(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტის მიზანი იყო, ფერმერებისათვის ადგილებზე მიეწოდებინათ ამომწურავი ინფორმაცია სიმინდის პროგრამის შესახებ. ამავდროულად, ადგილზევე გაფორმებულიყო ხელშეკრულებებიც.
18 მარტის მდგომარეობით, ხელშეკრულება გააფორმა 21 ადამიანმა 742 ჰექტარ ფართობზე.
თენგიზ მითაიშვილმა ხელშეკრულება 65 ჰექტარზე გააფორმა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობას ნამდვილად სჭირდება განახლება: _ სიახლეები სოფლის მეურნეობაში ჩემი ინტერესების სფეროა. პროგრამის შესახებ მედიიდან გახდა ჩემთვის ცნობილი. გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია _ ეს იყო ჩემი სურვილი.
სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენლის, ლაშა მამაცაშვილის თქმით, ისინი უკვე იყვნენ კახეთში და რამდენიმე დღეში სამეგრელოში გადავლენ:
_ ჩვენი მიზანი ერთია, ფერმერებს გავუადვილოთ სრული ინფორმაციის მიღება პროგრამის შესახებ და ამავდროულად, მოვემსახუროთ სრული სერვისით. აქვე არიან ბანკების წარმომადგენლებიცა და სადაზღვევო კომპანიებიც, რომ ფერმერებს არ მოუწიოთ წვალება და აქეთ-იქით სიარული. ყველა რეგიონში არიან დაინტერესებული პირები, ფორმდება ხელშეკრულებები, თუმცა, გამორჩეულია ყვარელი. გურიაში მხოლოდ ლანჩხუთში ჩამოვედით, აქ შევხვდებით როგორც ადგილობრივ ფერმერებს, ასევე ჩოხატაურისა და ოზურგეთის წარმომადგენლებს. გურიაშიც დიდია დაინტერესება.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ამერიკული სიმინდის დათესვას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ და არ ახერხებს _ ნაწილს ქართული აჯამეთის თეთრი სიმინდი ურჩევნია ჰიბრიდულს, რომ ჩალაც გამოიყენოს და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს, თანაც, საგაისოდ თესლიც ჰქონდეს!