მუხტი, რომ გლეხს მიეცეს საშუალება, აწარმოოს პროდუქცია, ჩვენ კი მივცეთ მიმართულებები, რა არის ბაზარზე პრიორიტეტული და ორიენტირება მან გააკეთოს. არის ახალი კულტურები, რომელიც უნდა დაინერგოს. დიდი პრობლემები იყო კივის კულტურასთან დაკავშირებით და დღეს კივი ერთ-ერთი წამყვანი კულტურაა ჩვენთან. ვფიქრობ, რომ გლეხისთვის სწორი მიმართულების მიცემა, ინფორმაციის მიწოდება თუ რჩევა საკმარისია. ინფორმაცია რომ ექნება ადამიანს და მიწას სწორად დაამუშავებს, ძალიან ბევრი შემოსავალი შეიძლება მიიღოს. წელს თუ იყო გლეხი უკმაყოფილო სიმინდის და ციტრუსის მოსავლით, ეს კლიმატის ბრალია.
ხაზგასმით ვამბობ, რომ გლეხის საშველი იქნება. მიუხედავად სიღატაკისა, ყოველგვარი გაჭირვებისა, გლეხი ყოველთვის შრომობდა. ჩვენ მას ნამდვილად ვერ ვასწავლით შრომას. თუ ადამიანი იშრომებს, ის ყოველთვის მიაღწევს წარმატებას. გლეხმა უნდა დაინახოს, რომ აგროტექნიკური ღონისძიებები აუცილებელია. ჩვენ მათ გავაცნობთ პირობებს, შემდეგ ვეტყვით, ეს ღონისძიება გაატარე, ასე გააკეთე და თუ დაგვიჯერებენ, მოსავალსაც მიიღებენ. ახალი კულტურებია წამოსული, რასაც წინააღმდეგობები ახლავს. ამიტომ, აგრონომის ინსტიტუტმა უნდა ითამაშოს დადებითი როლი. მე მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობას უფრო გაძლიერება უნდა. ახლა გლეხი დამოუკიდებელია, სოფლის მეურნეობის დარგი კი უყურადღებოდაა დარჩენილი. ამიტომაც შექმნეს ახალი აგრონომიის ინსტიტუტი. შეხვედრა გვქონდა გუბერნიაში და გვყავდა მოწვეული ფერმერები, გვაქვს ახალი საინტერესო იდეები. არავის არ ახსოვდა სოფლის მეურნეობა, დღეს დაინახეს, რომ აუცილებელია.
იცით, სოფელში რა მდგომარეობაა? ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი გამოკვება არავის არ აინტერესებს. თუმცა, ვერ დავეთანხმები _ გვაინტერესებს! დიახ, ხელისუფლებას აინტერესებს! ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. რატომ უნდა შემოდიოდეს თურქეთიდან კივი, კარტოფილი და სხვა პროდუქტები? მთავარია, იყოს დაინტერესებული მხარე და ყველაფერი იქნება. 5 წელი მაინც უნდა, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. მთავარია, გამოვაცოცხლოთ გლეხები.
_ როგორ მოხდა ორგანიზაციის თანამშრომლებით დაკომპლექტება და როგორ შეირჩა თქვენი კანდიდატურა დირექტორის პოსტზე?
_ მე, ბოლო პერიოდში, ოზურგეთშიც არ ვცხოვრობდი, ძირითადად, თბილისში ვიყავი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მე ვარ ის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, რომ ამ დარგს ვუხელმძღვანელო. მართალი გითხრათ, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ ამ ეტაპზე, არცერთ არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა(?!) მაგრამ რომ ვნახე, სერიოზული საკრებულოა და გუნდი მიზანმიმართულია, დავთანხმდი ამ თანამდებობას. მე სიძნელეებს არასდროს შევუშინებივარ, ყველაზე რთულ პერიოდში მიმუშავია. ყველა თანამშრომელს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმში. ჩემთან უსაქმურად არავინ გაჩერდება _ ფაქტობრივად, ყველა ფერმერია. მე ეს გადაწყვეტილება ცალსახად, ერთპიროვნულად მივიღე.
_ თქვენი კონკრეტული გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
_ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხალხთან შეხვედრებს ვაპირებთ, მივცემთ რჩევებს. ჩვენ ინფორმაციას გლეხებს კი არ მივყიდით, ვაჩუქებთ. გლეხმა იცოდეს, რომ ის მიტოვებული არაა და ყველაფერი კარგად იქნება _ ერთად გავაცოცხლოთ მკვდარი კაპიტალი!
ჩვენის მხრივ, ბატონ გიგას ინფორმაციის გასავრცელებლად, შესანიშნავი საშუალება _ “კარმიდამო ჩემი” შეგვიძლია შევთავაზოთ. ვნახოთ, როგორია გზა სურვილებიდან _ რეალობამდე!