ერთ-ერთი უმთავრესი და დღის წესრიგის პირველი საკითხი: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” რეგისტრაციის თაობაზე”, საკრებულოს წევრმა, პეტრე სალუქვაძემ წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ საკრებულოს სამმა წევრმა: ლევან ნინიძემ, დავით მდინარაძემ და გიორგი ბოლქვაძემ წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება, საკრებულოში ახალი ფრაქციის _ “ქართული ოცნების” შექმნის შესახებ.
_ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საკრებულოში შემოვიდა ერთობლივი განცხადება, ფრაქცია “ქართული ოცნების” შექმნის თაობაზე. კომისია შეიკრიბა, განიხილა ეს საკითხი და დაასკვნა, რომ მოთხოვნა შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს, მისცა მას დადებითი რეზოლუცია და წარუდგინა საკრებულოს ბიუროს. საკითხი გადაწყდა დადებითად და ამიერიდან ჩვენს საკრებულოს გააჩნია ახალი ფრაქცია “ქართული ოცნების” სახით, _ თქვა პეტრე სალუქვაძემ. ალეკო მამეშვილმა კი განაცხადა, რომ საკრებულოში ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფრაქცია, რის გამოც, ის დაავალებს აპარატის ხელმძღვანელს, შეუფერხებლად მოაგვაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა ახალ ფრაქციას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.
ახალი ფრაქციის შექმნა ხმაურით გააპროტესტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ: _ მიუხედავად ზოგიერთისადმი ჩემი პატივისცემისა, არავის აქვს უფლება, საკრებულოში შექმნას “ქართული ოცნების” ფრაქცია. იმიტომ, რომ საკრებულოში არის კოალიციის, მინიმუმ, ერთი წევრი, თემურ სალუქვაძის სახით. მე ვამბობ, რომ ეს არის კოტე შარაშენიძის ოცნება და არა “ქართული ოცნება”! ამიტომ არ ვეთანხმები და არც დავეთანხმები ამას. ცხრა წელია, ვარ ოპოზიციონერი დეპუტატი, _ ხმაში გაბრაზება დაეტყო ნაცვალაძეს, რომელმაც რამდენიმე წუთს გააგრძელა დავა, სანამ ახალი ფრაქციის თავმჯდომარე, ლევან ნინიძე არ შეეპასუხა, ეგ შენი აზრია და სხვას ნუ ახვევო. ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, დავით მდინარაძემ ლელა ნაცვალაძეს მიმართა, თუ ასე გინდოდათ, შეგექმნათ შენ და სალუქვაძეს ფრაქცია, ვინმემ დაგიშალათო? ოპოზიციონერი დეპუტატი მკი შეეპასუხა, ამ ფრაქციას მორალური უფლება არ აქვს, არსებობდესო, გაბრაზებულმა მდინარაძემ საკრებულოს სხდომა დატოვა.
საბოლოოდ, ალეკო მამეშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილი ცნობა მიღებულია, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება, აზრის გამოთქმა კი ყველას შეუძლია და ხომ გამოთქვიო? _ ჩაეკითხა ნაცვალაძეს. ამის შემდეგ, დღის წესრიგის პირველ და მნიშვნელოვან საკითხს კენჭი უყარეს და ამიერიდან, ოზურგეთის საკრებულოში იარსებებს ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება”.
დღის წესრიგის მეორე საკითხიც _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თეიმურაზ სალუქვაძისთვის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე” _ პეტრე სალუქვაძემ გააცნო დეპუტატებს. სხდომაზე იმყოფებოდა დიმიტრი კვერღელიძე, ვისითაც უახლოეს მომავალში სალუქვაძის ჩანაცვლება უნდა მოხდეს. თუმცა, ჯერ კენჭი უყარეს სალუქვაძის უფლებამოსილების შეწყვეტას.
_ შემდეგი პროცედურაა, მივმართოთ საოლქო კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მათგან მივიღებთ ინფორმაციას ადგილმონაცვლეობის შესახებ, _ განაცხადა ალეკო მამეშვილმა.
ასე რომ, ჯერჯერობით, სალუქვაძის ადგილმონაცვლე კვერღელიძე, საკრებულოს წევრად არ ითვლება.
სწრაფად უყარეს კენჭი დღის წესრიგის მესამე საკითხსაც, რომელიც გამგეობის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ფორმების და ანგარიშსწორების წესის დამტკიცებას შეეხებოდა.
დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვან საკითხზე: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, _ საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ლია ქათამიძემ ისაუბრა და რადგან, რამდენიმე დღით ადრე პროექტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც განიხილეს, შენიშვნების გასათვალისწინებლად, გამგეობას უკან დაუბრუნეს.
სხდომის მსვლელობისას, დარბაზში ხმაურით შემოიჭრნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. მათ შორის, ერთი _ ნარი ჩავლეშვილი პირდაპირ თავმჯდომარისკენ გაემართა და ხმამაღლა ითხოვდა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რომელიც პროკურატურამ შეუქმნა. საპირისპიროს ამბობდა ოზურგეთელი ეთერ მგალობლიშვილი: “რა გინდათ ასეთ კარგ ხალხთან, ყველას ორმოცი გზობა რომ დაგეხმარნენ, იმიტომ ყვირით? ძალიან კარგია ნაციონალები!”
ამან საკრებულოს სხდომა ახალ და ძველ ხელისუფლების მომხრეთა “დუელს” დაამსგავსა. როგორც შემდეგ გაირკვა, საფუძვლად თურმე ასეთი სარჩული ედო: “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან მისულ სოციალურად დაუცველებს, საკრებულოს სხდომაზე მისვლა ურჩიეს. ეს გაიგეს საკრებულოს ნაციონალმა წევრებმა და “თავისი მომხრე” რამდენიმე მადლიერის მოყვანა მოახერხეს. ასე შეხვდა ეს ორი მხარე ერთმანეთს საკრებულოში. ვიდრე ისინი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ლელა ნაცვალაძემ მამეშვილს შესძახა, ეს არის საკრებულო? უნდა დაგემშვიდობოთ, მივდივარო, რასაც დეპუტატ მჟავიას რეპლიკა მოჰყვა _ მერამდენედ გვემშვიდობები, აღარ მოხვალ?
სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომლებიც შეეხებოდა 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცებას, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის თანხმობის მიცემას, რამდენიმე წუთში განიხილეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინე სუნგულიამ “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ მიესალმება საკრებულოში კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნას: “თუმცა, იმ სამმა დეპუტატმა, რომლებიც ადრე “ნაციონალური პარტიის” მხარდამჭერები იყვნენ და ახლა “ოცნებას” შეუერთდნენ, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ, არც თუ ახლო წარსულში მქონე პოზიციის გამო”.