მკვლელობამდე 2 დღით ადრე, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სოსო ჩიქობავა “გურია ნიუსის” რედაქციაში იმყოფებოდა. ის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხშირად გვსტუმრობდა და იყო ჩვენი არა მხოლოდ რესპონდენტი, არამედ კონსულტანტი და მრჩეველი.
“გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, რომელიც კონტროლის პალატაში არსებულ სამართალდარღვევებს ეხებოდა, სწორედ მისი დახმარებით და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადდა.
მას არ შეშინებია იმ პირების მხილებისა, რომლებიც დღესაც მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა საშიშროების შემცველი იყო ამ მასალების საზოგადოებისთვის გაცნობა; იმედი ჰქონდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტებით დაინტერესდებოდნენ და დეტალურ გამოძიებას ჩაატარებდნენ. ჩიქობავა საფრთხეზეც საუბრობდა და მიუთითებდა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა კონტროლდებოდა, ასევე, მისი სახელით იქმნებოდა ყალბი გვერდები სოციალურ ქსელებში.
ჩიქობავა, რომელიც ძალიან ბევრ და ღირებულ ინფორმაციას ფლობდა, კონკრეტულ გვარებს ასახელებდა და ამ პიროვნებების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა; გეგმავდა, რომ რედაქციისთვის გადმოეცა შესაბამისი ვიდეოჩანაწერებიც, თუმცა, სამწუხაროდ, სოსო ჩიქობავას სიცოცხლის დაცვა სახელმწიფომ ვერ შეძლო და მან ამ ვიდეოფირების გადმოცემა ვეღარ მოასწრო.
მიუხედავად იმისა, რომ სოსო ჩიქობავას ოჯახი, ახლობლები, თანამოაზრეები და საზოგადოების ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევენ მკვლელობის ოფიციალურ მოტივს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ ამ მიმართულებით მიმდინარეობს; ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს, რომ ადამიანები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მზად არიან ხმამაღლა ისაუბრონ კონკრეტული დარღვევების შესახებ, ხოლო ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ ამ თემებზე, სამწუხაროდ, არ არიან დაცულები მსგავსი ანგარიშსწორებისგან.
მიგვაჩნია, რომ თუ დღისით, ხალხმრავალ ადგილას, სრულიად ღიად, ამგვარი შემზარავი აქტის გახორციელება შესაძლებელია, ბუნებრივია, სრულიად დაუცველი არიან ჟურნალისტები.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს, ახალ ხელისუფლებას მართებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს პუბლიკაციებზე, რომლებიც კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელენ.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეების, ჟურნალისტების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა!!!