“გურია ნიუსის” არქივში ინახება ფოტოები, რომლებიც 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაა გადაღებული _ “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო გამოსახული, ოზურგეთის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე… ნაგვის ურნებზეც კი იყო გაკრული!
ეს ფოტოები „გურია ნიუსმა” ადრე დილით გადაიღო, სანამ დასუფთავების სამსახურსა და პარტიის აქტივისტებს გულმოდგინედ და სასწრაფო წესით ჩამოაფხეკინებდნენ პლაკატებს.
მაშინ, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები”ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ავთანდილ მექვაბიშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. “ნაციონალები” ამბობდნენ, რომ რომ ეს პლაკატები ოპოზიციის წარმომადგენელებმა მოიპარეს და სანაგვე ურნებზე სპეციალურად გააკრეს, ხოლო ოპოზიცია აღნიშნავდა, რომ პლაკატები მათ ხელში ვერაფრით მოხვდებოდა და სანაგვე ურნებზე პრეზიდენტის პლაკატები ზედმეტი გულმოდგინებით მომუშავე ნაციონალმა აქტივისტებმა გააკრეს.
ახლა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაში ჩაფლული აბრა გამოჩნდა, რომელზეც აწერია: “ნაციონალური მოძრაობის საფლავი, 2013 წელი”.