როგორც სხდომაზე ითქვა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3%–ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი 10%–ია, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის 15% შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ სტატისტიკა არაზუსტია, რასაც შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს, დაწყებული სტიგმატიზაციის შიშით დასრულებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სირთულეებით.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული ცვლილებისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია. ეს ადამიანები ხშირად ხდებიან არასათანადო, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ინფრასტრუქტურული ბარიერები, ინსტიტუციურ ბარიერებთან ერთად ამ ადამიანებისათვის ფაქტობრივად გადაულახავი შეზღუდვებია სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის მისაღებად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფის საკანონმდებლო ხარვეზად რჩება გაერთიანებული ერების 2006 წლის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის პროცესის შეფერხება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული კატეგორიის ადამიანების თხოვნაა, პარლამენტმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მოახდინოს კონვენციის რატიფიცირება. სხდომაზე ითქვა, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს რატიფიცირებისთვის პარლამენტსი ჯერ-ჯერობით არ გადმოუგზავნი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით საკითხის შესწავლისა და პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეტად წარმოჩენის მიზნით კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
_ ,,ჩვენმა კომიტეტმა ნოემბერში პრიორიტეტები გამოაცხადა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ეთმობა. სამუშაო ჯგუფი მთავრობასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას რატიფიცირებისთვის მოამზადებს. სახელმწიფოს ამ პირებზე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე პროექტებზე. კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კანონპროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები მომავალ სესიამდე გადაიდოს, მანამდე კი კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართოს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხვალისთვის გადაიდო პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნულ კანონპროექტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავს.