თენგიზ გუნავას დანიშვნას მოჰყვა მთავარი პროკურატურის განცხადება, გუბერნატორის სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ორი ეპიზოდის დამატების შესახებ. საუბარია თანხის მითვისებასა და მძღოლის დაჭრაზე.
განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
_ მე უფრო ყურადღებას გავამახვილებდი გუნავასთან მიმართებაში, ადამიანი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული სხვადასხვა მუხლით და როგორც ვიცი, საქმე გადაგზავნილია სასამართლოში. საჯარო სამსახურში, გუბერნატორად ასეთი პირის დანიშვნა, პრეზიდენტის მხრიდან, არც მეტი, არც ნაკლები, სრული თავხედობაა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნის სრული იგნორირება. მათი მხრიდან კი მსგავსი ქმედება არის იმის დემონსტრირება, როგორ მფარველობს პრეზიდენტი თავის ერთგულ მომხრეებს და მხარდამჭერებს და როგორ აწინაურებს დანაშაულში ბრალდებულ პირებს. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. პრეზიდენტი, რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობები გააჩნია ქვეყნის წინაშე, ცხადია, ასე არ იქცევა.
როგორც ჩანს, ასეთი ქმედებებით ცდილობს შეინარჩუნოს ოქტომბრამდე თავისი კოჰორტა, რათა რაღაცნაირად ხარკი გადაუხადოს მათ. _ განაცხადა მანანა კობახიძემ.