იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ მოქმედ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნა ნაადრევია, რადგან საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებისა და ცალკეულ მოსამართლეთა მიმართ დიდი უკმაყოფილება არსებობს.
“ეს არის სრულიად ობიექტური კრიტიკა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. დაუშვებელია ყველა იმ მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა,რომელმაც ძალიან ხშირ შემთხვევაში არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ადამიანებისთვის რეზერვირება ადგილების რათა სამუდამოდ გამწესდნენ მოსამართლეებად, ჩემი აზრით, არასწორია. იუსტიციის სამინისტრო მუშაობას ასრულებს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის თაობაზე და მინიმუმ იქამდე, სანამ კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ვინმეს გამწესება უვადოდ, ძალზე ნაადრევია.”
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნას ხარვეზების დამდგენი კომისია ხელს ვერ შეუშლის, რადგან შედეგის მიუხედავად, ის არცერთი მოსამართლის გაშვებას არ აპირებს.
“მოველოდი, რომ ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრება იქნებოდა, რადგან ზოგს ჰგონია, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს ყველანაირ იმუნიტეტს, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულისგან იმუნიტეტს. ეს მათი არასწორი წარმოდგენის შედეგია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მათ ავუსხნით რას ნიშნავს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, ეს ნიშნავს უფრო მეტ სტაბილურობას, მე ვიტყოდი 100 პროცენტიან სტაბილუბას სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში და მეორეს მხრივ, თუკი რაიმე ხარვეზები იქნება მათ საქმიანობაში, მოსამართლე ერთის მხრივ დისციპლინური წესით დაისჯება. ხოლო თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ოღონდ აქ მიაქციეთ ყურადღება, დანაშაული არა გადაწყვეტილების მიღებით, რაც ნონსენსია, რადგან ვიღაცას მოსწონს გადაწყვეტილება , ვიღაცას არა, ამის გამო მოსამართლე არ დაისჯება. მოსამართლე მხოლოდ მაშინ დაისჯება, თუ ქურდობა ან რაღაც დანაშაული ჩაიდინა. მას აქ ვერანაირი იმუნიტეტი და უვადოდ დანიშვნა ვერ უშველის.” _ განაცხადა კუბლაშვილმა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რა შედეგი ექნება ხარვეზების დამდგენი კომისიის დასკვნას მოსამართლის სამომავლო კარიერაზე, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ არანაირი.
“ხარვეზების დამდგენი კომისიის შედეგები არ იქნება იმ კუთხით, რომ რომელიმე მოსამართლეს გავათავისუფლებთ. შეგიძლიათ, ზუსტად ასე დაწეროთ. ეს არის გამორიცხული ჩვენი მხრიდან. ამ კომისიის შედეგი ვერ მოიტანს მოსამართლის გათავისუფლებას. ერთადერთი, რასაც ეს კომისია მოიტანს არის ის, რომ მოხდება საქმის ხელახალი განხილვა და გადაწყვეტილებაში ან შევა ცვლილება ან _ არა. თავად მოსამართლეს არაფერი ემუქრება ამ კუთხით.” – აცხადებს კუბლაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნამდე უნდა გაანალიზდეს სისტემური პრობლემები, რაც წლების განმავლობაშ დაგროვდა სასამართლოში.
“ამ გაანალიზების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს თუ არა მათი გადანიშვნა. არავისთვის უცხო არ არის, რომ სერიოზული პრობლემები დაგროვდა და თუ სასამართლო სისტემამ მთლიანობაში ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაშინ სად არის გარანტია, რომ მოსამართლეები იქნებიან დამოუკიდებელნი ახალი ხელისფლების პირობებში, თუნდაც უვადოდ დანიშვნის შემდეგ?”_ აცხადებს კოჟორიძე.