დავით დარჩიას ოზურგეთის საზოგადოება საპარლამენტო არჩვენებამდე არც კი იცნობდა. ის არჩევნების წინ გამოჩნდა. ამბობდნენ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, რომელმაც მას ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბის წარმართვა დაავალა, ფინანსები ანდო და ჩააბარა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბის თავმჯდომარე კოტე შარაშენიძე კი ბიძინა ივანიშვილის ძმის ადიკო ივანიშვილის ფავორიტი კადრია. როგორც ჩანს, სწორედ ამითაა განპირობებული მისი და გამგებლის ახლო ურთიერთობა. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე სწორედ დავით დარჩია და კოტე შარაშენიძეა დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ დავით დარჩიას არჩევნების შემდეგ გურიის გუბერნატორობაზე გაუჩნდა ამბიცია. ის “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მას არავისზე ნაკლები საქმეები არ უკეთებია ოზურგეთისთვის (?!)
არჩევნების შემდეგ, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსად ირაკლი ალასანიას მეგობარი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი თბილისელი ზაზა პეტრიაშვილი დაინიშნა.
პეტრიაშვილის დანიშვნამ ოზურგეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, _ ზოგს მიაჩნდა, რომ პოლიციის შეფი პოლიტიკური სიტუაციის დასარეგულირებლად იყო ჩამოსული, თუმცა ჯერ ღიად ამაზე არავინ საუბრობდა. ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მასთან ძალიან ხშირად დადიოდნენ დავით დარჩია და კოტე შარაშენიძე, რომლებიც “გურია ნიუსთან” ამბობდნენ, რომ მათი ხშირი სტუმრობა პოლიციის უფროსთან, მხოლოდ გაცნობის მიზნით ხდებოდა და არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე არ საუბრობდნენ.
თუმცა, მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით დარჩიამ და კოტე შარაშენიძემ ზაზა პეტრიაშვილს, ოზურგეთის პოლიციის უფროსის პოსტზე, ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელის ეროდი გორდელაძის დანიშვნა მოთხოვეს. თუმცა გორდელაძის კანდიდტურა დღემდე “დაბლოკილია”. როგორც აღმოჩნდა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ზაზა პეტრიაშვილმა დავით დარჩიას მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
_ ალბათ, სწორედ ამისთვის აზღვევინა პეტრიაშვილს “ქართული ოცნების” ოზურგეთის ლიდერმა და პრემიერ- მინისტრ ივანიშვილთან, სავარაუდოდ,იგი ცრუ ინფორმაციით დააბეზღა. ნაკლებად დამაჯერებელია ასეთი დაუფიქრებლობა პეტრიაშვილის მხრიდან, რადგან ოზურგეთში ყველამ კარგად იცის, ვინ არის დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილისთვის, _ ამბობენ ოზურგეთში.
ამბობენ იმასაც, რომ დავით დარჩია არც ისეთი ორგანიზატორული ნიჭით და განსაკუთრებული ნიშან-თვისებით გამოირჩევა, რომ ვინმეს მისი გადაბირება ეცადა.
პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გაკეთებული განცხადება, მართლაც საკანდალი აღმოჩნდა ოზურგეთელებისთვის.
“… კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როგორ სწრაფად გებულობენ ინფორმაციებს და როგორ სწრაფად გადის ეს გარეთ. აი, ოზურგეთში, მაგალითად, როდესაც ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და მეუბნება, რომ იქაური პოლიციის უფროსი მივიდა მასთან და ეუბნება, რაღა გინდა ამ პარტიაში, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი ალასანია იქნება პრეზიდენტი და ჯობია, იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა აქო. აი, ეს ელემენტარული უყურადღებობა იყო ირაკლის მხრიდან, რაც სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში…”, – განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
დღეს საზოგადოება უკვე აქტიურად სვამს კითხვას, ნეტა, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც დავით დარჩია ივანიშვილთან დაასმენს? უკვე ნათლად ჩანს, რომ პრემიერ- მინისტრს რაიონებშიც ჰყავს ამბის მიმტანები, თუმცა, ვინ როგორ და რა ფორმით ასმენს და რამდენად სწორია ეს ამბები, ესეც გასარკვევია და გადასამოწმებელი.
ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მოგვეპოვებინა კომენტარი იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დავით დარჩია არ დაგვეთანხმა. „გურია ნიუსი“ მასთან სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა მისმა მეუღლემ განგვიცხადა, რომ ის წევს, ცუდადაა, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ჟურნალისტებთან შეხვედრას ვერ შეძლებდა.
ამის შემდეგ, ვცადეთ, სხვა ნომერზე დავკავშირებოდით, რომელზეც მისმა მეგობარმა, ყოფილმა პროკურორმა ია დოლიძემ გვიპასუხა. იძულებული გავხდით ის კითხვები, რომელიც დარჩიასთვის უნდა დაგვესვა, გაგვეცნო მისთვის და ვუთხარით, კითხვებს უპასუხოდ გამოვაქვეყნებდით. ბატონმა ია დოლიძემ მოგვისმინა და გვითხრა, რომ ამ კითხვების შინარსს აუცილებლად გადასცემდა ბატონ დავით დარჩიას, რომელიც, თურმე, ცოტა ხნის წინ სიცხიანი, ახლა უკვე სახლში აღარ იყო, თუმცა ტელეფონი შინ დარჩენოდა!(?)
“გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ზაზა პეტრიაშვილი, რომელმაც სატელეფონო შეტყობინებით გვამცნო, რომ ვერ გვიპასუხებდა, თუმცა რა მიზეზით, ეს ჩვენთვის უცნობია.
“გურია ნიუსი” ორი დღის განმავლობაში ცდილობდა შსს პრესსამსახურთან, კერძოდ, ნინო გიორგობიანთან დაკავშირებას, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ იძულებული გავხდით, ტექსტური შეტყობინებებით დაგვესვა კითხვები. ის მხოლოდ ერთხელ შეგვეხმიანა_ რა საკითხზე გსურს ჩემთან დაკავშირებაო?
_ქალბატონო ნინო, რა მოტივით და რის საფუძველზე გაათავისუფლეს გურიის სამხარეო მთავარი სამმრთველოს უფროსი ზაზა პეტრიაშვილი (როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ის გაათავისუფლეს ავტ.)?
_ გაირკვა თუ არა იმ პოლიციის უფროსის ვინაობა, ვინც პრემიერ -მინისტრმა პარტიულ საქმიანობაში ჩარევისთვის დაადანაშაულა?
ამ კითხვების დასმა გვინდოდა ქალბატონი გიორგობიანისთვის და ასევე იმის შეხსენება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულობას ჩვენს საქმიანობაში. და დავსძენთ იმასაც, რომ, ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად პრესსამსახურს ორი დღეა არ უნდა ჭირდებოდეს.