ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ კითხვა შეაგება: რას უჩივის მამეშვილი? მექვაბიშვილმა ერთმანეთის პატივისცემა და ჯანმრთელობაზეც პატივისცემა მოითხოვა. შემდეგ კი, საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი გააცნო.
განსაკუთრებული მღელვარება მესამე საკითხის განხილვამ გამოიწვია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების საინფორმაციო-ანალიტიკური და მეთოდური დახმარების ცენტრის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „გომისმთის“ მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამტკიცების თაობაზე.“
აღნიშნულ საკითხზე დეპუტატმა ლევან ნინიძემ ისაუბრა, რასაც სერიოზული პოლემიკა მოჰყვა. ტრიბუნასთან მდგომ ლევან ნინიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ მიაძახა: “ლევან, შენ ისე იცი ახლა მაგი, რაფერც მე ჩინური და დაანებე თავი მაგ ლაპარაკს”…
ამ რეპლიკის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატმა დავით მდინარაძემ სასწრაფოდ ითხოვა სიტყვა და ცოტა არ იყოს, აღელვებულმა თქვა: “ხალხო, ზრდილობა ოჯახში და საბავშვო ბაღში მაინც არ გვისწავლია? ეს სირცხვილია, სხვები გვიყურებენ. გამოხატეთ თქვენი აზრი, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა საჭირო. შენობით მე არ ველაპარაკები ასეთ დროს ადამიანებს“.
ზრდილობის თემაზე ექიმ მდინარაძის “რეცეპტმა” ცოტა ხანს კი იქონია გავლენა, შემდეგ კი ხმამაღალი საუბარი, აქა-იქ უხეში ჩანართებით, კვლავ გაგრძელდა.
იურისტმა თამაზ ტრაპაიძემ განმარტა, თავის დროზე აიპი ორგანიზაციების შექმნის და შემდეგ მათი არსებობის აუცილებლობის შესახებ.
_მე განვმარტავ, რომ თუკი საუბარია იმაზე, რომ ლიკვიდაციას არ იწყებ დღეს, მაშინ დღის წესრიგში უნდა ეწეროს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. რაც შეეხება აიპი ორგანიზაციებს, თავის დროზე სახელმწიფომ უარი თქვა სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებაზე, თუმცა ეს სჭირდებოდა მუნიციპალიტეტს. ამიტომ სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რათა დაერეგისტრირებინათ ა.ი. პ. -იები. სხვა საქმეა ის აიპი-ები, რომელთა არსებობა ეჭვს იწვევს. ასეთ შემთხვევაში, წლის ბოლოს, უნდა მომხდარიყო გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში კი _ მათი ლიკვიდაცია, _ თქვა ტრაპაიძემ.
დიმიტრი კვერღელიძემ, ამ მიმართულებით დახარჯულ ნახევარ მილიონს, წყალში გადაყრილი ფული უწოდა, რაზეც არ დაეთანხმა მექვაბიშვილი, _ შეიძლება, ყველაფერი არ იყო ზუსტად გათვლილი და თავის დროზე ვერ გავაკეთეთ კარგი ანალიზი, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა, _ თქვა მან.
დღის წესრიგის მეცხრე საკითხი ერთადერთი იყო, რის დამტკიცებაზეც ლელა ნაცვალაძემ ხელი ასწია. ამ ფაქტმა სხდომა მხიარულ ნოტაზე დაასრულა.