სოფელში მისულებს, სოფლის ხელმძღვანელობის მოსაძებნად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. ადმინისტრაციული შენობა დაკეტილი დაგხვდა და როგორც გვითხრეს, რწმუნებული იანეულში, ხოლო მისი თანაშემწეები ყანაში იყვნენ გასულები:
_ ახლა ისეთი პერიოდია, რომ ყველას საქმე აქვს ოჯახში. თუმცა, პრობლემა არ არის. როგორც კი დამირეკეთ, ხომ მოვედი, _ გვითხრა ბუკისციხის რწმუნებულის თანაშემწემ, შალვა ბოლქვაძემ, რომელსაც ხელფასს სამსახურში ყოფნისთვის უხდიან დანარჩენი კოლეგების მსგავსად.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, ბუკისციხელები, ორი წელია, სარიტუალო დარბაზს არემონტებენ და ინვენტარს იძენენ. საჭირო ინვენტარი, მართალია, სრულად შეიძინეს, თუმცა, შენობა ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. ყოფილ კულტურის სახლს, სადაც სარიტუალო დარბაზის გაკეთება გადაწყვიტეს სოფლის პროგრამის ფარგლებში, სახურავი 2010 წელს შეუკეთეს, მაგრამ გაკეთებულმა რამდენიმე დღის წინ, არც თუ მძლავრ ქარს ვერ გაუძლო.
შალვა ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ სტიქიის შედეგად სახურავის ის ნაწილი დაზიანდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შეკეთდა. თუმცა, ფაქტია, რომ ბუკისციხის კულტურის სახლს სახურავი არ აქვს.
_ ბატონო შალვა, 2010 წლის 5 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ შენობის სახურავის შეკეთება 6 807 ლარი დაჯდა და ეს გამგეობიდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტია.
_ სახურავს ხომ აქვს დარბაზი შიგნით? ის ცალკე გადაიხურა, გვერდები კი _ ცალკე.
_ ამ დოკუმენტში გარკვევით წერია სახურავის შეკეთება…
_ აბა, ცალკე ხომ არ დაწერდნენ?! _ გაკვირვება ვერ დამალა ბოლქვაძემ.
გასულ წელს ყოფილი კულტურის სახლი იანეულშიც შეაკეთეს და 7 682 ლარი დახარჯეს. როგორც აღმოჩნდა შეკეთება მხოლოდ იატაკის შეცვლაში გამოიხატა, სადაც ძველი მასალა რამდენიმე ადგილზე აქვთ გამოყენებული.
ის, რომ იატაკს პრობლემა აქვს, ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებულმა დავით სიხარულიძემაც აღიარა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იატაკის სიმყარის შესამოწმებლად რამდენიმე ბუქნის გაკეთება შევთავაზეთ და თანხმობაც მივიღეთ.
გასულ წელს, იანეულში, სოფლის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღის სახურავი გააკეთეს, რაც 9 964 ლარი დაჯდა.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ბუკისციხის სასაფლაოზე ღობე გააკეთეს. თუმცა, შეკეთებული ღობის ნახვა იმ მიზეზით ვერ შევძელით, რომ ვერ ვიპოვეთ. ამავე სასაფლაოზე ერთადგილიანი ტუალეტიც ააშენეს და ეს ყველაფერი 6 000 ლარი დაჯდა. თუმცა, ტუალეტი, რომელიც ბუკისციხის სასაფლაოზე დაგვხვდა, “უნიკალურია” _ დაუმთავრებელ ტუალეტს ორმო დაცემენტებული აქვს. თუმცა, ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა საკმაოდ ძნელია (ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ გვერდზე www.gurianews.com სათაურით “ახალი სიტყვა საპირფარეშოების მშენებლობაში”).
როგორც გავარკვიეთ, სოფლის ხელმძღვანელობას ეს ტუალეტი, როგორც მუშა ობიექტი, ისე აქვს ჩაბარებული, თუმცა კითხვაზე, რატომ არის ორმო ცემენტის ხსნარით ავსებული, შალვა ბოლქვაძე გვპასუხობს, რომ ცემენტი კი არა, შიფერია და გასახსნელად ფეხის ჩარტყმაც საკმარისია(?!).
მიმდინარე წელს, იანეულში, 9 000 ლარი იხარჯება წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. 4700 ლარი კი ოთახის რემონტისთვის დაიხარჯა, სადაც სარიტუალო დარბაზი უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ბუკისციხის თემში, ბოლო ორ წელიწადში შესრულებული პროექტებიდან, ეს ოთახი ერთადერთია, რომელიც ნორმალურად არის გაკეთებული და ხარჯებიც დამაჯერებლად გამოიყურება.