ფიქრობენ, რომ ბოლოკის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა. ძველ საბერძნეთში იგი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ მას ოქროს სინით მიართმევდნენ დელფოსის ტაძარში, ხოლო წმინდა ოქროსგან ჩამოსხმულ ბოლოკის ფიგურებს, უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად, ღმერთ აპოლონს უძღვნიდნენ.
ბოლოკი ორწლოვანი ძირხვენა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი _ მტევანი, ნაყოფი _ უხსნადი ჭოტი, დამტვერვა _ ჯვარედინი. ძირხვენა მსხვილია, იწონის 200 გრამიდან 4 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო-მოგრძო-კონუსისებრი; კანი _ თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან წითელი. ბოლოკი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.
ძველ დროში გამორჩეულად მიაჩნდათ ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი ეგვიპტური ბოლოკი. ამ მცენარის გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ამონ-რას ტაძრის კედლებზე. ნათესების გასანოყიერებლად ეგვიპტელები იყენებდნენ ბუნებრივ აზოტოვან სასუქს, რომელიც ჩამოჰგავდა ამიაკის სილიტრას. სწორედ ამიტომ, ამ ბოლოკის გემო და არომატიც განსაკუთრებული იყო. ბოლოკს უმატებდნენ საკვებში ცნობილი ხეოფსის პირამიდის მშენებლებს.
წარსულში ცნობილი ექიმი დიოსკორიდი ადამიანებს ბოლოკის მიღებას სამკურნალო დანიშნულებით ურჩევდა: საჭმლის მონელების გაძლიერების, მხედველობის გაუმჯობესებისა და ხველის შემსუბუქების მიზნით. პლინიუს უფროსს (ანტიკური საბუნებისმეტყველო ცოდნის ენციკლოპედიის ავტორი, შექმნა “ბუნების ისტორია” 37 წიგნად) კი მიაჩნდა, რომ ბოლოკი შლის ქვებს თირკმელებში, აჩერებს სისხლნარევ ხველას. ძველი იუდეველები ბოლოკს გამოიყენებდნენ იმ მწარე ბალახეულთან ერთად, რომელსაც ჭამდნენ წინასააღდგომო დღეებში. (ბოლოკში აღმოჩენილია ნივთიერება რაფანოლი, რომლის “დამსახურებაცაა” მისი ცხარე გემო). ბოლოკი ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაში. დღეისთვის მცენარის ჩინური ჯიში “სინლიმეი” (წითელი გული) საოცარ ნუგბარად ითვლება. ყურადღება მიიქცია იაპონურმა ჯიშმა “დაიკონმაც”, რომლის ბოლქვის წონა 16 კილოგრამამდე აღწევს.
მოსახლეობაში ბოლოკს “მოსანანიებელ ბოსტნეულსაც” უწოდებდნენ, რადგან ის იყო ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შვიდკვირიანი მარხვის დღეებში გამოიყენებდნენ. თუმცა, ბოლოკი ამშვენებდა სადღესასწაულო სუფრასაც. ეს ბოსტნეული კარგად ინახება და მისი მოხმარება მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია.
ბოლოკი უხვად შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, უჯრედისს, ჩ ვიტამინს და ფერმენტებს, ასევე ცხიმებსა და ნაცარს. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლების აქტიური ცვლის პროცესითაა განპირობებული ბოლოკის წვენის შაქრისდამწევი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულირებას სისხლში და აწესრიგებს ცხიმების წვას; აღვიძებს მადას და აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. ბოლოკის წვენი აქტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სწორედ ამის გამო, მისი მიღება არაა სასურველი იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესები, კუჭის წყლული. აგრეთვე გულის დაავადებები: მანკი, სტენოკარდია, ინფარქტი, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია და სხვა.
ბოლოკის წვენს ან გახეხილ ბოლოკს გამოიყენებენ საფენების სახით სახსრების ტკივილის, მარილების დაგროვების, რადიკულიტის დროს და ჭრილობის შესახორცებლად. ამ უკანასკნელ დანიშნულებას უზრუნველყოფს ძირხვენის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები და ლიზოციმი _ ფერმენტი, რომელსაც ძალუძს, აქტიურად დაშალოს და გააქროს ზოგიერთი მიკროორგანიზმი.
ბოლოკი აქტიურად გამოიყენება წყალმანკისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ; კარგი საშუალებაა ბრონქების კატარული ანთებისას, ყივანახველისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. თაფლში შერეული ბოლოკის წვენი ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად ხველის, სისხლღებინების, გაძლიერებული მენსტრუაციისას. ბოლოკს გამოიყენებენ მეძუძური დედების რაციონში ლაქტაციის მოსამატებლად.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაში ბოლოკის სისტემური გამოყენება შესაძლებელს ხდის აქტიურად და ხარისხიანად შეივსოს ორგანიზმის მარაგი მინერალური მარილებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ერთდროულად მიიღწევა შესამჩნევი შაქარდამწევი ეფექტი ინსულინის მაღალი შემცველობის წყალობით.
თვის ბოლოკიც დიდი ხანია ყველასთვის ნაცნობია _ იგი ბოლოკის ნათესავია. მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, ხოლო ევროპაში იგი მოგზაურმა მარკო პოლომ შეიტანა. იტალიელმა სელექციონერებმა მაშინვე ღირსეულად შეაფასეს ბოლოკი და დაიწყეს ახალი ჯიშების გამოყვანა სხვადასხვა შეფერილობით. ბოსტნეული, როგორც დელიკატესი სწრაფად გავრცელდა საფრანგეთში. თვის ბოლოკი მყარად დამკვიდრდა გერმანიის, ჰოლანდიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კულინარიაში.
რუსეთში თვის ბოლოკი პეტრე I-ის ბრძანებით შეიტანეს. თავად იმპერატორი ამ ბოსტნეულით ჰოლანდიასა და ინგლისში ყოფნისას დაინტერესდა. მისი განკარგულებით თვის ბოლოკი საზაფხულო ბაღის მახლობლად გაშენებულ ბოსტნებში მიჰყავდათ და მეფის ოჯახის ყოველდღიურ რაციონში რთავდნენ. პეტრე I-ის სიკვდილის შემდეგ, თვის ბოლოკის მოყვანა თითქმის შეწყდა და მხოლოდ საუკუნის შემდეგ, რუსი სელექციონერების _ ლავშინისა და გრაჩევის აქტიურობის წყალობით განახლდა.
თავისი კვებითი და სამკურნალო თვისებებით თვის ბოლოკი ძალიან ჰგავს ბოლოკს. ისიც მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედესით, ვიტამინებით; კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით.
თვის ბოლოკის წვენი ააქტიურებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც განსაკუთრებით ნაჩვენებია პოდაგრისის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის თანმხლები სიმსუქნის დროს. თვის ბოლოკის ფოთლებისა და ძირხვენის წვენი სტაფილოს წვენთან შერეული (1:2) აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ტონუსს, აწესრიგებს ნაწლავის ფუნქციას.
თუ სოფელში ცხოვრობთ, ბოსტანში ბოლოკის მოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს; თუ მრავალსართულიანი სახლის ბინადარი ხართ, გამოსავალი აქაც შეიძლება მოიძებნოს: მოაწყვეთ აივანზე ყუთებში ან ფანჯრის რაფებზე ქოთნებში იმპროვიზებული “ბოსტანი.” მოყვარულებს უდიდესი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი ხელით მოვლილი ბოსტნეული, თანაც ძალიან სასარგებლო. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვის ბოლოკი ძალიან სწრაფად იძლევა მოსავალს, თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქორფა ბოსტნეულით.
გთავაზობთ ბოლოკითა და თვის ბოლოკით მომზადებული რამდენიმე კერძის რეცეპტს:
ბოლოკი და სტაფილო ნაღებით
ბოლოკი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაფრქვიეთ მარილი, მოასხით ნაღები, კარგად აურიეთ. მორთეთ სტაფილოსა და ბოლოკის “ყვავილებით”, გააფორმეთ მწვანილით.
ბოლოკის სალათი პომიდვრით
გახეხილი ბოლოკი კარგად გაწურეთ. წვენი გადაღვარეთ. დარჩენილ მასას მოაფრქვიეთ მარილი, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მწვანე ხახვი, მოასხით ნაღები, ფრთხილად აურიეთ, მოაყარეთ ხაჭო.
ბოლოკი პომიდვრის “ქოთნებში”
შეარჩიეთ ერთნაირი ზომის საღი პომიდვრები. თავები მოაჭერით და შიგთავსი ამოაცალეთ. მოამზადეთ ფარში: წვრილად დაჭერით პომიდვრის დაწურული რბილობი, შეურიეთ გახეხილი ბოლოკი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი. დაამატეთ ნაღები, შავი წიწაკა, მარილი და აურიეთ. ამ ფარშით ამოავსეთ “ქოთნები”, დაახურეთ მოჭრილი “ქუდები”. ამ კერძთან ერთად კარგი იქნება მიირთვათ ლუდი ან ბურახი.
სალათი “საგაზაფხულო”
აიღეთ 500 გრ. თვის ბოლოკი, 500 გრ. კიტრი, 4 ც. მოხარშული კვერცხი, თითო პატარა კონა მწვანე ხახვი, ცერეცო და ოხრახუში, 300 გრ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები, ნახევარი ლიმონის წვენი, ზღვის მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა.
მომზადება: დაჭერით თვის ბოლოკი, კიტრი და კვერცხი რგოლებად. დაკეპეთ მწვანილი. ნაღები, ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა, მწვანილი აურიეთ, მოასხურეთ სალათს და ისევ ფრთხილად აურიეთ.
ლეილა ნიკოლაიშვილი