მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ებრაელი ინვესტორები.
“ახლა საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ. სამინისტროში ინვესტორებთან ურთიერთობის საბჭო შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. საბჭო თითოეულ ინვესტორთან ურთიერთობას ინდივიდუალურად განიხილავს. რეგულარულად იკრიბება და წყვეტს ყველა იმ საკითხს, რომელიც კონკრეტულ ინვესტორს აინტერესებს,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მინისტრს მიაჩნია, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში მათი მუშაობის შედეგი საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში აისახება.
საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სტატისტიკა ბოლო პერიოდში შემცირებულია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. “ინვესტიციები ერთი თვის ჭრილშია დაკლებული. ეს ბუნებრივი პროცესია. ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილების პირობებში ინვესტორებს აინტერესებთ ახალი “მესიჯები”, ახალი პოლიტიკური კონტურები და ინვესტიციების შემცირება გასაკვირი არ არის. მთავარია მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდებში ინვესტორების შემოსვლის ტენდენცია შევინარჩუნოთ,” – ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.