“მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა.
ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.
ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ და იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მხოლოდ მონოლოგები და დეკლარაციები ტელეეკრანებიდან და გადავიდეთ კონკრეტულად საქმის განხილვაზე, ვიწვევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის გასამართად ჩემთან და ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსესუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.
ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.
ჩვენი, როგორც არჩეული ლიდერების, ისტორიული პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.
ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში.” _ აცხადებს სააკაშვილი.