“რუსეთის სამხედრო დანაშაულზე კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს”. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შემთხვევა, როდესაც რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა, რუსულმა მედიამ გააშუქა, თუმცა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა.
მისი თქმით, საომარი დანაშაულები პროპაგანდის მიერ დაფარვის გარეშე შეუძლებელია
„არცერთი სიტყვა არ უთქვამთ სიმართლე, რუსებს მოატყუეს, რომ საავადმყოფოში პაციენტები არ იყვნენ, ხოლო სამშობიაროში ქალები და ბავშვები არ ყოფილან. რუსებს მოატყუეს, თითქოს იქ „ნაციონალისტები“ იყვნენ ბაზირებულნი. ისინი თავდაჯერებულად იტყუებოდნენ, როგორც ყოველთვის. ომის დანაშაულების ჩადენა შეუძლებელია პროპაგანდისტების გარეშე. მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა: თქვენ ისევე მოგიწევთ პასუხისგება, როგორც მათ, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებებს გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტებისა და მათი თანამოაზრეების ყველა ქონებას და ყველაფერს გავაკეთებთ მათი კონფისკაციისთვის. თქვენ გიყვართ მდიდრული ცხოვრება, გიყვართ აყვავებული ქვეყნები. ეს აღარ გექნება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ დაისჯებით ომის დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემხვერპლა, 17 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ “დიდი ხანია მარიუპოლის სამშობიარო ექსტრემისტების ბაზაა, უცხოური მედია მანიპულირებს”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადამოწმებული ცნობით, რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, სულ მცირე, 18 საავადმყოფო გახდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.