მონსტერა ტროპიკული ტყეების ბინადარია. საქართველოში შემოტანილია რამდენიმე სახეობა: მხოხავი, დაჭრილფოთლოვანი, მახვილფოთლოვანი, სწორმდგომი და ჯუჯა ჯიშები.
მონსტერას გამოაქვს საჰაერო ფესვები, რომლითაც სუნთქავს და ითვისებს ჟანგბადს. მრავლდება თესლით და კალმით. თესლით _ ძირითადად მის სამშობლოში (ამერიკა), ხოლო ჩვენთან _ დაკალმებით.
საჰაერო ფესვების მოცლა დაუშვებელია, უნდა ვეცადოთ, რომ მათი ბოლოები მიწაში მოვათავსოთ.
მონსტერა სითბოს მოყვარულია, მაგრამ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას ვერ უძლებს, ამიტომ უნდა მოათავსოთ ნახევრად განათებულ ადგილზე. მონსტერა ზრდას აგრძელებს, როცა ტემპერატურა 16 გრადუსზე ზემოთაა, სასურველია, ტემპერატურა 12-10 გრადუსზე ქვემოთ არ დაეცეს.
საჭიროა ვაკონტროლოთ წყლის ბალანსი _ ზამთარში, როცა აცივდება, რწყვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოვაშროთ. დათბობისას, როცა მცენარე აქტიურდება, უნდა დავიწყოთ მორწყვა ისე, რომ ნიადაგი არ უნდა გამოშრეს. თუ მცენარის ფოთლის წვერზე გამოჩნდა წვეთები, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა ნიადაგში მაღალია და შევწყვიტოთ მორწყვა ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობამდე.
მონსტერას უყვარს ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა. ტენიანობის დაცემისას, ფოთლები იწყებს კიდეებიდან ხმობას. ეს უფრო ხშირად ემართება ზამთარში, თბილ ოთახში მდგარ მცენარეს. ამიტომ, ფოთლები პერიოდულად უნდა დავნამოთ თბილი წყლით.
თუ ფოთლები მთლიანად ყვითლდება ან ლპება, ეს არასრულფასოვანი კვების ბრალია, ხოლო ფესვის ყელთან ლპობა, უმეტესად, ზამთრის პირობებში ხდება, ეს გამოწვეულია ზედმეტი რწყვით.