მას ბრალად ედება: პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შოთა ხიზანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცეული 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ევრო.
კერძოდ, კოალიცია “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით მან ივანე მერაბიშვილის დავალებით 150 000 ევრო გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესარიონ სურმავას. ამ უკანასკნელს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება და დაესმინა ბიძინა ივანიშვილი, თითქოსდა კოალიციის ლიდერთა ფარულ მიყურადებას აწარმოებდა მისი დავალებით. სინამდვილეში არასანქცირებული მიყურადება და პირადი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ.
შოთა ხიზანიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით”