რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც ავტორი აღნიშნავდა, რომ ცხვირის წვეთების გამოყენებისას სერიოზული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა და ამის გამო ჯანმრთელობის კიდევ სხვადასხვა პრობლემა შეექმნა. პოსტს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა და სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მათაც იგივე პრობლემა გაუჩნდათ. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, აღნიშნულ საკითხზე დაკავშირებით სპეციალისტთან ერთად გვესაუბრა. ადამიანები ხშირად, სხვადასხვა ვირუსული ინფექციისა და თუ პრობლემის ფონზე, როდესაც ცხვირით სუნთქვა უჭირთ, ცხვირის წვეთებს იყენებენ და ბევრი მათგანი ამას წლების განმავლობაში აკეთებს. რას იწვევს ე.წ ცხვირის წვეთები და რა პერიოდულობით შეიძლება მისი გამოყენება, რა საფრთხეები ახლავს თან აღნიშნულ საშუალებებს და რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ – თემაზე ოტორინოლარინგოლოგი ზაზა ხუციშვილი გვესაუბრება.
– ცხვირის წვეთები ბაზარზე უამრავი ფორმისაა და სხვადასხვა დასახელებით იყიდება. ყველა მათგანში მოქმედი ნივთიერებები თითქმის ერთი და იგივეა, თუმცასხვადასხვა ფირმა საკუთარი დასახელებით უშვებს. ამავდროულად, ადვილად ხელმისაწვდომი და დაბალი ღირებულებისაა. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს საშუალებები საკმაოდ ეფექტურია და ადამიანებიც ხშირად იყენებენ. გარკვეული დროით პრობლემას იგვარებენ, თუმცა შემდეგ ეს ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, რომლისგან გათავისუფლებაც არც ისე მარტივია. აღნიშნულ საშუალებებს შეიძლება ,,ცხვირის ნარკოტიკი“ ვუწოდოთ. ადამიანს, რომელიც მას მოიხმარს, ხშირად ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც უჩნდება და ფიქრობს, რომ ცხვირის წვეთის გარეშე ვეღარ ისუნთქებს. აქ ძირითადად ქსილომეტაზოლინის ჯგუფზეა საუბარი, რომელიც ცხვირის ღრუს ძალიან ეფექტურად ხსნის, თუმცა შესაძლოა, მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
– რა შემთხვევაშია ცხვირის წვეთების გამოყენება გამართლებული?
– ცხვირის წვეთების გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. მაგალითად, როდესაც მწვავე პროცესები მიმდინარეობს, ის გამკლავებაში გვეხმარება. ვირუსული ინფექციების, გაციების, გრიპის დროს, როდესაც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი შუპდება და სუნთქვა გვიჭირს, შესაძლოა, აღნიშნულ საშუალებებს მივმართოთ. ცხვირის წვეთების გამოყენებით სისხლძარღვები ვიწროვდება, ლორწოვანის შეშუპება იხსნება და სუნთქვა უმჯობესდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცხვირში გარკვეული პათოლოგიებია, პოლიპოზური დაავადებები, ქრონიკული რინიტები, ძგიდის გამრუდება აქვს პაციენტს – ასეთშემთხვევებშიც სუნთქვის გასაუმჯობესებლად ცხვირის წვეთებს იყენებენ და მასზე წლობით არიან დამოკიდებულნი.
– რა საფრთხე ახლავს მის გამოყენებას და აზიანებს თუ არა კაპილარებს?
– გვერდითი ეფექტები ნებისმიერ წამალს აქვს. ცხვირის წვეთების გამოყენებასაც მთელი რიგი უარყოფითი შედეგები ახლავს, რაც შეიძლება პაციენტებზე უარყოფითად აისახოს. თუ გვაქვს ჰიპერტონული დაავადება, გლაუკომა, ქალას შიდა წნევა, ისეთი დაავადებები ქალას ღრუში, რომლებიც არ ვიცით, ცხვირის წვეთების შემადგენლობაში შედის ადრენალინიც და შესაძლოა, მთელი რიგი პოლიორგანული დარღვევები გამოიწვიოს. უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება, პროცესი უცაბედად განვითარდეს ისე, რომ ადამიანს წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ანევრიზმა, ან გლაუკომის საწყისი ეტაპი აქვს და აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა, დააჩქაროს პროცესის გამწვავება. გარდა ამისა, სისხლძარღვების პერიოდული შევიწროება–გაფართოების ხარჯზე ლორწოვანის სტრუქტურა ირღვევა. შესაბამისად, ნეკროზული უბნები ჩნდება. ნეკროზული უბნების გამო შესაძლოა, ცხვირიდან სისხლდენები განვითარდეს. მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის კაპილარებს. ცხვირში ძგიდის წინა ნაწილზე კისელბახის ზონაა, სადაც მთელი რიგი კაპილარები იყრის თავს. ისინი ზედაპირულად არიან განლაგებულნი და ძალიან მარტივად ზიანდებიან.
– რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ცხვირის წვეთები, რომ მის მიმართ დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს?
– დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის განმავლობაში იყენებთ. მთავარია, რის გამო დაიწყეთ მიღება. როდესაც მწვავე ვირუსული პერიოდი, სურდო გვაქვს, ეს დაახლოებით 7-10 დღე გრძელდება. დღეში 3-ჯერ სპრეის ან წვეთების სახით მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში, ნორმალური დოზირებაა. თუმცა, აღნიშნულ პრეპარატებს იმდენად დიდი ეფექტი აქვს, რომ მწვავე პერიოდის გადავლის შემდეგ შესაძლოა, ადამიანის მხრიდან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიწვიოს და იფიქროს, რომ მის გარეშე სუნთქვა აღარ შეუძლია.
