ერთ დროს ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასული, ამჟამად ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი კახა ასკურავა, იმ მწვავე პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც აღნიშნულ საავადმყოფოში დღეს არსებობს. როგორც თავად ამბობს, პრობლემები ბევრია, მაგრამ შეძლებს, მოერიოს. მით უფრო, როცა, მისივე თქმით, გვერდით ვირტუოზი ექიმები ჰყავს. პაციენტები კი ამბობენ, რომ პალატები ჩამონგრეულია, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მათ და აქ მოხვედრას, ჯოჯოხეთში მოხვედრასაც ადარებენ.
_ ბატონო კახა, რამდენი ადამიანია დასაქმებული ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოში და გეგმავთ თუ არა შტატების შემცირებას?
_ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მედპერსონალი შევამციროთ, პირიქით _ სამწუხაროდ, არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ექიმები. აქ მუშაობენ კვალიფიციური, ვირტუოზი პროფესიონალები, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. არის სხვადასხვა სპეციალობები, რომლის სპეციალისტები საერთოდ არ გვყავს. მაგალითად, არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ექიმი-რეანიმატოლოგი, არ გვყავს არც ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, არც სტომატოლოგი და არც ყბა-სახის ქირურგი. როგორ უნდა შევამცირო კადრები, როცა იქეთ ვეძებ? რაც შეეხება საშუალო და დაბალ პერსონალს, ნებისმიერ ახალგაზრდას, მხედველობაში მაქვს განათლებული და ამასთანავე სურვილი მაქვს იყოს პროფესიონალი, საშუალება ექნება დაიწყოს ჩვენს კლინიკაში მუშაობა, გაიზარდოს და მიიღოს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. თუმცა, აღვნიშნავ, რომ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც კვალიფიციური ექიმების ზედამხედველობის ქვეშ მუშაობენ.
_ თუ ასეა, აპირებთ სპეციალისტების მოძიებას?
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ, ვეძებთ, მაგრამ ასე მარტივი არ არის კვალიფიციური კადრების მოპოვება. კარგი სპეციალისტის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. მიუხედავად ამისა, შემცირება ამ ეტაპზე არ მოხდება.
_ როგორია თქვენთან საშუალო ხელფასი?
_ ზუსტად, სახელობითი სიით ვერ გეტყვით, ვის რამდენი აქვს, მაგრამ ხელფასები ჩვენთან საკმაოდ მაღალია! ჩვენს ხელფასებს ვერ შევადარებ ტატიშვილის კლინიკის და სხვა კერძო კლინიკების ხელფასებს, მაგრამ არ არის ცუდი ანაზღაურება. თუმცა, შემიძლია, ვთქვა, რომ ბათუმის საავადმყოფოების ხელფასებზე მაღალი ხელფასები ჩვენთან ნამდვილად არის, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.
_ დროულად თუ იღებენ ხელფასს თანამშრომლები?
_ ეს პროცესი სადაზღვევო კომპანიებისგან თანხების ჩამორიცხვებზეა დამოკიდებული. გადმორიცხვა ცოტა გვიანდება, მაგრამ დიდ დაგვიანებას ვერ დავარქმევ. მაქსიმუმ, 2 თვე. როგორც კი ჩამორიცხავენ თანხას, ხელფასები მაშინვე რიგდება.
_ პაციენტები ამბობენ, რომ პალატები ჩამონგრეულია, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ავადმყოფებს. აქ მოხვედრას, ჯოჯოხეთში მოხვედრასაც ადარებენ!
_ ამ ფაქტს ვერ უარვყოფ. როცა მოვედი, გაკეთებული არაფერი დამხვედრია, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, საქმე გავაკეთო და კარგით შევცვალო. არსებულის გამოსწორებას საკმაოდ სოლიდური ფინანსები სჭირდება. პაციენტები რომ საყვედურობენ, მართლები არიან, მაგრამ ასე შევხედოთ ამ პრობლემას _ ეს კლინიკა რომ არ იყოს, პაციენტი წავა ქუთაისში, თბილისში თუ ბათუმში? არის კი მისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება სხვა ქალაქებში?
_ რას გეგმავთ სამომავლოდ?
