_ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.
მაჟორიტარი, რომელმაც მეტოქეს ძალიან დიდი უპირატესობით მოუგო არჩევნები, ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებში არასდროს ჩაერევა, მაგრამ როგორც მაჟორიტარს, საპარლამენტო კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ხელისუფლებაზე აუცილებლად ექნება.
“გულწრფელად გეუბნებით _ მართლა მინდა თავი გადავდო და ამ ხალხს ვაგრძნობინო, რომ არის ადამიანი, რომელსაც მათი ბედი ანაღვლებს”, _ ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
_ ბატონო ზვიად, აქამდე მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებს ისმენდა და ასე ვთქვათ, სიტყვაზე გენდოთ. ასეთი დაპირებები მათ არაერთგზის მოუსმენიათ და არცერთხელ არ ასრულებიათ. თქვენ რა გარანტიებს აძლევთ თქვენს ამომრჩევლებს?
_ გარანტიებს ჩვენი საქმეებით დავამტკიცებთ. როგორც კი ხელისუფლებას გადავიბარებთ, ყველა პირობის შესრულებას დავიწყებთ.
როცა გადავხედეთ ამ არჩევნების შედეგებს, სად როგორი ხმებით გავიმარჯვეთ, აღმოვაჩინეთ, რომ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ უბნებში, ტრადიციულად, ოპოზიციამ წავაგეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინა არჩევნებთან შედარებით, სერიოზული პროგრესია.
კოალიციაში მეუბნებიან, რამდენი ველაპარაკეთ მაგათ, ავუხსენით, მაგრამ მაინც არ გვენდნენ, მაინც მიიღეს კარუსელში მონაწილეობაო. ერთი სიტყვით, ნაწყენები არიან. მაგრამ, საკითხი დავაყენე კატეგორიულად, რომ ამას არავინ არც კი გაიხსენებს. რაც დავწერეთ და ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზე ნასაკირალი მიწერია, ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ნასაკირალი წავაგეთ, ჩვენ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოგვიცხადა ნდობა და მე ვერავის ვუღალატებ. ყველა დანაპირებს, რაც ნასაკირალს, ლაითურს, ნარუჯას შევპირდით, ავასრულებთ. პირველ რიგში, ამ სოფლებიდან დავიწყებთ და არაფრით დავკარგავთ იმ ხალხის ნდობას, რომელმაც უდიდეს წინააღმდეგობას გაუძლო და ძალიან ბევრი შიშის ფაქტორი გადალახა.
ეს სოფლები უბრალოდ მაგალითებად გითხარით, ანალოგიურად მოხდება ყველგან.
_ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, გურიაში საკადრო ცვლილებებსაც ელოდებიან. ოზურგეთის რაიონის მოსახლეობისთვისაც ყველაზე აქტუალური თემა ეს არის. რადიკალური ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით?
_ ჯერჯერობით, ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდის, რომელიც თბილისიდან დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვაგანაც. მე არჩეული ვარ საქართველოს პარლამენტის წევრად, კადრების განყოფილების გამგე არ ვარ და საკადრო ცვლილებები ოზურგეთის რაიონის დონეზე, ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება. ამის ილუზია არავის არ უნდა შეექმნას, არც ჩემს მეგობრებს, არც ჩემს ახლობლებს, არც ნათესავებს და არც მეზობლებს. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში დავივალებ ჩემს თავზე, ის არის, რომ ვისაც არ ეკუთვნის სამსახურიდან გათავისუფლება, იმას არავის დავაჩაგვრინებ. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ყოველთვის პატიოსნად და წესიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. მაგრამ, ვინც ჩართული იყო ამ წინასაარჩევნო გაყალბების სისტემაში, ბევრი მათგანი ვალდებული იქნება, პასუხი აგოს თავისი ქმედებების გამო. ჩვენ ამ ხალხს ვაფრთხილებდით კიდეც.
_ დაჩაგრულები, უფლებაშელახულები, სოციალურად გაჭირვებულები, _ ამ კატეგორიის ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს თქვენს გარშემო, რადგან სამწუხაროდ, ასეთი იყო რეალური სურათი ქვეყანაში. ოზურგეთელები ნამდვილად არ იყვნენ განებივრებულები თავიანთ მაჟორიტართან ურთიერთობით. როგორ აპირებთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ არცერთი მათგანი?
_ მთელ ქვეყანაში მძიმე ფონი იყო და გურია განსაკუთრებულად იყო დაჩაგრული ამ მხრივ. ჩვენ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ახალ ბიუროს კი არ შევქმნით, რომელიც ფუნქციონირებს მაჟორიტარ დეპუტატთან, აუცილებლად გავაფართოვებთ ამ ბიუროს და ამის გაკეთებას კანონის შესაბამისად მოვითხოვ. არ შეიძლება იქ ერთი და ორი ადამიანი მუშაობდეს. მე მაქსიმალურად ვეცდები, პირდაპირი კავშირი მქონდეს ამ ადამიანებთან. შეიძლება ცალ-ცალკე თითოეულ მათგანთან შეხვედრა შეუძლებელი გახდეს ფიზიკურად, მაგრამ მიზნობრივი ჯგუფების, პრეტენზიების მიხედვით გავაკეთებ შეხვედრებს.
აუცილებლად გავაკეთებ საზოგადოებრივ დარბაზს და გპირდებით, ეს არ იქნება ფორმალური. საზოგადოებრივი დარბაზი იქნება ჩემთან შექმნილი სათათბირო, რომელსაც ექნება ძალიან სერიოზული ფუნქციები. ამ სათათბიროზე გამოტანილი დასკვნები და რეკომენდაციები ჩემთვის იქნება უდიდესი ხელშეწყობა ჩემი მოქმედებების განსახორციელებლად. სწორედ ამ დარბაზის ფარგლებში მინდა შევქმნა მიზნობრივი კომისიები, რომელიც თითოეული ადამიანის საქმეს შეისწავლის. ჯერჯერობით, არ ვიცი, ამას რა ფორმას მივცემთ, გაფორმდება იურიდიულად თუ იქნება უბრალოდ სამოქალაქო სექტორის გაერთიანება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს საზოგადოებრივი დარბაზი უნდა იყოს მთავრობის მაკონტროლებელი ორგანიზაცია. ანალოგი რომ არ ჰქონია დღემდე, ისეთი რაღაცის გაკეთება მინდა.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ჩემი ფუნქცია ის კი არ იქნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რაღაც გადაწყვეტილებებზე მოვახდინო ზეგავლენა, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი ფუნქცია აუცილებლად იქნება საპარლამენტო კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ხელისუფლებაზე. ერთი ადამიანიც არ უნდა იქნას მათი მხრიდან ან დაჩაგრული ან უყურადღებოდ მიტოვებული.
ამდენი წნეხის და ტერორის შემდეგ, ასეთი უპირატესობით რომ მოვიგეთ ეს არჩევნები, ამხელა ნდობის არგათვალისწინება, დანაშაული იქნება!
_ პრეზიდენტ სააკაშვილს პირადად ჰყავდა გურია კონტროლზე აყვანილი და კვირაში ორჯერ ჩამოდიოდა, რამაზ ნიკოლაიშვილის მხარდასაჭერად. ძალიან დიდი სახელისუფლებო და ფინანსური რესურსი ჩაიდო და მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი ანგარიშით გურიაში დამარცხდნენ. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის რეალური მიზეზი?
_ ამის რეალური მიზეზი იყვნენ გურულები! მიშას, ეტყობა, არ ჰქონდა ნანახი ფილმი “დარიკო” და არც კი გაუგია, ვინ იყვნენ დარიკო და სიმონა…