მესაზღვრეებმა ჩვენება რამდენიმე თვის შემდეგ შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩხრეკის ოქმზე ხელი იძულებით მოაწერინეს და დაკავებული სინამდვილეში უიარაღოდ იყო.
ახმედ ჩატაევის ადვოკატები და ნათესავები დღეს მის გათავისუფლებას ელოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ პროკურატურა თავად იშუამდგომლობდა ჩატაევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.
დღევანდელ პროცესზე ერთადერთი მოწმე _ ექსპერტი ზურაბ ხარატიშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ შს სამინისტროს მიერ დალუქულ მდგომარეობაში წარდგენილი ორი ხელყუმბარიდან ერთის ვარგისიანობა დაადასტურა.
“წარმომიდგინეს ორი ფ-1 ტიპის ხელყუმბარა, რომელიც შედგებოდა კორპუსისა და ფეთქისაგან. ერთი მათგანი პოლიგონზე გავიტანე და ავაფეთქე, რის შემდეგაც მისი ვარგისიანობა დადასტურდა, რაც შეეხება მეორეს, ის არ გამოგვიცდია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთმტკიცება განადგურდებოდა,” _ განაცხადა ექსპერტმა.
როგორც ჩატაევის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება და ამ დროისათვის დაკითხულები არიან მესაზღვრეები და ჩატაევი: “როგორც ვიცი, მეორე საქმეზე უკვე დაიკითხნენ მესაზღვრეები, რომლებმაც აღიარეს, რომ იძულებით მოაწერინეს ამ ოქმებზე ხელი და ასევე განაცხადეს, რომ ჩატაევს არანაირი იარაღი არ ჰქონია. დაიკითხა თავად ჩატაევიც და ამით გამოიკვეთა ამ ადამიანის უდანაშაულობა. დღეს იყო იმის საფუძველი, რომ პროკურატურას ბრალი უკან გაეთხოვა,” _ განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი მზად არის, მომდევნო პროცესზე 29 ნოემბერს, სამივე მესაზღვრე წარმოადგინოს. არსებული კანონმდებლობა მოწმეს უფლებას აძლევს, არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება. ასე რომ, მესაზღვრეებმა, რომლებმაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, შესაძლოა, საერთოდ თქვან უარი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ასეა თუ ისე, ახლა ჩატაევის ბედი მათ ხელშია. სავარაუდოა, რომ პროკურატურის მიერ ჩატაევის პროცესის გაჭიანურება მეორე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. თუ ამ საქმის ძიების პროცესში ჩატავის მიმართ ახალი ბრალდება არ გაჩნდა, მომდევნო პროცესზე თავად პროკურატურა მოითხოვს მის გათავისუფლებას.