საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი, “ცენტრ პოინტი ჯგუფის” საქმიანობას უკავშირდება. ამ კომპანიის ვალდებულებების შესრულება საკუთარ თავზე პრობლემური აქტივების მმართველმა კომპანია “დექსუსმა” 2010 წელს აიღო. სამშენებლო სკანდალის დეტალები “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეისწავლა და მედიას კვლევის შედეგები გააცნო. პრეზენტაციას კომპანია “დექსუსის” წარმომადგენლები, უფლებადამცველები და თავად სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკვლევარების მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ “6200-მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ არამიზნობრივად გამოიყენა, რის შედეგადაც 30 ათასამდე ადამიანი დაპირებული ბინების გარეშე დარჩა.”
ცენტრ პოინტი საქართველოს ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს: ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს და მის დას, რუსუდან კერვალიშვილს ეკუთვნის.
1999 წელს დაფუძნებულ კომპანია ცენტრ პოინტში, 2008 წელს ფინანსური კრიზისი დაიწყო. 2 წლის შემდეგ კი, იმ მიზეზით, რომ აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, ხელმძღვანელობამ ეს პასუხისმგებლობა სხვას გადააბარა. 2010 წლის 23 აგვისტოს 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირებულმა კომპანია “დექსუსმა”, ორი კვირის შემდეგ “ცენტრ პოინტი ჯგუფის” ვალდებულებების შესრულება საკუთარ თავზე აიღო. კომპანიის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, 3 წლის განმავლობაში ყველა დაზარალებული დაეკმაყოფილებინა.
“დექსუსმა” “ცენტრ პოინტი ჯგუფის” კომაპნიებთან კლიენტების მიერ დადებული პირველადი ხელშეკრულების პირობები გააუარესა და მათ დამატებითი გადასახადებისა და მშენებლობის თანხების გადახდა მოსთხოვა. „დექსუსი“ სავარაუდოდ მონაწილეობდა უკანონო გარიგებებში, რომლის მეშვეობითაც დაზარალებული კლიენტების კუთვნილი ფასეული ქონება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს გადაეცათ… „დექსუსმა“ შეჩერებული 30 სამშენებლო პროექტიდან 8 პროექტი დაასრულა და დამატებით 7 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ლაშა გოგიძე.
„დექსუსის“ დამფუძნებელი ირაკლი კილაურაძე აცხადებს, რომ დღეს მათ მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უწევთ… მისი განცხადებით, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ხდება ობიექტის შესწავლა ფინანსურად, ფიზიკურად და იურიდიულად. შემდეგ დგინდება, რა არის ასაშენებელი, რა გაიყიდა და რისი გაყიდვა შეიძლება, ასევე ზუსტდება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის მოცულობა.
„ვალის ოდენობა დგინდება. ამის შემდეგ კი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს იმ თანხის დამატებას, რომელიც დეფიციტურია. ხელშეკრულების გაფორმების მერე იწყება კონკრეტული პროექტის რეაბილიტაცია. ეს “დექსუსის” პროგრამაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. გაკოტრებული კომპანიის მდგომარეობიდან გამოყვანას ვცდილობთ. თუ რატომ გაკოტრდა ეს კომპანია, კითხვა ჩვენს მიმართ ვერ დაისმება… მომხმარებლებს ვთავაზობთ, რომ დაახლოებით 20 პროცენტის დამატებით მოხდეს მათი ჩადებული ქონების რეაბილიტაცია. რა სჯობს, ხალხმა 20 პროცენტი იზარალოს, თუ 80 პროცენტი? აშკარაა, რომ 20 პროცენტის დამატებით ეს ხალხი მომგებიან მდგომარეობაშია. ასევე პირობებიდან ამოვიღეთ ბინების რემონტი, რაც თავის მხრივ ხარჯების შემცირებაა. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პროექტები დაგვესრულებინა. სხვა გზა ჩვენ ვერ ვნახეთ…“, – გვითხრა კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მყარი მტკიცებულებები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ დაიწყო “ცენტრ პოინტის ჯგუფის” საქმის გამოძიება.
სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებული მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათი ქონება და ჯანმრთელობა ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციას შეეწირა. „ასეთი მასშტაბური დანაშაული საქართველოსთვის ჯერ ცნობილი არ ყოფილა. ცენტრ პოინტთან დაკავშირებულ ელიტურ კორუფციაში საბანკო სექტორი, საჯარო რეესტრი, თბილისის მერია, პროკურატურა, სახალხო დამცველი, საქართველოს იმჟამინდელი პარლამენტი, იმჟამინდელი მთავრობა, სასამართლო სისტემა რომ არის ჩართული, ეს ცხადია. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცებულებები გაგვაჩნია. ასევე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ამ საქმეში დაახლოებით 7 სახის დანაშაულია იკვეთება,” – ამბობს ადვოკატი და სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებული მარინე კორძაძე.
დაზარალებულების საქმის გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ 23 ოქტომბერს დაიწყო. არჩილ კბილაშვილის უწყებაში საქმეს ანტიკორუფციული დეპარტამენტი განიხილავს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გენერალური პროკურორი ამ საკითხის გამოძიებით პირადად დაინტერესდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კი, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული მომხმარებლების საქმის გამოძიებით ასევე დაინტერესებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.