_ დაკარგული იყო ძვირადღირებული ვიდეო-აპარატურის ნაწილიც. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან “ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის ინფორმაცია დაკარგული აპარატურისა და გამქრალი არქივის შესახებ, მინისტრმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა და გენერალური ინსპექცია სწავლობენ.
“გურია ნიუსი” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა _ თავდაცვის სამინისტროში შაშკინის გუნდს ის განათლების სამინისტროდან გაჰყვა. პოტრჟებსკაია ამბობს, რომ მას მართლაც დახვდა წაშლილი არქივი და მწირი ტექნიკა.
“სამწუხაროდ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა თავდაცვის სამინისტროში _ 2012 წლის ივლისში, საარქივო მასალა დამხვდა წაშლილი, და სწორედ ჩვენმა გუნდმა მოახდინა ამ ფაქტზე რეაგირება, არქივის შექმნა მოგვიხდა თავიდან. რაც შეეხება აპარატურის გაუჩინარებას, აპარატურა ჩვენი მისვლის დროს დაგვხვდა საკმაოდ მწირი, რაზეც ასევე მოვახდინეთ რეაგირება და საქმის კურსში ჩავაყენეთ სამხედრო პოლიცია. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ოქტომბრის 28-დან აღარ ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში და არ ვარ განვითარებული მოვლენების საქმის კურსში,” _ ამბობს ნინო პოტრჟებსკაია ჩვენთან საუბარში.
სალომე მახარაძე, რომელმაც თავდაცვის სამინისტრო გასული წლის ივლისში დატოვა და ბაჩო ახალაისთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, არქივის წაშლის ბრალდებას უარყოფს: “ჩემი იქ მუშაობის დროს არსებული ყველაფერი გადაბარებულია საბუთებით, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენებით და მითითებით. რაღაც სხვა იქნება, ალბათ.”
_ ნინო პოტრჟებსკაია ამბობს, რომ მას წაშლილი არქივი დახვდა.
_ მე უკვე მოგწერეთ პასუხი. ნინომ რა თქვა, ეგ არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ _ ყველაფერი თავის ადგილზე იყო დაბინავებული.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროში მისვლის შემდეგ, ვებგვერდის განახლების მოტივით წლების განმავლობაში საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია წაიშალა და ათვლის წერტილი შაშკინის გამინისტრებიდან დაიწყო.