“ნამდვილად არის მოლაპარაკებები და ამ დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. საუბარი არის 50%-ზე, რომელსაც ჯერჯერობით ჩვენ ვიბრუნებთ. მე ვიბრუნებ 50%-ს და მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით,” _ ამბობს ტელევიზიის დირექტორი გია სურმანიძე.
“ტელეარხი 25” გაყიდვის შესახებ ჟურნალისტებს, 11 ოქტომბერს, მოქმედმა დირექტორმა გია სურმანიძემ განუცხადა. იმავე დღეს ყოფილ დირექტორმა და არხის 25% წილის მფლობელმა მერაბ მერკვილაძემ სოციალურ ქსელშიც გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი 25 თებერვალს გასხვისდა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე არ საჯაროვდებოდა. არხის ახალი მფლობელები ბიზნესმენები ლევან ქარდავა და ჯემალ ვერძაძე დასახელდნენ.
“ტელეარხი 25”-ის ჟურნალისტებმა 11 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად დღის საინფორმაციო გამოშვებები არ მოამზადეს. საღამოს გადაცემა “დიალოგის” შემდეგ კი ჟურნალისტ ირინა ყურუამ ტელევიზია დატოვა. ყურუას განცხადებით, მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მიუღებელია პარტიული კუთვნილების ტელევიზიაში მუშაობა.
“გურია ნიუსთან” საუბარში არხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ირინა ყურუა სამუშაოზე დაბრუნდეს, თუმცა, ჯერ მისი ტელევიზიიდან წასვლის კონკრეტული მიზეზი უნდა დადგინდეს: “მე ვთხოვე და შევთავაზე რამდენიმეჯერ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ის იყო, რაც თქვა მან. იმიტომ, რომ მე სრულ გარანტიას ვაძლევდი ყველას, რომ როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებდით. უმრავლესობამ ჩემს სიტყვას ენდო. მე დარწმუნებული ვარ, ირინაც ენდობოდა ჩემს სიტყვას. ამდენი წელია ერთად მოვდივართ. რაღაც სხვა რაღაცა მოხდა. გავარკვევთ, რა მოხდა _ ვინმემ ხომ არ აიძულა წასვლა. საერთოდ, რაშია საქმე, ვერ გავიგე. თუკი მხოლოდ ეს არის მიზეზი, მაშინ შესაძლებელია, დაბრუნდეს”, _ ამბობს გია სურმანიძე.
ირინა ყურუა არ გამორიცხავს არხზე დაბრუნებას, რომ თუკი ტელევიზიის მფლობელებში ცვლილება ისევ მოხდება და ეს ინფორმაცია ისევ გასაიდუმლოებული არ იქნება: “ჩემთვის იყო პრობლემა ის, რომ “ტვ 23″ არ უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია. ზოგადად, არ მინდა პარტიულ ტელევიზიაში მუშაობა. თუ ქარდავა დეკლარირებულად გააცხადებს, რომ გავყიდე წილიო და თუკი ჩემს ხელმძღვანელობას ექნება ჩემთან მუშაობის სურვილი, არანაირი პრობლემა არ მაქვს, არხზე გავაგრძელო მუშაობა. მე ამ არხზე მივედი სამუშაოდ იმიტომ, რომ თავისუფლება მქონდა,” _ ამბობს ირინა ყურუა.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ არხის ხელმძღვანელებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები, რის საფუძველზე მიიღეს ტელევიზიის ყოფილ მფლობელებმა სახელმწიფოსაგან მილიონობით ლარის ღირებულების ქონება: “მას შემდეგ, რაც მოხდა აღიარება თვეების შემდეგ, რომ თებერვალში გაიყიდა ტელევიზია, ყოფილ დამფუძნებლებს მინდა ვკითხო _ არჩევნებში რომ მოეგო ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ არ გაასაჯაროვებდნენ არხი გაყიდვის ამბავს?
მე მინდა გარანტია, რომ კიდევ არ მომატყუონ არხის მფლობელებმა. ხელისუფლებამ გადასცა არხის ყოფილ მფლობელებს სახელმწიფო ქონება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტები, თუნდაც, საბანკო გადარიცხვები, რამდენი გადაიხადეს და გადაიხადეს თუ არა ქარდავამ და ვერძაძემ. ეს საგამოძიებო ორგანოების დაინტერესებას უნდა იწვევდეს,” – ამბობს ასლან ჭანიძე.
პირველად “ტელეარხი 25”-ის გაყიდვის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერდა. გაზეთის ინფორმაციით, არხის ყოფილი მფლობელების ოჯახის ახლო ნათესავების სახელზე ერთ დღეში თბილისისა და ბათუმის ცენტრალურ ადგილებში რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა.