გურიაში “ენერგო პრო ჯორჯიას” 46 605 აბონენტი ჰყავს. აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ 25 000, ლანჩხუთში ჴ 12 605, ჩოხატაურში _ 9 000. ენერგოვაუჩერების რაოდენობა გურიის მუნიციპალიტეტებში ასე გადანაწილდა: ოზურგეთში – 9500, ლანჩხუთში _ 8224, ჩოხატაურში _ 4906.
რამდენიმე დღეა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყეს. “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ სოფლებში ვაუჩერების განაწილება არათანაბრად მოხდა, რის გამოც, სოფლის რწმუნებულებსაც გამოუთქვამთ უკმაყოფილება. მათი თქმით, ეს პროცესი გაურკვეველ სიტუაციას შექმნის და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა, განაწყენებული მოქალაქეები უკვე პროტესტს გამოთქვამენ და ითხოვენ, მთავრობის ინიციატივა ღარიბებსაც შეეხოს. სოფლის რწმუნებულებს მოსახლეობისთვის მტკიცება უწევთ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და მათ შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფელ ჯუმათს მხოლოდ ერთი ვაუჩერი შეხვდა, გურიანთას _ 52, ასკანას კი, სადაც 375 აბონენტია, მხოლოდ _ 76. სოფელ ოზურგეთს _ 266, მრავალრიცხოვან დაბა ნასაკირალს _ 439, სილაურს _ 37…
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლავრენტი ქვილორია “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეხმარება ვაუჩერების დარიგებაში:
_ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით ვახორციელებთ ვაუჩერების დარიგებას. გამგეობა, რა თქმა უნდა, პროცესებში აქტიურადაა ჩართული.
_ როგორ ხდება სოფლებში ვაუჩერების განაწილება? ჩვენი ინფორმაციით, ერთმა სოფელმა მხოლოდ ერთი ვაუჩერი მიიღო, მეორემ _52, რწმუნებულებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
_ გაურკვეველი აქ არაფერია. განკარგულებაში წერია, რომ ვაუჩერს მიიღებს ის ოჯახი, რომლის ელექტროენერგიის მოხმარებაც უწყვეტი იყო მინიმუმ 6 თვის განმავლობაში _ 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნულ ექვსთვიან პერიოდში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება უნდა აღემატებოდეს 200 კვ/სთ-ს.
რაც შეეხება განაწილებას, სოციალურ სამსახურში ვაუჩერები ჩამოსული მზა სიების თანახმად დამზადდა. სოფლის რწმუნებულებმა სუბსიდიების სააგენტოში ხელშეკრულება დადეს, სადაც მითითებულია, თუ რა დროში უნდა დაარიგონ ვაუჩერები.
_ ანუ მუნიციპალიტეტს უკვე განაწილებული ვაუჩერი გადმოსცეს?
_ მიმართეთ სოციალურ სამსახურს და ის გაგცემთ ყველა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს.
_ რა ქნან იმ ოჯახებმა, რომლებიც ვაუჩერს ელოდებიან და გაიგებენ, რომ სიაში არ არიან?
_ ასეთმა ოჯახებმა მიმართონ რწმუნებულებს, მიიტანონ აღნიშნული ქვითრები, რომელიც ამტკიცებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში დახარჯული აქვთ 200 კილოვატი ან მეტი.
სოციალური მომსახურების გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ვასილ ხომერიკი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სიების ფორმირება მათ სამსახურს არ მოუხდენია:
_ ქვილორიამ გვითხრა, რომ ვაუჩერები თქვენთან შედგენილი სიების მიხედვით ჩამოვიდა. როგორ მოხდა ამ სიების შედგენა?
_ როგორ შედგა სია, მე არ ვიცი. იგი ენერგო კომპანიების მიერ არის ცენტრალიზებულად მოწოდებული. გადმოგვეცა მზა სია, რომელ სოფელში იყვნენ ამ დროის განმავლობაში აქტიური აბონენტები. ჩვენს სამსახურში არაფერი გაკეთებულა _ ამას თვითმმართველობები ახორციელებენ.
დაბეჭდილი ენერგოვაუჩერები ჩვენს სიებთან კავშირში არაა. სიების ფორმირება ჩვენ არ მოგვიხდენია. რატომ არ მოხდა ესა თუ ის ოჯახი სიაში, ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯიას” უნდა ჰკითხოთ.
_ გამგეობაში თქვეს, რომ ვაუჩერები დაიბეჭდა თქვენთან, შესაბამისად, რწმუნებულებმაც ხელშეკრულება თქვენთან გააფორმეს. განკარგულებაში წერია, რომ ვაუჩერების დარიგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.
_ ელექტროენერგიის ვაუჩერის დასარიგებლად დიდ ქალაქებში _ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი. მოხდა დროებითი თანამშრომლების აყვანა და სოციალური მუშაკების მიერ, დროებითი საქმიანობის გახორციელება. რაც შეეხება რეგიონებს, თავად სააგენტოს ამის რესურსი არ გააჩნია და მთავრობის დადგენილებაშიც დაშვებულია, თვითმმართველობა დაეხმაროს, რათა მოსახლეობამდე იქნას მიტანილი ეს ვაუჩერი. თვითმართველობა ამ სამთავრობო პროგრამის გახორციელებაში ეხმარება ისევ მთავრობას.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ “გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა: _ არ ვარ კომპეტენტური, მე რა შუაში ვარ? თუ სადმე დენია გათიშული, მკითხეთ, და გიპასუხებთ, როდის ჩაირთვება. დანარჩენზე ჩვენს პრესსამსახურს მიმართეთ, _ გვითხრა ნაკაიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved