უცხო სუნელი საოცარი გემოთი და სურნელით გამორჩეული სანელებელია. ზოგს იგი ქართული წარმომავლობისა ჰგონია, თუმცა, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ინდოეთიდან. ამ მცენარემ გავრცელების არეალი ძალიან კარგად ჰპოვა, სახელი “უცხოც” ამიტომ შემორჩა და კერძებისა თუ საწებლების მოსამზადებელ აუცილებელ სანელებლად იქცა.
ახლა, შემოდგომის მიწურულს, ის ბლომადაა დასავლეთ საქართველოს არა ერთ რაიონში, განსაკუთრებით, იმერეთში.
ჩემს მშობლიურ სოფელში, ხონის რაიონში, აქვთ ასეთი წესი: შემოდგომის ბოლოს, ათი დღის განმავლობაში, წყლის წისქვილებში “უცხო სუნელის” სეზონია _ ამ დროს მას ფქვავენ. დოლაბი გრიალებს, ოფიჩოში დაფქული სანელებელი იყრება, სურნელი კი მთლიანად იგრძნობა პატარა სოფლის სივრცეში. ყველა ოჯახმა ამ მონაკვეთში უნდა მოათავოს “უცხო სუნელის” დაფქვა. შემდეგ დოლაბებს აიღებენ, საგულდაგულოდ გაწმენდენ და ზედ კვლავ სარეკელას დაადებინებენ თავს.
რიგიანმა დიასახლისებმა, ვისაც შინ არ აქვს უცხო სუნელი, სწორედ ახლა, შემოდგომის მიწურულს უნდა შეიძინონ, თან მთელ ზამთარში სამყოფი. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ _ რადგან უცხო სუნელზე დიდი მოთხოვნაა და გადამყიდველებიც აქტიურობენ, ამ პერიოდში ხდება ამ სანელებლის დიდი რაოდენობით შეძენა ცალკეული პირების მიერ. შემდეგ მასში ურევენ სიმინდის ფქვილს და ასე ყიდიან. რა თქმა უნდა, ეს ფალსიფიკაციია, თან საკმაოდ გავრცელებული. ამ პერიოდში უცხო სუნელი, ქინძი თუ სხვა სანელებლები გაცილებით იაფია და ნატურალურიც. ზამთარში კი შედარებით ძვირი და ფქვილშერეული, რომელიც იძენს მომწვანო ფერს, ადვილად ობდება და მომწარო გემოც აქვს.
გირჩევთ, ახლა შეიძინოთ და ზამთრისთვის მოიმარაგოთ უცხო სუნელი, ეს იშვიათი სანელებელი, რომლის გარეშე უამრავი კერძი კარგავს გემოსა და სურნელს.