ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გოგიბერიძის გაკეთებული განცხადება ამ შინაარსის იყო:
“ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ მათ წააგეს არჩევნები. მოგვცენ მუშაობის საშუალება. არაფერს ვამბობთ საკრებულოს დეპუტატებზე, რომლებიც არჩეული არიან და 2014 წლამდე აქვთ უფლებამოსილება, მაგრამ გამგეობის სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში, ასევე ტერიტორიულ ერთეულებში მოკალათებულები არიან “ნაციონალები“, რომლებმაც საზოგადოებას თავი “ქართული ოცნების” დევნითა და შევიწროვებით დაამახსოვრეს. მოვუწოდებთ და გარკვეულ დროსაც მივცემთ საამისოდ, თუ ნებაყოფლობით არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე, შემდეგ უკვე სხვა ზომებს მივმართავთ” _ განაცხადა მან.
აღნიშნული ფაქტის შესახებ “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მანანა კობახიძე.
“ეს ადამიანი შეიძლება არის კოალიციის წევრი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავის შინაარსის განცხადების გაკეთების ინიციატივა ნამდვილად არ მოდის ცენტრიდან, არც ჩვენი პარტიიდან და დარწმუნებული ვარ, არც ფორუმიდან, მით უმეტეს არ ყოფილა შეთანხმებული არავისთან.
თუ ვინმეს რამის გადაწყვეტა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობების დატოვების იძულება ყოვლად დაუშვებელია. თუ ვინმე არღვევს კანონს და არ ასრულებს უფლებამოსილებას სამსახურში, უნდა იმოქმედოს შესაბამისად, კანონმა.
თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ასრულება თავის მოვალეობას და გულში “ნაცმოძრაობას” უჭერს მხარს, ან თუნდაც აშკარად გამოხატავს ამ მხარდაჭერას, ამის გამო მისი სამსახურიდან გაშვება ყოვლად დაუშვებელია. როცა ადამიანი კვალიფიციურია, პროფესიონალი და საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს, იქ სხვა გარემოებები აღარ უნდა არსებობდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა” _ განაცხადა კობახიძემ.