ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერის შესახებ, ჩვენ არაერთხელ ვწერდით.
„დაგავიწყდათ სუფსის კალაპოტი და აქაური მაოხრებლები? პირდაპირ ხიდს მოადგნენ. როცა აქედან სამი კილომეტრის დაშორებით მუშაობდნენ და აქციებს ვმართავდით, გვეუბნებოდნენ, რომ 200 მეტრითაც რომ ჩამოვყვეთ თავქვე კალაპოტს, საციხოდ იქნება ჩვენი საქმეო…ახლა სად ხართ? არასამთავრობოები სად არიან? ჟურნალისტებს მაინც არ დაგავიწყდეთ. ხიდს მოადგნენ პირდაპირ ეს მაოხრებლები, მართლა არ ჰყავს ქვეყანას პატრონი? მაშინ რასაც ვაპროტესტებდით, ის იავნანა იყო…“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
ადგილზე როცა მივედით, მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა. კარიერი სუფსის ხიდთან თავხედურად და საგანგაშოდ არის მოახლოებული. აქ, როგორც გვითხრეს, კვლავ კომპანია „ქიუემსი“ და ასევე ერთ-ერთი თურქული კომპანია მუშაობს.
მდინარის ხეობაში შემავალ გზაზე, ტვირთმზიდების ქარავანს ბოლო არ უჩანს. კარიერზე მომუშავე ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც „ბლოკნოტში“ გამალებით წერდა, ვკითხეთ, რას აკვირდებოდა.
_მე გამტარი ვარ. ვინიშნავ, რამდენი რეისი წავა…
_დათვლა არ გიჭირთ?
_უჰ, არა, რაც არ უნდა ბევრი იყოს..
_აწონვა თუ ხდება? ვხედავთ, ძლივს ეტევა ხრეში ტრაილერზე.
_როგორ არა, ზემოთაა სასწორი.
_და ეს მანქანები რომ ქვევით მიდიან? რახანია ვაკვირდები..
_ზემოთ ზოგი წავა, დააკვირდი, მერე მობრუნდება და წავა ქვევით.
_ზოგი რომ პირდაპირ ქვევით მიდის?
_ რომელიც პირდაპირ გადის კარიერიდან, იმას ადგილზე რომ მივა, იქ აწონიან, დახვდება მწონავი და სასწორი…(??)
ჩვენ მდინარის კალაპოტის სიღრმეში შევედით, იქ, სადაც ასაწონი სისტემაა მოწყობილი. მასზე რომელზეც ტვირთმზიდი გადაივლის და აწონვის მომენტში შეჩერდება. თუმცა, შორიახლო დაკვირვებით, დავაფიქსირეთ ფაქტი, როცა ზემოდან მომავალმა ტრაილერის მძღოლმა გვერდი აუარა სასწორს და მშვიდად გაუყვა გზას.
როგორც მწონავმა გვითხრა, ეს ტრაილები სხვა, ზემოთ მდებარე კარიერიდან მოდის და „სხვაგან“, სადაც მივა, იქ აწონიან…
როცა „ზემოურებსაც“ მივმართეთ, ( კომპანია „სამი ძმა“), მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ კონტურებში მუშაობენ და არაფერს აშავებენ.
_ისევ ქვევით წადით და იმათ დაკვირდით, თამარ მეფის საფლავამდე რომ გათხარეს, ლამის, ყველაფერი… ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. მდინარის კალაპოტი აქეთ შემოგვაქვს, რომ გაღმა ნაპირზე მდებარე ყანები არ დაზიანდეს, (??) _გვითხრეს აქ.
ვრცლად სუფსის კალაპოტში არსებული მდგომარეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.
მარინე ჩიხლაძე