მათთან ერთად კონცერტში მონაწილეობდა ანსამბლი “სახიობი” (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე). ქართული სიმღერის მოყვარულმა ინგლისელებმა საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. “კრიმანჭულის” შესრულების შემდეგ ერთ-ერთმა მაყურებელმა კი ხუმრობით იკითხა: ესენი გურული ინგლისელები ხომ არ არიანო.
თამთა თურმანიძე: _ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საქართველოში, კონსერვატორიაში, ტარდება ტრადიციული პოლიფონიის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც 2002 წლიდან “მასპინძელი” სისტემატურად მონაწილეობს. ამჯერადაც ჩამოვიდნენ სიმპოზიუმზე და წარმატებით იმღერეს. შემდეგ კი მალხაზ ერქვანიძის მეგობარმა, ავთო ბაბულეიშვილმა შემოგვთავაზა ბუკისციხეში წამოსვლა, ჩვენ უკვე ერთი კვირაა აქ ვართ, ბატონი მალხაზი მასტერკლასებს უტარებს. ჩვენ ოჯახებში გაგვანაწილეს საცხოვრებლად და გვინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის.
მალხაზ ერქვანიძე: _ მე ამ ანსამბლთან უკვე 10 წელია, ვთანამშრომლობ. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. რომლებიც ქართული სიმღერის სიყვარულმა გააერთიანა. მინდა გითხრათ, რომ ქართული სიმღერა მათ ცხოვრებაში განუზომლად დიდ როლს თამაშობს. ისინი მეგობრობენ ჩვენს ქვეყანასთან, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, ბევრი მათგანი მართლმადიდებლურად მოინათლა. იციან ყველა სიმღერის მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, ქართული სიმღერის ანსამბლები უცხოეთის მრავალ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. ვისურვებდი, რომ საქართველოში ბევრი მოყვარული ადამიანებისგან შედგენილი სიმღერის ანსამბლები შექმნილიყოს. ქართული სიმღერა ჩვენი საუნჯეა და მას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.