ერთ-ერთმა პატიმარმა ციხის უფროსს ყური მოაჭამა.
“გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტის შესახებ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს. “ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე მაქვს გაგებული, მაგრამ რამდენად რეალურია, ამის გადამოწმების საშუალება არ მომეცა. სამწუხაროდ, დღემდე ახალმა ადმინისტრაციამ არ მოგვცა უფლება, შევიდეთ ციხეებში და ჩავატაროთ მონიტორინგი. ყველანაირ ინფორმაციას მოკლებული ვარ. გვითხრეს, საშვები იანვრის ბოლოს იქნებაო, მაგრამ, დღემდე არ არის… “
სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში წყვეტის გამო, კომენტარი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ვთხოვეთ.
“მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ვინმემ შეწყვიტა მონიტორინგი. სექტემბერში შექმნილ ჯგუფს ვადა ამოეწურა, თუმცა ერთი თვით ადრე, მეც ვფიქრობდი, რომ ამ ჯგუფს მოქმედების ვადა 31 იანვრამდე უნდა ჰქონოდა. როდესაც ამ საკითხზე შეხვედრა იყო, ტუღუში დაგვპირდა, რომ ბრძანების მოქმედების ვადა იქნებოდა 31 იანვრამდე. ეს რა თქმა უნდა ცალკე საკითხია… მაგრამ ზოგადად, პრობლემები არსებობს. არავის არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ ხელისუფლების შეცვლის მეორე დღეს, აღარ მოხდებოდა დარღვევები. მაგრამ ვფიქრობ განსხვავება არის, თუნდაც მასშტაბებში. თქვენ ვერ დამისახელებთ პატიმართა წამებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფისთვის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. წამების შემთხვევები კი, რეალურად აღარ არსებობს. ყველა ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის წევრები სწავლობენ _ 1 იანვრიდან მარტო ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ, ჩვენ ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვამოწმებთ. თუმცა, იყო არა ერთი ჭორი, ერთი თვის წინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ვენები გადაიჭრა. ფაქტი სწორი იყო, მაგრამ არა იმ დაწესებულებაში, რომელიც გვითხრეს, არამედ სხვაგან.
ჩემი აზრით, პოლიციელთა მხრიდან, შესაძლოა, იგივე დარღვევებს აქვს ადგილი, მაგრამ ამის მასშტაბები მცირეა. ამჟამად, სულ რამდენიმე ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც ჩვენი შესწავლის ობიექტია. სანამ არ იქნება ამომწურავი ინფორმაცია, საბოლოო დასკვნის გაკეთება ნაადრევია. დარღვევის ფაქტები, რომელსაც დღეს აქვს ადგილი, უბრალოდ, გამიჭირდება შევადარო იმ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თუნდაც გასული წლის ოქტომბრამდე, არჩევნებამდე.
ზოგადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატიმროებში შეცვლილია პოლიტიკა და დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. იქ თუ რამე დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი, საზოგადოებას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული პრობლემები, არის დარღვევის ფაქტები, მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაც ხდებოდა, იგივე ხდება”.