“გურია ნიუსს” მე-5 ბრიგადიდან სამხედრო მოსამსახურე უკავშირდება და ბრიგადაში დამკვიდრებულ დასჯის მეთოდებზე და იმ ვითარებაზე საუბრობს, რამაც რიგითი მახარაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
პირობითად გიორგი აცხადებს, რომ დასჯის და წამების მეთოდები ძირითადად სავალდებულო სამსახურში მყოფების მიმართ გამოიყენებოდა და შეთანხმებული იყო პირადად ბრიგადის მეთაურ ვიცეპოლკოვნიკ ხურციძესთან.
„მე-5 ბრიგადაში ჯარისკაცის დასჯის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა. იყო ე.წ. ტრადიციული მეთოდები – „დამნაშავე“ ჯარისკაცის ცემა, გინება. იყო ასევე ორიგინალური მეთოდებიც, რასაც მარტო ჩვენს ბრიგადაში იყენებდნენ.
სერჟანტები დასჯილ ჯარისკაცს აიძულებდნენ ხელში დიდი ლოდი აეღო და სამზარეულოსკენ მიმავალი ნაწილის გარშემო ერბინა იქამდე, სანამ ნაწილი სამზარეულომდე არ მიაღწევდა. ჯარისკაცებს წელზემოთ აშიშვლებდნენ, რიყის ქვებზე აწვენდნენ და აიძულებდნენ ზურგით ეხოხა და ცურვის იმიტაცია გაეკეთებინა. ხშირად ყოფილა, როდესაც სამხედრო მოსამსახურეეები ჩაცუცქულები მიუყვანიათ სასადილომდე. ჯარისკაცებს შეუბრალებლად სცემდნენ. ხშირად ისინი ამ წამებას ვერ უძლებდნენ. მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც სამხედროებმა ცემას და წამებას ვერ გაუძლეს და თვითმკვლელობის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტდნენ. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ,“ – აცხადებს გიორგი “გურია ნიუსთან“ საუბარში.
გიორგი ამბობს, რომ მას მახარაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა, რადგან მე-5 ბრიგადაში ადრეც არაერთ ჯარისკაცს ჰქონია ამის მცდელობა.
მე-5 ბრიგადის მეთაური ხურციძე ბაჩო ახალაის კადრი და მისგან წახალისებული სამხედრო მოსამსახურეა. მან ვიცე – პოლკოვნიკობას უჩვეულოდ მოკლე პერიოდში მიაღწია. მას არც შესაბამისი განათლება გააჩნია, თუმცა ახალაიებთან მეგობრობამ ყველა ბარიერი იოლად გადაალახვინა.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჯარისკაცის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება განახლდა. სამხედრო პოლიციამ ბრიგადაში მოწმეების ხელახალი დაკითხვა დაიწყო. სავარაუდოდ, სერჟანტ გელაშვილს გვერდით გაცილებით მაღალი თანამდებობის პირებს მიუსვამენ.