პრემიები გუბერნიის თანამშრომლებმა წინასაარჩევნოდაც მიიღეს. ახლა, სავარაუდოდ, ისინი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის დაასაჩუქრეს. მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების გაცემა არჩევნების შემდეგ შეჩერებულია, გუბერნიაში პრემიებს ირიგებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ პრემიების გაცემა საიდუმლოდ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, წინასაარჩევნო შვებულებაში იყვნენ გასულები. ფაქტობრივად, გურიას ხელისუფლება წინ საარჩვენოდ არ ჰყავდა. შვებულების საფარქვეშ ამოფარებული გუბერნიის თანამშრომლები თუ საჯარო პირები, ტრადიციისამებრ, არჩევნების დასრულებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მაჟორიტარების სამსახურში იყვნენ.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რამაზ ნიკოალიშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა.
ალბათ, ამ გრძელი ჩამონათვალის და მასზე დაკისრებული მოვალეობის “პირნათლად” შესრულებისთვის ეწერება გურიის გუბერნატორს ყოველწლიურად იმდენივე პრემია, რამდენიც ხელფასი. არანაკლები “დამსახურებები” მიუძღვის მის ხელქვეითებს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ გუბერნიაში პრემიები დარიგდა, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი „გურია ნიუსთან“ ადასტურებს.
_ ბატონო ვალერი, როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ, გუბერნიის თანამშრომლებს პრემიები დაურიგეთ.
_ მერე?
_ იქნებ გვითხრათ, რა დამსახურებისთვის გაეცით პრემიები? პრემიები ხომ აგვისტოში, წინასაარჩევნოდაც დაარიგეთ?
_ აი, ხომ იცით კანონები, როგორ და რისთვის ხდება პრემიების გაცემა? იმის მიხედვით მოხდა ყველაფერი, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.
როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს, კანონი განსაზღვრავს: „გუბერნატორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“