– რამდენად შეიძლება მსგავსი საშუალებების ბავშვთა ასაკში გამოყენება და ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია?
– მოგეხსენებათ, შემოდგომა–ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ადენოვირუსებია, შესაბამისად ბავშვებიც ხშირად ავადობენ, უჭირთ სუნთქვა, აქვთ მუდმივი ჩამონადენი და ამ შემთხვევაში, ანტიბიოტიკის შემცველ წვეთებთან და ლორწოს გამათხელებელ წვეთებთან კომბინაციაში ბავშვთა ასაკში ცხვირის წვეთებსაც ვნიშნავთ და შესაძლოა, ეს კურსი 2 კვირის მანძილზეც კი გავახანგრძლივოთ. დღეს იმდენად მარტივია პრეპარატებსა და მათ შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, ბევრი მშობელი თვითმკურნალობასაც მიმართავს და დოზირებაც მარტივად შეუძლიათ გაარკვიონ. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემა დიაგნოზის დასმაშია. სურდო შესაძლოა, სულ სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს, რომლებსაც განსხვავებული და სპეციფიკური მკურნალობა სჭირდებათ. ამიტომ, სპეციალისტის ჩართულობა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მნიშვნელოვანია.
– როცა ადამიანი მიხვდება, რომ სპეციალური წვეთების გარეშე ვეღარ სუნთქავს, როგორ შეიძლება ამ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდეს, ან ვის უნდა მიმართოს?
– პირველ რიგში, ასეთი პაციენტი ოტორინოლარინგოლოგთან უნდა მივიდეს, რომელიც ცხვირით სუნთქვის მოშლის მიზეზს განსაზღვრავს. უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანი შეიძლება, კარგად ვერ სუნთქავდეს. შესაბამისი მკურნალობა სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს. როგორც გითხარით, გარდა ვირუსული ინფექციებისა, შესაძლოა, ცხვირის ღრუში მთელი რიგი პათოლოგიები არსებობდეს, რაც სუნთქვას აფერხებს და მას აღმოჩენა და სწორი დახმარება სჭირდება. ასეთი პაციენტების დაახლოებით 60%-ს ქირურგიული ჩარევა სჭირდება და მას შემდეგ, რაც კონკრეტული პრობლემა მოგვარდება, ცხვირით თავისუფლად სუნთქვას შეძლებენ. თუმცა, ძალიან ბევრ ადამიანს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უჩნდება და საკმაოდ რთულად დასაძლევი პრობლემაა. ისეთ გარემოში კი, სადაც ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, ამას თან ერთვის ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება, ალერგია, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ბევრ პაციენტს აწუხებს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში, მიზეზი უნდა დადგინდეს და სპეციალისტი შემდეგ გადაწყვეტს, რა მიდგომა გამოიყენოს.
– რა საშუალებებს შეიძლება მიმართონ ადამიანებმა სახლის პირობებში, როდესაც ცხვირით სუნთქვა უჭირთ და სპეციალური წვეთების გამოყენება არ სურთ?
– პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური ასეთ დროს სითბური პროცედურები – ინჰალაციებია. ძალიან კარგია პიტნიანი, მენთოლიანი ინჰალაციები, სპეციალური ზეთებიც არსებობს, რომლებსაც საინჰალაციო მასაში ურევენ, პირსახოცს გადაიფარებენ და ანაორთქლი მასით აბსოლუტურად თავისუფლდებიან პრობლემისგან. მაგრამ, ეს გარკვეულ მომზადებას, დროს საჭიროებს, ამიტომ ადამიანები მარტივ გამოსავალს ეძებენ, ყიდულობენ აფთიაქში წვეთებს და იყენებენ.
– ცხვირის წვეთების ნაცვლად, ხშირად ადამიანებს ანტიჰისტამინურ საშუალებებს ურჩევენ, ეს რამდენად ეფექტურია?
– ცხვირის ნებისმიერი წვეთი, რასაკვირველია, ლორწოვან გარსზე გავლენას ახდენს. ანტიალერგიული მკურნალობის დადებითი მხარე ის არის, რომ ის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და ამის ფონზე, ნელ–ნელა პროცესი ცხრება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სპრეის გამოყენება კარგ შედეგს არ იძლევა და კომბინირებული მკურნალობაა აუცილებელი.
– რამდენად ეფექტურია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება?
– ფიზიოლოგიური ხსნარი ჩვენს ორგანულ სითხეებთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. მაგრამ იგი მარილს შეიცავს, რომელიც მეტ–ნაკლებად ლორწოვანის გამოშრობას იწვევს. შესაბამისად, ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის ღრუს გამორეცხვა მის გათავისუფლებაში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ამიტომ, ვცდილობთ, ის უფრო დამატენიანებელი საშუალებებით ჩავანაცვლოთ. მაგალითად, ჩვეულებრივი, გამოხდილი წყლით.
– ყველაზე ხშირად რა იწვევს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, როდის არის ეს სიმპტომები საშიში, რა დროსაც ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს?
– სურდოს ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციები იწვევს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ალერგიული ფონი,ვაზომოტორული რინიტები. ძალიან ბევრ ადამიანს გვყავს სახლში შინაური ცხოველები, ფრინველები, უამრავი ალერგენითაა გაჯერებული საკვები, სარეცხი საშუალებები, საღებავები. თუ ადამიანს უჰაერობა აქვს, ცხვირის ღრუდან ჟანგბადის მიღება და გატარება ვეღარ ხდება, ქოშინი, უძილობა აღენიშნება, ეს უკვე ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია.
წყარო: mshoblebi.ge