_ პროექტს ვამზადებ. თუ დაგვაფინანსებენ, გვექნება თანამედროვე ტიპის რენტგენის აპარატი, გასტროენდოსკოპი და დეფიბრილატორი. რაც შეეხება განყოფილებებს, თითქმის ყველა სარემონტოა, ქირურგიის გარდა, რომელიც ასე თუ ისე, ნორმალურ მდგომარეობაშია. გვინდა, რომ ფასადი შევაკეთოთ, მაგრამ ამას სერიოზული თანხები დასჭირდება. ყველაზე მთავარია შენობის გაზიფიცირება, რადგანაც მთლიანი შენობის ელექტროენერგიით გათბობა ზამთრის პერიოდში, თვეში, 5 000 ლარამდე ჯდება, რისი გადახდაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა. თითქმის ამორტიზირებულია კანალიზაცია და შიდა გაყვანილობა.
_ მნახველები საავადმყოფოში შესვლისთვის 1 ლარს იხდიან. ეს გადასახადი თქვენი მოსვლის შემდეგ დაწესდა.
_ მართალია, მაგრამ 2-დან 4 საათამდე პაციენტის მონახულება უფასოა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, გახშირებული ვირუსული ინფექციების ფონზე. ბევრმა კლინიკამ ზამთრის პერიოდში საერთოდ კარანტინი გამოაცხადა, რადგან არ შეიძლება კლინიკაში თავისუფლად მოძრაობდეს ყველა, ვისაც მოესურვება და რაც ყველაზე უარესია, ყველგან შესვლის საშუალება ჰქონდეს. წესრიგი რომ დამყარდეს, ამიტომ დაწესდა ეს გადასახადი. გადახდის შემდეგ ქვითარი გამოიწერება. მედპერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უსაფრთხოების ღილაკის დამონტაჟებასაც ვაპირებთ _ თუ თანამშრომელი ჩათვლის, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, ამ ღილაკის მეშვეობით დაცვის პოლიციას გამოიძახებს. ისე, როგორც ყველა ნორმალურ კლინიკაში არის მიღებული.
_ ქალაქის ცენტრში შენდება “პსპ”-ს დიაგნოსტიკური ცენტრი. რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება თქვენი კლინიკა?
_ ის არის კერძო კომპანია, ჩვენი კი _ სახელმწიფო, რომელსაც სხვა დატვირთვა აქვს. პაციენტს ექნება არჩევნის გაკეთების საშუალება _ სადაც უფრო კარგად და იაფად მოემსახურებიან, იქ მივა.
_ დაპირებული 100 ახალი საავადმყოფოს შენების პროცესი ოზურგეთიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს პროექტი საქართველოს მასშტაბით ჩავარდა. ხომ არ არის რაიმე სიახლე ამ კუთხით, რაც ამ საავადმყოფოს თანამედროვე კომფორტულ სამედიცინო დაწესებულებად გადააქცევს?
_ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
_ როდის დასრულდება რემონტი თუ რეორგანიზაცია თქვენს კლინიკაში?
_ ვერ გეტყვით, ჩემი მუშაობის პერიოდში თუ ჩემს შემდეგ. მთავარია, პროცესი დაიწყო, ეს იქნება მუშაობა განახლებისთვის და საბოლოო ჯამში, არც ჩემს პერიოდში, არც ჩემს შემდეგ, არ შეჩერდება.
_ ამბობენ, რომ ეს თანამდებობა თქვენთვის ტრამპლინი იქნება.
_ ჩვენი დანიშნულებაა პაციენტს მაღალ დონეზე მოვემსახუროთ. სხვა გეგმები, ჯერჯერობით, არ მაქვს. ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, ან ვინ რას ამბობს ჩემზე.
_ ჯერ ოპოზიციაში იყავით, შემდეგ ვიცე-გუბერნატორის პოსტი გეკავათ. ახლა პროფესიით მუშაობთ. მომავალში უფრო მაღალ თანამდებობას ხომ არ ელოდებით?
_ თქვენ დიდი ხანია ჟურნალისტი ხართ. იცით, რა იქნება ხვალ? მე პროფესიით ექიმი ვარ და ყოველთვის სურვილი მქონდა, მემუშავა ჩემი სპეციალობით, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედი მაქვს, საქმეს თავს გავართმევ, კლინიკას კონკურენტუნარიანს გავხდი. რა იქნება მომავალში, ამაზე წინასწარ საუბარი გამიჭირდება.
_ პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
_ დავიბადე ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ქვიანში, მყავს დედა, მამა, ძმა, ძმისშვილები. ვარ 34 წლის, პროფესიით ექიმი, სპეციალობით მკურნალი ექიმი. ოჯახის შექმნას უახლოეს პერიოდში ვაპირებ. დიდი სურვილი მაქვს, მივხედო ამ კლინიკას და მივცე თანამედროვე სახე.