ასლან აბაშიძისა და მიხეილ სააკაშვილისაგან კონცერტებით განებივრებულ ბათუმელებს წელს 2013 წლის დადგომა ოჯახებში, მშვიდ გარემოში მოუხდათ. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ახალმა მთავრობამ მერიას ბიუჯეტი შეუმცირა და შესაბამისი თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდა. ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საახალწლო განათება, არ იყო ფეიევერკი, არც კონცერტი. წინა წლებში კი საახალწლო განწყობის შექმნისა და კონცეტრებისთვის ათეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა.
“გურია ნიუსის” მკითხველს 2010 წლის საკონცერტო და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს ვთავაზობთ.
2010 წლის ზაფხულში ბათუმში ჯგუფ “მგზავრების” კონცერტი გაიმართა. “მგზავრების” მონაწილეობით გამართული კონცერტის პირდაპირი ეთერით ტრანსლირება უზრუნველყო “ჰორიზონ ტვ სტუდია”-მ უზრუნველყო. მხოლოდ პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისთვის მერიამ 38 351 ლარი დაიხარჯა. “ჰორიზონ ტვ სტუდიასა” და ბათუმის მერიაშ შორის ხელშეკრულება 2010 წლის 05 მაისს გაფორმდა.
ივლისში ბათუმს მაია ქეი ეწვია. ცნობილი დიჯეი კერძო კლუბ “ბამბა რუმსის” გახსნაში მონაწილეობდა. 30 ივლისს კი ბათუმის ახალ ბულვარში ვოკალისტებთან ერთად შოუ გამართა. უცნობია რამდენი გადაუხადეს მაია ქეის, თუმცა მხოლოდ შოუს ორგანიზებისათვის 348 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
აგვისტოში კი ბათუმს კიდევ ერთი ცნობადი სახე, ქრის დე ბურგი ეწვია. ბრიტანელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის კონცერტის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისათვის შპს “ჰორიზონ ტვ სტუდია”- 42 ათასი ლარი გადაუხადეს. ამ შემთხვევაშიც უცნობია, რამდენი გადაუხადეს ქრის დე ბურგს. მერიამ მხოლოდ პირდაპირი ეთერით ტრანსლირების ხარჯი გადაიხადა.
“გურიანიუსის” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით 2010 წლის ოქტომბერში უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ორგანიზებისათვის 160 000 ლარი გამოიყო, მაგრამ დოკუმენტში არ წერია ვინ მიიღო ამ კონცერტში მონაწილეობა.
2010 წელს გაიხსნა “ალი და ნინო”-ს ქანდაკება. ქანდაკება კი 2 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდა. მისი დამონტაჟება 271 400 ლარი. ქანდაკების საზეიმო გახსნისა და ბექა გოჩიაშვილის მონაწილეობით კონცეტრის ორგანიზება ბიუჯეტს 72 ათასი ლარი დაუჯდა. მათ შორის კონცერტის ორგანიზატორ შპს”ჰორიზონ ტვ სტუდიას” 23 ათასი ლარი ერგო, თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს 32 ათასი, ხოლო პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისათვის “ტელეიმედს” 15 340 ლარი გადაურიცხეს.
ნოემბერში ბათუმის მერიამ კიდევ ერთი საკონცერტო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებით საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისათვის ი.სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელწიფო აკადემიური დასის მონაწილეობით ღონიძიებებისათვის შპს “ბიზნეს პროტოკოლი პლიუსი” 4 ნოემბერს 144 ათასი, 14 დეკემბერს კი 2 მილიონ 360 ათასი ლარი გადაურიცხეს. ახალი წლის ღამეს კონცერტისათვის კი 195 ათას ლარზე მეტი.
თუმცა ახალ წლამდე, 25 ნოემბერს ზღვისპირა ქალაქს პლასიდო დომინგო სტუმრობდა. დომინგოსა და ოპერის ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტის ორგანიზება ჯამში 14 მილიონ 480 ათასი ლარი დაჯდა. აქედან მილიონზე მეტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს გადაუხადეს.
2010 წელს ჩატარდა “ბათუმზე შექმნილი სიმღერების კონკურსი”. ოქტომბერში კონკურსის ჩატარების მომსახურება 200 500 ლარი დაჯდა.
იმავე წელს კიდე ერთი კონკურსი ჩატარდა. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი “ბათუმის ტალღა 2011” წინამოსამზადებელი სამუშაოები 9900 ლარი, ხოლო სცენისა და გახმოვანება-განათებისათვის 2 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.
2010 წელი ფესტივალებითაც დატვირთული იყო. სიმფონიური მუსიკის ფესტივალი 25 ათასი ლარი დაჯდა. 28 აგვისტოდან – 2 სექტემბერის ჩათვლით ფესტივალის ტექნიკური უზრუნველყოფით მომსახურება 41 ათასი ლარი, ხოლო ამავე კონცერტის გახსნისა და დახურვის ორგანიზებისათვის 30 ათასი ლარი გამოიყო.
სექტემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით მერიამ შეიძინა ფეივერკები 50 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა სავარაუდოდ ეს ფეივერკი არა საახალწლო ღამისათვის, არამედ, რომელიმე კონცერტის დახურვისათვის იქნა შეძენილი.
2010 წელს ბათუმის საახალწლო მორთვა 80 ათას ლარამდე დაჯდა.
ჯამში 2010 წელს ბათუმის მერიამ საკუთარი ბიუჯეტითა თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ტრანშის სახით მიღებული თანხით კონცერტებისათვის 20 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დახარჯა. ამ ხარჯებში არ შედის უცხოელი შემსრულებლების ჰონორარები. ეს ციფრი არც ხარჯვის სრულ სახეს ასახავს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბათუმის მერია მხოლოდ კონცერტების ორგანიზების ან ტელე ეთერით ტრანსლირების ხარჯებს იხდიდა. ბათუმში გამართული კონცერტების საერთო ხარჯი გაცილებით მეტია ვიდრე 20 მილიონი ლარი წლის განმავლობაში.