_ "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლების პოლიტიკური გეგმა მთელი სასამართლო კორპუსის (სამივე ინსტანციის ჩათვლით ) აბსოლუტურ მორჩილებაში ყოფნას ითვალისწინებდა. რა პროცესები განვითარდა სასამართლო სისტემაში 2004 წლიდან?
_ ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ფორსირებულად შეტევა, რაც პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო ცვლილებებში გამოიხატა: შეიცვალა კანონები უზენაესი სასამართლოს, საერთო სასამართლოების , მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; გახორციელდა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩამოშორება ყოველგვარი ადმინისტრაციული უფლებამოსილებისგან _ ის ვერ განახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციას ვერც მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოზე _ კონფერენციაზე, ვერც იუსტიციის საბჭოზე და ვერ უზენაეს სასამართლოზე. იდეა ერთი შეხედვით დემოკრატიული იყო, რაც იმას გულისხმობდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო მოსამართლეების დირექტორი, მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ეს ცვლილება არ ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს.
_ როგორ გახორციელდა ”მოსამართლეთა დიდი წმენდა”?
_ გზავნილი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გაუგზავნა მოსამართლეებს, შეეხებოდა გარდამავალ პერიოდში მათ თანხმობას, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიეღოთ. ეს გზავნილი შეფუთული იყო ლამაზად და ჟღერდა ისე, რომ სახელმწიფოს მათი მხარდაჭერა სჭირდებოდა. პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, უმაღლეს ინსტანციაზე _ უზენაეს სასამართლოზე წამოვიდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილი წარმოადგენდა პოლიტიკური ნების გამომხატველს სასამართლოში _ ის არც ერთი დღით არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს კანონიერი თავმჯდომარე, რადგან მოსამართლეთა ინსტიტუციის დამოუკიდებლობა არასოდეს დაუცავს..
_ ზეწოლის რა მეთოდებს მიმართავდა კუბლაშვილი?
_ იბარებდა კონკრეტულ მოსამართლეებს და სთავაზობდა, რომ ისინი ან შეასრულებდნენ დირექტივას და გახდებოდნენ პროგნოზირებადი გადაწყვეტილებების გამოტანამდე, ან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უნდა დაეტოვებინათ. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ხუთი მეამბოხე მოსამართლის მხრიდან, რომელთა შორის მეც ვიყავი, წააწყდნენ წინააღმდეგობას, მათ მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რაც შემდეგ უფლებამოსილების შეწყვეტით დამთავრდა.
უზენაესიდან ეს ტენდენცია უკვე დაბალ ინსტანციებში წავიდა და დაიწყო სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდების გამოყენება: მოსამართლეების რეზერვში ჩარიცხვა, საკუთარი განცხადებით სამსახურიდან წასვლის იძულება, მოსამართლეთა გადამაგრება სხვადასხვა სასამართლოებში მათი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად და უმოტივოდ, რადგან იქ არ იყო საქმეთა ის რაოდენობა, რაც დამატებით კადრებს საჭიროებდა. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა განრიდება ცენტრალური სასამართლოებიდან დასჯის ერთგვარი ფორმაა. ასე და ამგვარად, გახორციელდა სამივე ინსტანციის დამორჩილება და პოლიტიკური რეჟიმის სამსახურში ჩაყენება.
_ როგორ შეივსო მოსამართლეთა ვაკანტურად დარჩენილი ადგილები?
_ ჩვენი ჩანაცვლება ძირითადად ყოფილი პროკურორებით მოხდა, რომლებიც ერთ დღეში ტოვებდნენ პროკურორის პოზიციას, ხოლო 1 თვეში მოსამართლეები ხდებოდნენ. საპროკურორო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანები, რა თქმა უნდა, სასამართლოშიც პროკურორების ფუნქციას ასრულებდნენ. სწორედ ადეიშვილის კადრებს დაეკისრათ ადმინისტრაციული ფუნქცია სასამართლო ხელისუფლებაში, იუსტიციის საბჭოში, მოსამართლეთა კონფერენციაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ყველა ინსტანციის დონეზე პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებად სწორედ ყოფილი პროკურორები გაამწესეს. ამ გზით მივიღეთ სასამართლო სისტემა, რომელიც არასოდეს გამოიტანდა ხელისუფლებისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას.
_ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას დღეს მოქმედი მოსამართლეები პასუხობენ, რომ ისინი კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ის გარემოება, რომ განაჩენები ზოგ შემთხვევაში არ იყო სამართლიანი, მათი აზრით, საკანონმდებლო ხარვეზითაა გამოწვეული.
_ ეს პოზიცია არასერიოზულია, მიუხედავად იმისა, რომ კანონს აქვს გარკვეული ხარვეზები და მოსამართლე ამ კანონითაა შებოჭილი, ვერავინ დამაჯერებს, რომ მოსამართლეს უფლება აქვს მტკიცებულებების გარეშე დაადგინოს ფაქტები და ბრალდების ყველა მტკიცება გამოკვლევის გარეშე სცნოს დადასტურებულად. პრობლემა არის ის, რომ მათ მიერ გამოტანილი ყველა განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ეს კი საპროცესო კანონმდებლობაში განაჩენის გაუქმების ერთ-ერთი პირობაა.
_ სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლემ გიორგი ჩემიამ მაქსიმალური სასჯელები დააკისრა განსასჯელებს. მოსამართლეები აცხადებენ, სხვა რა უნდა ექნა გიორგი ჩემიას, ის ხომ ვერ იმსჯელებდა ახალაიას, მელნიკოვის, სალაყაიასა და დონაძის შესახებო?
_ რა უნდა ექნა გიორგი ჩემიას? გიორგი ჩემია და დანარჩენები მართლმსაჯულებას საქართველოს სახელით ახორციელებდნენ და თუ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ამაზე პასუხი არსებობს _ საერთოდ არ უნდა განეხორციელებინა მართლმსაჯულება.
თუ შენ მიგაჩნია, რომ კონკრეტული საქმის განხილვის დროს არ გაქვს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, შინაგანი მზაობა ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების გამოსატანად, სხვა გამოიტანს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა დღესაც იძლევა სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანის შანსს.
_ მოსამართლეები საკანონმდებლო ხარვეზზე აპელირებენ.
_ არაპროფესიული და არაეთიკური დამოკიდებულებაა, რომ თითქოს საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას. თუ ეს მართლაც ასე იყო, სწორედ მოსამართლეები უნდა ყოფილიყვნენ პირველნი, რომლებიც ამას ხმამაღლა დააფიქსირებდნენ, ჩვენ კი ხმალამოღებულნი ვიბრძოლებდით, რომ საპროცესო კანონმდებლობა გამოსწორებულიყო. მე მათ არგუმენტებში ვხედავ თვითაღიარებას, რომ უკანონობას აკანონებდნენ. მოსამართლეებმა დუმილით დანაშაული ჩაიდინეს, დუმილით მიუერთდნენ იმ უსასტიკეს პროცესებს, რაც მართლმსაჯულების გახორციელების დროს განვითარდა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში პასუხი ვის უნდა მოეთხოვოს?
_ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ შეურიგებელი იქნებით ყველა იმ მოსამართლის მიმართ, რომლებმაც უკანონო განაჩენი გამოიტანეს. რა სახის პასუხისმგებლობაზეა საუბარი?
_ დიახ, მე საზოგადოების სახელით გავბედე და განვაცხადე, რომ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კონკრეტული საქმის განხილვის დროს ჩაიდინეს დანაშაული ანუ მიიღეს განზრახ უკანონო გადაწყვეტილება სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეებზე, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და სამართლიანი სასამართლო პროცედურებით მათი ბრალეულობის თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტა. სისხლის სამართლებრივის გარდა, არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც. ასე რომ, ვურჩევ მოსამართლეებს, დაფიქრდნენ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი მოსამართლეებად არ დაბადებულან.
_ ძალიან ბევრი საქმე საჭიროებს ხელახალ გადახედვას. ვინ გააკეთებს ამას, საიდან მოიყვანთ ისეთ მოსამართლეებს, ვის მიმართაც საზოგადოების ნდობა მაღალი იქნება?
_ მართლაც, საზოგადოება ითხოვს, რომ საქმეთა უმრავლესობა გადაისინჯოს. თქვენი შეკითხვა სავსებით ლოგიკურია _ ვინ გააკეთებს ამას? პირველ რიგში, სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა გამონახოს, რომ სისტემა დამნაშავე მოსამართლეებისგან გაწმინდოს. ხოლო იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც არ დაუდგინდებათ დანაშაული, ჩვეულებრივ უნდა გააგრძელონ საქმიანობა. ამასთან ერთად, უნდა გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში ახალი კადრი მოვიდეს. კადრების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება თითოეული კანდიდატისადმი.
_ სასამართლოს ახალი კადრებით დაკომპლექტებას დრო დასჭირდება, საზოგადოება კი დაუყოვნებლივ ითხოვს საქმეების გადასინჯვას.
_ გეთანხმებით, მაგრამ აქაც არის გამოსავალი. სასამართლომდე არსებობს დევნის ორგანო ანუ პროკურატურა. ამ უწყების განახლებული კადრი იძლევა იმ იმედს, რომ ისინი არა მხოლოდ ბრალმდებლად წარმოიდგენენ თავს, არამედ გამოიყენებენ საპროცესო კანონმდებლობაში ჩადებულ უფლებას და ბევრ საქმეზე უკან წაიღებენ ბრალდებას..
_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სასამართლოს თავისი გრაფიკი აქვს და ვერ გაიზიარებს მთავარი პროკურორის თხოვნას, რაც გარკვეული კატეგორიის საქმეების განხილვის 2 კვირით შეჩერებას ითვალისწინებს.
_ სასამართლოსა და პროკურატურას შორის, ინსტიტუციური დაძაბულობა ნორმალურ ფარგლებში მისაღებია. ის, რაც კბილაშვილის განცხადებაში იყო, არის პასუხისმგებლობის მაღალი დონე, რომ ის პროცესზე მიავლენს მხოლოდ ისეთ პროკურორს, რომელსაც ექნება სათანადო ავტორიტეტი და უფლებამოსილება ახალი ხელისუფლებისგან. რას იზამს სასამართლო? კუბლაშვილი არ არის სასამართლოს დირექტორი, რომ მან ზოგადი განცხადებებით მითითება მისცეს მოსამართლეებს, რომელი საქმე განიხილონ და რომელი _ არა. ამის გადაწყვეტა კონკრეტული მოსამართლეების პრეროგატივაა.
კოტე კუბლაშვილს შევახსენებ, რომ 2005 წელს, ჩვენს მიერ გამოტანილი განაჩენებით განრისხებული პროკურატურა ორი კვირის განმავლობაში პროკურორებს არ აგზავნიდა უზენაეს სასამართლოში და აბსოლუტურად პარალიზებული იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. მაშინ რატომ არ გამოხატა თანადგომა კოლეგა მოსამართლეების მიმართ და არ მოუწოდა პროკურატურას, რომ ირღვეოდა საპროცესო კანონმდებლობა? ეს იყო პროკურატურის მიერ გამოცხადებული საბოტაჟი, რომელიც კუბლაშვილს არ გაუპროტესტებია.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კოტე კუბლაშვილს სასამართლოში უკანასკნელი მისია აქვს შესასრულებელი. რა იგულისხმეთ?
_ თვითონ კუბლაშვილიც სისტემის მსხვერპლია. ის ყოველთვის სრულად ემორჩილებოდა მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს. მე ვიცი საქმეები, სადაც ის მოსამართლეებს შიშისაგან აკანკალებული სთხოვდა, არ გამოეტანათ პროკურატურისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. კუბლაშვილის ერთადერთი მისია ამ ეტაპზე არის ის, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც შეინარჩუნოს მორჩილი კორპუსი ძალიან ბევრი დაუმთავრებელი საქმის დამთავრებამდე .
_ რას ემსახურება კუბლაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მოსამართლეებისთვის ხელფასის მომატების, საბინაო უზრუნველყოფის შესახებ?
_ ყველა მისი არაადეკვატური განცხადება მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების, წარმატებული სტატისტიკის თუ მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ერთადერთ მიზანს ემსახურება _ შეინარჩუნოს მორჩილი კორპუსი. როცა ასეულობით ადამიანი გახდა წამების მსხვერპლი მათივე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, ასეულობით ადამიანი მძიმედ დაავადებულია და ქვეყანაში არ არის რესურსი, რომ ამ ადამიანებს უფლებები ბოლომდე აღვუდგინოთ, ამორალურია იზრუნო საკუთარ კომფორტზე.
თქვენ გინახავთ რომელიმე მოსამართლე, რომელსაც ხმამაღლა ესაუბროს ზეწოლის შესახებ? კუბლაშვილმა ახლახანს ძალიან ხმაურიანად განაცხადა, რომ ზეწოლა ხორციელდება ”ქართული ოცნების” მხრიდან, რითაც მან დააიმედა მორჩილი კორპუსი და მეორეს მხრივ, დახმარება სთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ საკანონმდებლო დონზე გარანტირებული იქნას მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ღირსეული პირობები, მათ შორის, მოსამართლის უვადოდ დანიშვნაც, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეყოლება მაღალი ეთიკისა და მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულების გამახორციელებელი მოსამართლეები.
_ ფლობთ ინფორმაციას მოქმედი მოსამართლეების განწყობის შესახებ? მართალია, საჯაროდ მათი პროტესტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ შეუძლებელია ყველა ერთნაირად ფიქრობდეს.
_ მოსამართლეების მძიმე ყოფა ჩემთვის ცნობილია. პროკურატურის მათდამი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია მათთვის, როგორც მოსამართლეებისა და როგორც პიროვნებებისადმი, ამიტომ დროა ამაზე ხმა ამოიღონ. მოსამართლეებმა დღეს მაინც უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ხმამაღლა, თუ რატომ ვერ ახორციელებენ მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას. ნებისმიერ მოსამართლეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი და დამოკიდებულება მართლმსაჯულების გახორციელებისას შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი სასამართლო ხელისუფლება, სადაც მოსამართლეები არ ლაპარაკობენ? შეიძლება სანდო იყოს ის მართლმსაჯულება, სადაც მოსამართლეები საზოგადოებას არ არწმუნებენ, რომ არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი ?
თქვენ ნახეთ, რომ მორჩილების და დუმილის სანაცვლოდ, მოსამართლეებს ცარიელი დარბაზები შესთავაზა ხელისუფლებამ _ არც მედია და არც საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები, რომლებიც გარე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენენ, სასამართლო სისტემისთვის, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. მორჩილება მოითხოვდა ცარიელ დარბაზებს, პრესის გარეშე, განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობების განხილვისას, სადაც 25-წუთიანი პროცესები მოლაპარაკებების დონეზე მთავრდებოდა. ეს მექანიზმი, რომელიც სწრაფი, კვაზი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს, იყო ყველაზე დიდი უსამართლობის წყარო. როგორ შეიძლება საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, რომ აშკარად უსამართლო გარიგება, სადაც პროკურატურა დამატებით სასჯელად მილიონობით ლარს ითხოვს, არის საშეღავათო გარემოება ბრალდებულისათვის და მოსამართლეც ამას, ისე, რომ ეჭვიც არ ეპარება და ისე, რომ კითხვასაც არ სვამს, ადასტურებს თავისი განაჩენით.
ჩემი გამოსვლებით სულ ვცდილობ, გარკვეულწილად შევეხმიანო მოსამართლეებს და ვუთხრა, რომ არასდროს არ არის გვიან, მოსამართლეებს დღესაც აქვთ უფლება, ილაპარაკონ დარღვეულ უფლებებზე და ეცადონ, აღიდგინონ როგორც რეპუტაცია, ისე ეთიკური სტანდარტები.
_ დადგება კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი?
_ ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე ვმსჯელობთ, რაც საშუალებას მოგვცემს, სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურად მორჩილი ხელისუფლებისგან გავათავისუფლოთ. ეს არის იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენ, დევნილი მოსამართლეები, ორ ფრონტზე ვაპირებთ ბრძოლას: ახლად დაკომპლექტებულ პროკურატურაში კუბლაშვილის მიერ გახორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.
ასევე, ძალიან პროფესიულად მოვემზადებით საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნის მისაღებად. დევნილი მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით აშკარად იკვეთება კონსტიტუციის ნორმის დარღვევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომ აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის პატივისცემის იდეით გამოიტანოს გადაწყვეტილება.
_ განიხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე?
_ ოფიციალურად შეთავაზება არ მაქვს . ეს ამბავი თქვენსავით მედიით შევიტყვე. მიუხედავად იმისა, გავხდები თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან ამ დღეებში საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ეს ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ თუ ქვეყანას ისევ დავჭირდები მართლმსაჯულების განხორციელების სადავეებში, მე, რასაკვირველია, ამისთვისაც მზად ვარ.